რევოლუცია მოდის

AutoSharing Option
გაზეთ "ლოს ანჯელეს თაიმსის" ცნობით, უმსხვილესმა ამერიკულმა ნევროლოგიურმა კლინიკამ უპრეცედენეტო მასშტაბის აქცია დაიწყო, რომელიც სპორტულ ორთაბრძოლებში მონაწილე სპორტსმენების ტვინის მდგომარეობის კვლევას შეეხება.

სულ ექსპერიმენტის ორგანიზატორები 500 მოკრივესა და MMA-ის მებრძოლს ჩაუტარებენ გამოკვლევას. მათ რეგულარულად შეამოწმებენ და ტვინის გრძელვადიანი დაზიანების საწყისი სტადიის სიმპტომებს გამოავლენენ, რითაც უფრო ზუსტად გახდება ცნობილი სპორტსმენის ორთაბრძოლებზე დაშვების კრიტერიუმები.

"ჩვენ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ტვინის გრძელვადიანი დაზიანება დასკვნით ეტაპზე, მაგრამ თითქმის არ გვაქვს წარმოდგენა მათი წარმოშობის მიზეზებსა და ტრავმის განვითარების გამოვლინებებზე", - განაცხადა კვლევის კოორდინატორმა მორინ პეკმანმა.
ეს სამუშაო დაფინანსდება 400 ათასი დოლარის ოდენობის გრანტისგან, რომელიც საქველმოქმედო ფონდის Lincy Foundation-ის მიერ არის გამოყოფილი. ამ ფონდის დამაარსებელია სომხური წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი კირკ კერკორიანი.

მოხალისეები წელიწადში ოთხჯერ გაივლიან თავის ტვინის ტომოგრაფიას. შემოწმდება სპორტსმენის ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა და მეტყველების უნარი ტვინის აქტიურობის ცვლასთან ერთად, რაც თავის ტრავმებით იქნება გამოწვეული. "ჩვენი ჩანაფიქრი ასეთია: უნდა მოვნახოთ ცვლილება - ტომოგრამაში, სისხლჩაქცევებში, ტვინის მოცულობაში - ეს საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ ტვინის მიმდინარე დაზიანების ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია მივაწოდოთ მოკრივეს მის შესახებ", - ამბობს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ნევროლოგი ჩარლზ ბერნიკი.

ცნობილი პრომოუტერები ბობ არუმი და რიჩარდ შეფერი, აგრეთვე UFC-ის შეფი ლორენცო ფერტიტა დათანხმდნენ თავიანთი კლიენტების კვლევაში ჩართვას.

"მოკრივის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა შეფერმა. - ვის სურს ჩარეული იყოს იმ საქმეში, რომელშიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ჩვენს ინტერესებშია იმის გაგება, რა უარყოფითი გამოვლინებები აქვს კრივს".

სახელოვანი მწვრთნელი ფრედი როუჩი, რომელიც თავად არის დაავადებული პარკინსონის ავადმყოფობით, რაც საკრივო კარიერითაა გამოწვეული, მიესალმება ამ მასშტაბის კვლევას. თავის ლეგენდარული მწვრთნელის ედი ფატჩის რჩევის მიუხედავად, როუჩმა კარიერის ბოლოს კიდევ ხუთი ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი მოიგო.

"კარგია, თუ ავტორიტეტული სამედიცინო წრეები დაადგენენ მოკრივის ჯანმრთელობის გაუარესებას და დაარწმუნებენ მას კარიერის დასრულებაში, - ამბობს როუჩი. - ეს არის ერთადერთი ხერხი ვაიძულოთ ეს ბიჭები მისდიონ მწვრთნელის რჩევას და თავი შეიკავონ რინგზე გასვლისგან".

თავის მხრივ, სპორტულ ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ გამოკვლევა მოკრივეების ბრძოლებზე დაშვების უფრო მკაფიო კრიტერიუმებს შეიმუშავებს. ნევადას შტატის სპორტული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი კიტ კაიზერიც მონაწილეობს ამ გამოკვლევაში. მისი სიტყვებით, ამიერიდან ტვინის ტრავმის გამოვლინებების შეფასება ძალიან ობიექტური იქნება.

"ჩვენ ვიცით, რომ თავში დარტყმები უკვალოდ არ ქრება. შესაძლოა, საქმე ისე მოეწყოს, რომ მოვახერხოთ ნოკაუტით დამარცხებული მოკრივის კარიერის შეჩერება ერთი თვით, სამი თვით და ცხოვრების ბოლომდე", - განაცხადა კაიზერმა.

მედიცინის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მათ კვლევას შეისწავლიან სპორტული კომისიები და ტვინის ყოველწლიური ტომოგრამა აუცილებელი იქნება საკრივო ლიცენზიის ასაღებად. მაგრამ, ჯერჯერობით გაუგებარია, როგორი რეაგირება ექნება კრივის ან MMA-ის ინდუსტრიას იმაზე, რომ ექიმები რინგზე გასვლას აუკრძალავენ სუპერვარსკვლავებს, რომლებსაც თავიანთი მენეჯერებისთვისა და ტელევიზიებისთვის მილიონობით მოგება მოაქვთ.

"დღეს ჩვენი მიდგომა ასეთია: მოდით შევკრიბოთ მონაცემები, გავარკვიოთ ტენდენიები და მივცეთ დაინტერესებულ პიროვნებებს კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომელიც უსაფრთხოების უმაღლეს სტანდატებზე იქნება დაფუძნებული", - განაცხადა პეკმანმა.

კომპანია Top Rank-ის მატჩმეიკერი ბრიუს ტრემპლერი აღიარებს, რომ პირადად უნახავს რინგზე სიკვდილის ხუთი შემთხვევა და არაერთხელ მოუთხოვია სპორტული კომისიებისთვის არ დაეშვათ ესა თუ ის მოკრივე ბრძოლაში. ბრიუსი დარწმუნებულია, რომ დაგეგმილი კვლევა სპორტის ამ სახეობას დიდ სარგებლობას მოუტანს.

"მოხარული ვარ, რომ იწყებენ ზრუნვას ამ ბიჭების ჯანმრთელობაზე. როგორც ჩანს, თავში დარტყმები ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ჯეიკ ლამოტა 90 წლის ასაკშიც მხნედ გამოიყურება, მაგრამ მასზე ორჯერ ახალგაზრდებს აშკარად ნეგატიური გამოვლინებები აქვს".

ბერნიკი იმაშიც დარწმუნებულია, რომ გამოკვლევა საშუალებას მისცემს გააკეთონ მნიშვნელოვანი დასკვნები ტვინის არეში ტრავმების რეციდივებზე და ეს კვლევა არ დაასამარებს პროფესიულ კრივს: "ამან შეიძლება გაზარდოს სპორტის ხარისხი, რადგან რინგზე მხოლოდ საუკეთესოები მოხვდებიან. ჩვენ ვიცით, რომ ორთაბრძოლა არ ემსახურება ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. და დღეს ვცდილობთ გამოვიყენოთ ხელთ არსებული ყველა ტექნოლოგიური რესურსი იმისთვის, რომ ადამიანებმა ცხოვრების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით არ გაატარონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული