ჭაბუკების სამი ვერცხლი

AutoSharing Option
ამას წინათ ანკარაში მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. უფროსებს შესანიშნავად აუბეს მხარი ნორჩმა მოკრივეებმა, რომლებმაც ბალატონის ტბის წარმტაც სანაპიროსთან მდებარე პატარა ქალაქ კესტხეიდან სამი ვერცხლის ჯილდო ჩამოიტანეს.

უნგრულ ბატალიებში (ასპარეზობის AIBA-ს დელეგატი ვლადიმერ ახალკაცი) 34 ქვეყნის 1995-1996 წლებში დაბადებული 241 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის - საქართველოს 9 წარმომადგენელი. ჩვენებურთაგან ალეკო ლურსმანაშვილი (52 კგ) და გიორგი სარქისოვი (63) მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებნენ შეჯიბრებაში. პირველი წრე ორივემ უპრობლემოდ გაიარა - ალეკომ ბულგარელი კატინ ასლანოვი დაამარცხა (11:6), გიორგიმ კი ხორვატ მარიო
მრზოვიჩს სძლია (8:3).

მეოთხედფინალში მედლების მაძიებელთ სამი ქართველი ჩამოშორდა: შალვა ღვალაძემ (80 კგ) 4:6 წააგო ნადირ კოლპასთან (ბოსნია), თორნიკე ჭინჭარაული (54) მეორე რაუნდში დანებდა თურქ ნურედინ ოთანს, ხოლო ირაკლი ქათამაძისა (70) და კამილ ბედნარეკის (პოლონეთი) შეხვედრა ფრედ დამთავრდა - 14:14. სამწუხაროდ, არბიტრებმა უპირატესობა პოლონელს მიანიჭეს და მომდევნო წრეშიც ის გავიდა.

ჩვენი ნაკრების დანარჩენ წევრთა მე-2 წრის ორთაბრძოლები ასე დასრულდა: შოთა ვაჩაძე (46)-რადოსლავ პავლოვი (სერბეთი) 10:2, ალეკო ლურსმანაშვილი (52)-არმანდ იბრაჰიმი (სერბეთი). ქართველმა მოკრივემ ვადამდე გაიმარჯვა, ლევან კაჭარავა (57)-პარტიკ მილევიჩი (პოლონეთი) 15:9, ჯემალ შალამბერიძე (60)-როლანდ სუმბერგი (ესტონეთი) 16:0, გიორგი სარქისოვი (63)-ჯურაჯ ბაბიაკი (სერბეთი) 14:12.

მეოთხედფინალები:
ომერ კოსი (თურქეთი, 46)-შოთა ვაჩაძე 8:7, ნასრადინ მამადოვი (აზერბაიჯანი,52)-ალეკო ლურსმანაშვილი 19:12, ბერნარდ ბარსონი (უნგრეთი, 57)-ლევან კაჭარავა. ჩვენებური მე-3 რაუნდში დამარცხდა, ჯემალ შალამბერიძე (60)-ვლადიმირ პოპოვი (ლიტვა) 12:5, გიორგი სარქისოვი (63)-ალი ხასანოვი (აზერბაიჯანი) 14:8, ვასილ წიწილაშვილი (75)-იოაკიმ სლივა (ნორვეგია) 10:3.

ნახევარფინალები:
ჯემალ შალამბერიძე-იოსიფ პანოვი (ბულგარეთი) 15:9, გიორგი სარქისოვი-კრისტიან სინკო (უნგრეთი) 129, ვასილ წიწილაშვილი-მარტინ კონროი (ისლანდია) 8:5.

ფინალები:
ტამერლან ბატდიევი (რუსეთი)-ჯემალ შალამბერიძე 19:12, ისააკ მკლეოდი (ინგლისი)-გიორგი სარქისოვი 8:5, ადამ ჰამორი (უნგრეთი)-ვასილ წიწილაშვილი 12:10. როგორც AIBA-ს არბიტრმა ზურაბ ტიბუამ გვითხრა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთან ყველაზე ახლოს წიწილაშვილი იყო, მაგრამ უნგრელ ადამს მშობლიურმა კედლებმა და მასპინძლებისადმი მსაჯების სიმპათიებმა უშველა.

არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვეს რუსებმა, რომლებმაც 8 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მომდევნო ადგილებზე არიან: 2. ინგლისი (2,1,0), 3. უნგრეთი (2,0,3), 4. უკრაინა (1,2,3), 5. საქართველო (0,3,0).

წლეულს 23 ივლისიდან ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა AIBA-ს ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული