კლიჩკო-ჰეი - დიდი ვერაფერი სანახაობა

AutoSharing Option
ასრულდა ძმები კლიჩკოების ოცნება - ყველა პრესტიჟული საკრივო ვერსიის საჩემპიონო ქამარი უკრაინელთა საკუთრება გახდა. საოჯახო კოლექციის შესავსებად მათ WBA-ის ტიტული აკლდათ. ამისთვის შაბათს, გვიან ღამით ვლადიმერ კლიჩკოს ბრიტანელი დევიდ ჰეის დამარცხება სჭირდებოდა.

ბრძოლას ქალაქ ჰამბურგის საფეხბურთო არენა მასპინძლობდა. საკრივო საღამოს გმირები რინგზე მსოფლიო კრივის ლეგენდებმა - ლენოქს ლუისმა და ჯორჯ ფორმენმა გამოიყვანეს. შოუ ოდნავ გაიწელა, რადგან ჰეიმ საკმაო ხანი ალოდინა პუბლიკა, სამაგიეროდ, იმ დროისთვის წვიმა შეწყდა და ყველაფერი მზად იყო ბრძოლის სტარტისთვის.

პირველივე რაუნდიდან კლიჩკომ ჰეის შევიწროება დაიწყო, ბრიტანელი კი
თავის უნარიანი მოძრაობით იცილებდა დარტყმებს და თან მუდმივად ემუქრებოდა მეტოქეს მარჯვენა ხელით. თუმცა ისიც შესამჩნევი იყო, რომ დევიდი ღია ბრძოლაში ჩართვას არ აპირებდა და მთლიანად დაუთმო მოწინააღმდეგეს სივრცე. პირველი წუთნახევარი დაზვერვას მოხმარდა, შემდეგ კი ჰეიმ დახრილი თავით რამდენჯერმე შეტევა სცადა.

მეორე რაუნდის დასაწყისში კლიჩკომ მარჯვნიდან სუსტად მოარტყა ბაგირებთან მიმწყვდეულ ჰეის, შემდეგ კი მიზანს მიაღწია უკრაინელის ორმაგმა დარტყმამ. რაუნდის ბოლოს დევიდმა კარგად მოიგერია მეტოქის დარტყმები. ვლადიმერი ცდილობდა ერთ ადგილზე არ მდგარიყო, ამიტომაც მარჯვენა ხელით თავისი საფირმო ჯები მაინც და მაინც არ გამოსდიოდა.

ჰეისთვის უფრო წარმატებული გამოდგა მესამე რაუნდი. თავდაპირველად ის როგორღაც "მიეპარა" უკრაინელს და მარჯვნიდან ზუსტად მოარტყა, შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდა მისი დარტყმა, თუმცა ბოლოს ბაგირებთან მიიმწყვდიეს და შეტევის გაგრძელება არ გამოუვიდა.

მეოთხე რაუნდში ბრიტანელი აშკარად პასიური იყო და მხოლოდ ფინტები და შესაშური მოქნილობა გვიჩვენა. გარკვეული ხანი ჯებით მუშაობას ცდილობდა, მაგრამ დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, ბოლოსკენ მან სამი მეტ-ნაკლებად ზუსტი შეტევა განახორციელა, თუმცა ყოველ ჯერზე ვლადიმერი დროულად იხევდა უკან.

ასევე პასიურად დაიწყო ჰეიმ მეხუთე სამწუთეული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ბრიტანელი რაუნდის დასაწყისში ცდილობდა უკრაინელის დაღლას და ბოლოსკენ აქტიურობით აპირებდა რაუნდის მოგებას. თუ თავიდან ჰეი კლინჩში მუშაობისას პასიური იყო, ამჯერად მოულოდნელად მჭიდროდ მიეკრო მეტოქეს. ბოლო წუთზე დევიდი ოდნავ შეყოვნდა ერთ ადგილას და საკმაოდ მძლავრი დარტყმა მოხვდა თავში. მოგვიანებით, ბრიტანელმა აკრობატულ ნახტომში სცადა მარჯვენა გრძელი დარტყმით მეტოქის შეწუხება, მაგრამ რინგზე დაეცა. დაახლოებით იგივე მოხდა მომდევნო რაუნდში. ამასობაში, კლიჩკოს ლოყაზე მცირე ჭრილობა გაუჩნდა, თუმცა შესვენებაზე სეკუნდანტებმა სისხლის დენა შეაჩერეს.

ბრძოლის პირველ ნახევარში ჰეი ხშირად აპელირებდა რეფერის მისამართით კლიჩკოს "ჭუჭყიანი" კლინჩების გამო. სინამდვილეში, ის სპეციალურად იხრებოდა უკრაინელის წინ, რათა ეს უკანასკნელი თავზე დასცემოდა მეტოქეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვლადიმერი რამდენჯერე მართლაც უხეშად დაეცა სხეულით ჰეის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბრიატნელის რინგზე დაცემა სიმულაციით იყო გამოწვეული. დევიდისა და მისი გუნდის აქტიური ზეწოლით რეფერიმ ვეღარ მოითმინა და კლიჩკოს გაფრთხილება მისცა.

მერვე რაუნდმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. მეცხრეში ჰეიმ ისევ დახრილი თავით სცადა მეტოქის პროვოცირება, მაგრამ უკრაინელმა მოულოდნელად თავში მარჯვენა ჰუკით უპასუხა ბრიტანელს. მეათე რაუნდში ჰეი თითქმის აღარ უტევდა და მუდმივად რინგზე ეცემოდა. ერთადერთი, რაც მან მოახერხა, კლინჩში შესვლა და კეფაში რამდენიმე დარტყმა იყო.

მე-11 რაუნდში რეფერის მობეზრდა ჰეის გაუთავებელი წაქცევები და, როგორც იქნა, დამსახურებული ნოკდაუნი დაუთვალა მას. დევიდი ხვდებოდა, რომ ქულებით უიმედოდ აგებდა და ბოლო რაუნდში გააქტიურდა. კლიჩკომ გადაწყვიტა რისკი მინიმუმამდე დაეყვანა, ამიტომაც ნახევარი რაუნდი კლინჩში გაატარა. მიუხედავად ამისა, დარტყმების რაოდენობით მან ეს სამი წუთიც მოიგო.

ბრძოლის დასრულების შემდეგ სამივე მსაჯმა ერთხმად დააფიქსირა ქულებით კლიჩკოს დამაჯერებელი გამარჯვება - 118:108, 117:109 და 116:110. ეს იყო აბსოლუტურად დამსახურებული შედეგი, რადგან ჰეის ნოკდაუნის ერთი რეალური ხიფათიც არ შეუმქნია უკრაინელისთვის.

ასე რომ, ძმები კლიჩკოები ოთხი ძირითადი ვერსიით საჩემპიონო ქამრების მფლობელები არიან. ვლადიმერს ეკუთვნის სუპერმძიმე წონაში WBA-ის, WBO-ისა და IBF-ის ტიტულები, ვიტალის - WBC-ის ქამარი. ამით ისინი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს იყოფენ.

* * *
რაც შეეხება ბრძოლის სტატისტიკას, კლიჩკომ 509 დარტყმა შეასრულა, რომელთაგანაც 134 (26 პროცენტი) იყო ზუსტი, ჰეის ანალოგიური მაჩვენებლები გახლდათ - 290 დარტყმა და მხოლოდ 72 ზუსტი (25%).

ძალისმიერი დარტყმების მხრივ უპირატესობა ჰეის ჰქონდა, რომელმაც 119-ჯერ "გაისროლა" და 36-ჯერ ზუსტად, უკრაინელის 133 დარტყმიდან კი მიზანს მხოლოდ 29-მ მიაღწია. ჯებების სტატისტიკა: კლიჩკო 376 დარტყმა (105 ზუსტი), ჰეი - 171 (36).

* * *
"ვგრძნობდი, რომ შემეძლო ვლადიმერის შეტევების კონტროლი, მაგრამ სრულფასოვანი იერიშის საშუალება არ მქონდა, რადგან სამი კვირის წინ მარჯვენა ფეხზე თითი მოვიტეხე. სწორედ ამ მიზეზით შევწყვიტე სპარინგები ვადაზე ადრე.

ვხედავდი ვლადიმერის ყბას და მზად ვიყავი იქ ზუსტად მომერტყა, მაგრამ მკვეთრი მოძრაობა მაკლდა, რადგან თითი მაწუხებდა. მეგონა, რომ ადგილობრივი ანესთეზია დამეხმარებოდა ტკივილის დაძლევაში, მაგრამ არ მიშველა. ვფიქრობდით ბრძოლის გადადებას, მაგრამ გადავწყვიტე, არ დამეღალატებინა ჩემი ფანები, რომელიც გერმანიაში სპეციალურად ამ ბრძოლისთვის ჩამოვიდნენ.

ვლადიმერი დიადი მებრძოლია. ის დღეს მართლაც ძალიან კარგი იყო. კლიჩკო ჩემზე თითქმის 14 კილოგრამით მძიმეა, თუმცა წონაში სხვაობას პრაქტიკულად ვერ ვგრძნობდი. მეჭირა მისი დარტყმები და მათგან ტკივილს ვერ ვგრძნობდი. ჩემი აზრით, დავადასტურე, რომ კარგი მოკრივე ვარ.

ტრავმები მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მაწუხებს. ძალიან ძლიერი ვარ და რომ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კლიჩკოს ბოლოს მოვუღებდი. მაგრამ დღეს არ იყო ჩემი საღამო. ტრავმის გამო სრულფასოვნად ჩხუბი არ შემეძლო. სპეციალურად ხელების ჩამოშვება მიწევდა იმისთვის, რომ მეტოქე ახლოს მოსულიყო, რადგან დისტანციაზე ბრძოლას ვერ ვახერხებდი. მაგრამ ის მიახლოებას თავიდან იცილებდა, გონიერი ბრძოლა ჩაატარა და ქულებით მოიგო", - განაცხადა ჰეიმ.

"ჰეი ძალიან ფრთხილი იყო, ამიტომაც ზუსტი დარტყმების შესრულება გაჭირდა. დაახლოებით ისე მოქმედებდა, როგორც თავის დროზე სულთან იბრაჰიმოვი. ჩხუბი მინდოდა, მაგრამ ვერ ჩავიგდე ხელში. სიამოვნებით ვიზეიმებდი კარიერაში 50-ე ნოკაუტს. სამწუხაროდ, არ გამოვიდა", - მოკლე კომენტარი ჰქონდა კლიჩკოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული