მოკრივეები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 27 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გასტანს მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი. შეჯიბრების მეოთხედფინალისტები ლონდონის 2011 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს დაისაკუთრებენ.

ამ ტურნირისთვის წლის დასაწყისიდან მონდომებით ემზადება საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის - ბარსელონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა წლეულს რამდენიმე ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. მათ შორის - ბულგარელებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან და ყაზახებთან. იქვე საერთაშორისო ტურნირებშიც იასპარეზეს. საიდანაც სხვადასხვა სინჯის 15 მედალი ჩამოიტანეს.

ყველაზე მთავარი მაინც ევროპის ჩემპიონატი
იყო, სადაც ნაკრების 10-მა ქართველმა მოკრივემ მოსინჯა ძალები. მათგან ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილმა (75) და მიხეილ ბახტიძემ (მძიმე წონა) ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ნაკრების დანარჩენმა წევრებმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ანკარიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი კვირა შეისვენეს და რამაზ ფალიანის თავკაცობით სვანეთს ეწვივნენ საერთო ფიზიკური მომზადებისთვის. მერე ფოთში ჰქონდათ ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება. ამ დღეებში კი საჩემპიონატოდ ძირითადი ბირთვის გამოსაკვეთად თბილისში სპარინგშეხვედრები გამართეს.
გვესაუბრება ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი:

- ფოთში 25 სპორტსმენი გვყავდა წაყვანილი. როგორც იქაურმა შეკრებამაც დაგვარწმუნა, აუცილებელი იყო ზოგიერთ წონაში მოკრივეთა გადაადგილება, რადგან ბევრს უჭირს შეჯიბრების წინ წონის დაკლება და რამდენიმე ათლეტის ევროპის ჩემპიონატზე მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ამიტომ კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სამ სპორტსმენს წონის შეცვლის უფლება მივეცით.

- კი მაგრამ, მსოფლიომდე ცოტა დრო დარჩა და შეძლებენ ახალ წონაში ადაპტაციას?
- შეძლებენ. ანკარაში 52 კილოში გამოდიოდა გიორგი კილანავა. იგი გამოცდილი მოკრივეა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა 2 ქულით ფრანგ ელი კონკისთან. საქმე ის არის, რომ კილანავა რამდენიმე თვე პარიზში ვარჯიშობდა პროფესიონალებში, თან 54 კილოში და სპარინგპარტნიორად სწორედ ეს ფრანგი ჰყავდა. იქ იოლად უგებდა. აი, თურქეთში წონადაკლებულმა ქართველმა მოკრივემ, როგორც გითხარით, მასთან წააგო. ამიტომ გიორგის 56 კილოში გამოყვანა უპრიანიც იქნება.

- ამ წონის ფავორიტი ნიკოლოზ იზორია?..
- ევროპის ვერცხლის პრიზიორი, პეკინის ოლიმპიადის მონაწილე იზორია მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა რინგს და, ფაქტობრივად, უწინდელ კონდიციებს მიუახლოვდა. ბაქოს საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში მან თურქ ახმედს მოუგო, ნახევარფინალში რუსთა იმედი ილდარ ვაგანოვი დაამარცხა, ფინალი კი ყაზახეთის პირველ ნომერ განი ჯაიალატოვთან დათმო. და ამ ყველაფერს მან 60 კილოში მიაღწია. ასე რომ, უმტკივნეულოდ მოხდება მისი 56-დან 60 კილოში ანაცვლება.

რაც შეეხება წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ კობა ფხაკაძეს, იგი 64 კილოში იასპარეზებს. ისიც პროფესიონალებში ვარჯიშობდა 6 თვე, თანაც 62 კილოში. ასე რომ, ახალ წონასთან შეგუება არც მას გაუჭირდება. ევროპის ჩემპიონატზე 64 კილოში გამოდიოდა ბაკურ გოგოჭური, რომელმაც ტრავმის გამო აქტიურ სპორტს თავი დაანება და ახლა ნაკრების მწვრთნელებს ბიჭების მომზადებაში გვეხმარება.

- სხვა წონებში რა მდგომარეობაა?
- სპარინგორთაბრძოლებში ყველა ფავორიტმა თავისი ადგილი შეინარჩუნა. ასე რომ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან ზემოთხსენებულ სპორტსმენებთან ერთად ალექსანდრე ჭუბაბრია (49), სევერიან ჭილაძე (52), ზაალ კვაჭატაძე (69 კგ), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), იაგო კიზირია (81), ლევან გულედანი (91), მიხეილ ბახტიძე (+91), ასევე, დათო გოგიშვილი (91), ამბროსი თავაძე (75) და კოტე მამაგეიშვილი (+91).

- თქვენ არაფერი გითქვამთ ევროპის პრიზიორ და პეკინის ოლიმპიადის მონაწილე კახა ჟვანიაზე.
- მართალი გითხრათ, მასზე არაფერი ვიცი. საწყენი კია, რომ ასეთი გამოცდილი მოკრივე, ფაქტობრივად, ჩამოგვცილდა - არც შეკრებებზე გამოცხადდა სვანეთსა და ფოთში, არც სპარინგორთაბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. არადა, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ მითხრა, დამოუკიდებლად მოვემზადებიო სპარინგებისთვის. ასე რომ, 69 კილოში დღეისთვის ზაალ კვაჭატაძეა ლიდერი.

- უახლოეს გეგმებზე რას იტყვით?
- 27 აგვისტოს ყაზახი კოლეგების მიწვევით ალმათიში გავემგზავრებით. იქ კი მასპინძლებთან და ბრაზილიელებთან ერთად წინასაჩემპიონატო საწვრთნელ შეკრებას ჩავატარებთ. სპარინგშეხვედრებიც გვექნება. დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს თბილისში გავივლით. ბაქოში 22 სექტემბერს გავემგზავრებით, 27-ში კი, როგორც გითხარით, შეჯიბრება იწყება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა საქართველოს კრივის ფედერაციას, რომელმაც წლეულს ყოველმხრივ შეგვიწყო ხელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად. დიდი თანადგომა გაგვიწიეს სპორტის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.

ბიჭების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით ფედერაციის გენერალურ მდივან ვლადიმერ ახალკაცს, აიბას საერთაშორისო არბიტრ ზურაბ ტიბუას, ასევე, ტარიელ გოგოჭურსა და ნაკრების მწვრთნელ თემურ ოჩიგავას. საერთო ძალისხმევით, ვეცდებით, ბაქოში ორი-სამი ლიცენზიისთვის ვიბრძოლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული