ჩემპიონს დემოკრატია უნდა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WVC-ის ჩემპიონმა უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ შეწყვიტა პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლისთვის მზადება და სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშჩენკოს დაპატიმრება. შეგახსენებთ, რომ უფროსი კლიჩკოსა და ტომაშ ადამეკის შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 10 სექტემბერს გაიმართება.

"გავიგე რაც ხდება უკრაინაში და ამის გამო შევწყვიტე ბრძოლისთვის მზადება. სასწრაფოდ უკრაინაში ვბრუნდები, რადგან კარგად მესმის, რომ ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებებისთვის სწორედ აქ, ჩემს სამშობლოში გაიმართება. ამიტომაც არ მინდა ასეთ სიტუაციაში უბრალოდ დამკვირვებლის როლში ვიყო", - აღნიშნა ვებგვერდ pravda.com.ua-ში საკუთარ
ბლოგზე უკრაინელმა ჩემპიონმა.

"ჩვენთან მართლმსაჯულება არჩევითია, ამიტომაც დაისმის კითხვა: შემდეგი ვინ აღმოჩნდება საპყრობილეში? ნუთუ მთავრობა საკუთარ ხალხთან აპირებს ბრძოლას და ციხეში უნდა ჩასვას ყველა, ვინც ქვეყანაში ასეთი მმართველობის წინააღმდეგ გამოდის?" - დასვა შეკითხვა ვიტალი კლიჩკომ.

მოკრივის აზრით, ასეთი მოვლენების მთავარი გამოვლინება შეიძლება გახდეს უკრაინის საერთაშორის იზოლაცია, რაც საბოლოო წერტილს დაუსვამს უკრაინელთა მისწრაფებას - იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ევროპულ ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას.

"ტიმოშჩენკო ციხეში უკრაინის დამოუკიდებლობის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ჩასვეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიამ 20 წელიც ვერ გაძლო და ის გაანადგურეს. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ დიქტატურისა და ტოტალური კორუპციის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ კი საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ", - ასრულებს მონოლოგს კლიჩკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული