ქართული ტრიო მეოთხედფინალში

AutoSharing Option
დუბლინში გრძელდება ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობა. მედლებისათვის ბრძოლაში საქართველოს ხუთი წარმომადგენელიც ჩაება.
მათგან სამმა პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა და დღეს ირლანდიურ რინგზე მეოთხედფინალურ პაექრობებს გამართავს. ასპარეზობის სტარტზე ჩვენს გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა ვანეთიკ ერანოსიანმა (52 კგ), რომელმაც რუმინელ დავიდ რიზოიუს აჯობა - 13:9. დღეს იგი ბრიგა ალმოჯის (ისრაელი) მძლეველ (14:11) რომან ფორმანეკს (სლოვაკეთი) დაუპირისპირდება.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მელიქიშვილმა ორი ქულის სხვაობით (15:13) დაამარცხა რიო ხარმატსი (ისრაელი). მეოთხედფინალში მისი მეტოქე იქნება ალექსანდრო კუკიურეანუ (რუმინეთი), რომელმაც ბელგიელი ფრანჩესკო პატერა დაჩაგრა
- 21:6. უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა ალექსანდრე დოკვაძემ (81): ქართველი მოკრივის შეხვედრა ანდრიუს მაჟლეკასთან (ლიტვა) ფრედ - 8:8 დამთავრდა.

არბიტრებმა უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭეს და მომდევნო ეტაპზეც ის გავიდა, სადაც მასპინძელ გარი სუინისთან გაარკვევს ურთიერთობას. ირლანდიელმა გუშინ უკრაინელ ბოგდა კრიჟნის იოლად მოუგო - 16:7.

სამწუხაროდ, კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოსცილდნენ ალეკო ჭადაშვილი (56) და ნიკოლოზ სეხნიაშვილი (75), რომლებმაც პირველივე ორთაბრძოლები დათმეს, შესაბამისად, მარკ მკოენთან (შოტლანდია, 11:20) და მაგომედ მადიევთან (რუსეთი, 7:14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული