სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო: ბავშვობისას 3 წელიწადი "ავაზასა" და "ოლიმპში" ვარჯიშობდა. ახალ გუნდში გადასვლას აპირებდა, მამამ კრივზე სიარული რომ შესთავაზა. 10 წლის ყმაწვილს ტყავის ხელთათმანები სულაც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ მამას ვერ უთხრა უარი. ფიზული ალექპეროვთან ვარჯიში სამიოდე კვირის დაწყებული ჰქონდა, სოფელ ნორიოში თანატოლთა შორის ლუხუმ თოთიაურის ტურნირი რომ მოიგო.
- კრივზე კი დავდიოდი, მაგრამ გული
დღე დღეს მისდევდა და შეჯიბრება-შეჯიბრებას. ახალგაზრდა მოკრივე ნელ-ნელა იმყარებდა პოზიციებს. ჯერ თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა თანატოლებში, მერე ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, 2006 წელს კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ზედიზედ სძლია ტაილანდელ, კორეელ და ამერიკელ მეტოქეებს, ფინალური ორთაბრძოლა კი რუს ალექსანდრ ვოლკოვთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
- უფროსებში საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი მარცხიანი გამოდგა, - მითხრა ზაალმა. - 2009 წელს ლიტვაში პირველივე შეხვედრა ბელარუს სპორტსმენთან წავაგე. მახსოვს, კობა ფხაკაძემ და კახა ჟვანიამ შემაგულიანეს - გული არ გაიტეხოო. მაშინ ორივემ ლიტვის ტურნირი მოიგო.
- სამაგიეროდ, წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა შენთვის შედეგიანი.
- დიახ. სახელოვანი სპორტსმენისა და გამოცდილი მწვრთნელის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით იანვრიდან ოთხი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გავიარე სომხეთში, აზერბაიჯანში, ბულგარეთსა და ყაზახეთში. სამ საერთაშორისო ტურნირზეც გამოვედი. სოფიასა და ალმათიში მესამე ადგილები დავიკავე. ბულგარეთში ნახევარფინალური ორთაბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონ ანდრეი ზამკავოისთან წავაგე.
იგი დღესაც რუსეთის ნაკრების პირველი ნომერია 69 კილოში. ყაზახეთის ტურნირის ნახევარფინალში კი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მასპინძელს სერიკ საპიევს უნდა შევხვედროდი, მაგრამ მის თანამემამულესთან მეოთხედფინალში ხელი ვიღრძე და რინგზე ვერ გავედი.
მთავარი მაინც თურქული ბატალიები იყო. ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე პირველად მოვსინჯე ძალები. ბელგიელ მოჰამედ სდერის ნოკაუტით მოვუგე. მერე უკრაინელ დენის ლაზარევს დავუპირისპირდი. სამრაუნდიანი პაექრობა ფრედ - 24:24 დამთავრდა, მაგრამ მსაჯებმა უპირატესობა მე მომცეს, რადგან მეტოქე ბოლო წუთზე ორჯერ გავგზავნე ნოკდაუნში.
ყველაზე ძნელი ბრძოლა ირლანდიელ ოლიმპიურ პრიზიორ უილიამ მაკლოჰინთან მქონდა. მართალია, 28:21 ვძლიე, მაგრამ ძალიან დავიღალე. ნახევარფინალში ბრიტანელმა ფრედ ევანსმა, რომელიც მერე ჩემპიონი გახდა, სამი ქულით მაჯობა. ეტყობა. ირლანდიელთან ორთაბრძოლის შემდეგ ძალების ბოლომდე აღდგენა ვერ მოვასწარი, თორემ ევანსი სულაც არ ჩანდა გადაულახავი ზღუდე. ტრაბახად თუ არ ჩამეთვლება, ოქროს მოპოვების შანსი გავუშვი ხელიდან.
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 69 კილოში მყარად მოიკიდე ფეხი ეროვნულ ნაკრებში. არადა, ამ წონაში ევროპის პრიზიორი და პეკინის ოლიმპიადის მონაწილე კახა ჟვანია იყო ფავორიტი...
- ჭაბუკობისას კახას პაექრობებს აღფრთოვანებული ვუყურებდი, მომწონდა მისი ბრძოლის მანერა. არაერთხელ მომისმენია მისი რჩევები. ასაკში განსხვავების მიუხედავად, რამდენიმე წელიწადია, ვმეგობრობთ. თურქეთში ბრინჯაოს მედალი რომ მოვიპოვე, ერთ-ერთი პირველი მან მომილოცა პრიზიორობა უკრაინიდან. კარგა ხანია, იქ არის ცოლოურს. ერთი თვის წინათ ქალიშვილი შეეძინა. შარშანწინ მილანის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის მიღების შემდეგ კახა შეჯიბრებებზე, ფაქტობრივად, არ გვინახავს. კარგი იქნებოდა, ნაკრებში ერთად ვყოფილიყავით. იგი ყველას სტიმულს გვაძლევდა ყოველთვის. იმედია, კახა ჟვანია ასე იოლად არ შეელევა დიდ რინგს.
- უახლოეს მიზნებზე რას იტყვი?
- წლეულს სექტემბერში ბაქო მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემი უპირველესი მიზანია, რვა საუკეთესოში მოვხვდე, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური მოვიპოვო. მერე მედლებისკენაც ვეცდები გზის გაკაფვას. ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკმა ოლიმპიადის კონტურები დამანახვა. აზერბაჯანის დედაქალაქში ძლიერი მეტოქეები მეყოლება. 69 კილოში ფავორიტები არიან საპიევი და ზამკავოი. მილანში რუსმა ქულით აჯობა ყაზახს ფინალურში. საპიევს აქამდე ორჯერ შევხვედრივარ. სამწუხაროდ, უარყოფითი ბალანსი მაქვს.
ახლა ალმათიში მივემგზავრებით ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც ჩვენთან ერთად იქნებიან მასპინძლები და ბრაზილიელები. საპიევთან სპარინგობა მომიწევს. დავაკვირდები მისი ჩხუბის მანერას, თუმცა ამჟამად ისეთ კარგ სპორტულ ფორმაშია, მსოფლიოს ჩემპიონატზე, არა მგონია, მისი ძლევა ვინმემ შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, იმედს არ ვკარგავ.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ ფალიანს, მწვრთნელ თემურ ოჩიგავას, კრივის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკურ დელეგატ ვლადიმერ ახალკაცს, აიბას არბიტრ ზურაბ ტიბუას, ნაკრების წევრებს, რომელთა დახმარებამ და მხარდაჭერამ ევროპულ კვარცხლბეკზე ამიყვანა. ვეცდები, გულშემატკივართა იმედები მომავალშიც გავამართლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"