რევანში არ იქნება

AutoSharing Option
ვლადიმერ კლიჩკოსა და დევიდ ჰეის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ ბრიტანელმა მოკრივემ ჟურნალისტებთან საუბარში ირიბად მოითხოვა მატჩ-რევანში.

"მე არ ვიცი, მომცემს თუ არა ის განმეორებითი ბრძოლის საშუალებას, როცა ასი პროცენტით ვიქნები მზად. სიამოვნებით გავიდოდი ხელმეორედ რინგზე ვლადიმერის წინააღმდეგ, თუმცა ეს ჩემი მეტოქის გადასაწყვეტია", - განაცხადა ბრიტანელმა.

"ის ამბობდა, რომ აუცილებლად ნოკაუტით დამამარცხებდა. იქნებ კიდევ ერთხელ სცადოს ამის გაკეთება. თუ მან ვერ შეძლო ამის გაკეთება ჩემი ტრავმის პირობებში, საინტერესოა, რა იქნება, როცა სრულად ჯანმრთელი ვიქნები.

ვფიქრობ, რევანში ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს", - ამბობს
დევიდ ჰეი.

პრესკონფერენციაზე დევიდმა ისევ დაიწუწუნა ტრავმის გამო, რითაც კლიჩკოსგან ერთი პატარა რჩევა მიიღო. როგორც იცით, ბრიტანელმა ბრძოლის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ მას ფეხის თითი ჰქონდა მოტეხილი და ამის გამო ვერ შეძლო უკრაინელისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. ვლადიმერს უყურადღებოდ არ დაუტოვებია დევიდის წუწუნი.

"თითი გაქვს მოტეხილი? დევიდ, ერთ პატარა რჩევას მოგცემ: ახლა, უკვე აღარაფრის მოფიქრება აღარ გჭირდება. არ ღირს ყველასთვის შენი ტრავმის ან სხვა გარემოებათა შესახებ მოყოლა. იმიტომ, რომ ამის შემდეგ ტრავმირებულ ხელმოცარულად მოგიხსენიებენ. ეს კი შენ აშკარად არ მოგეწონება, - აღნიშნა ვლადიმერმა. - შეურიგდი ამას. მეც შემეძლო სხვადასხვა მიზეზთა გამო უარი მეთქვა ამ ბრძოლაზე, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან არასწორი საქციელი იქნებოდა".

"გაქვს ტრავმის სამედიცინო დადასტურება?" - შეეკითხა უკრაინელი. საპასუხოდ დევიდმა მარჯვენა ფეხის თითი აჩვენა, რაზეც ვლადიმერმა უპასუხა: "ფუტკრის ჩვეულებრივ ნაკბენს ჰგავს".

რაც შეეხება მატჩრევანშს, მისი ჩატარება გამორიცხა ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ. სამაგიეროდ, ჰეისთან შეხვედრით დაინტერესებული ყოფილა WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო. 10 სექტემბერს მას ბრძოლა აქვს დანიშნული პოლონელ ტომაშ ადამეკთან, შემდეგ ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში უფროსი კლიჩკო მზად იქნება დევიდთან შესახვედრად. "ვლადიმერთან რევანშის შანსი არ არსებობს, - ამბობს ბენტე. - მისთვის ეს განვლილი ეტაპია და ის წინსვლას გააგრძელებს. ვიტალიმ კი თქვა, რომ დაინტერესებულია ჰეის ნოკაუტში გაგზავნით. ეს ბრძოლა სავსებით რეალურია".

რაც შეეხება ვლადიმერის მომავალ მეტოქეს, ის შეიძლება გაირკვეს ორი ახალგაზრდა ბრიტანელის - 23 წლის ტაისონ ფიურისა და 27 წლის დერეკ ჩისორას ბრძოლაში. ეს შეხვედრა ივლისში იმართება და გამარჯვებულს WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონთან ბრძოლის საშუალება მიეცემა. "ვლადიმერისთვის საინტერესო იქნება ამ მოკრივეებიდან ერთ-ერთთან შეხვედრა", - დაამატა ბენტემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული