მოსაწყენი სანახაობა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციას (WBA) ახალი ჩემპიონი ჰყავს. ამ ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ცოტა ხნის წინ უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ მოიპოვა, როცა საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელი დევიდ ჰეი. ამის შემდეგ WBA-ის ხელმძღვანელობამ კლიჩკო "სუპერჩემპიონად" აღიარა და ტიტული ვაკანტურად გამოაცხადა.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საჩემპიონო ქამრისთვის რუსი ალექსანდრ პოვეტკინი და უზბეკი რუსლან ჩაგაევი იჩხუბებდნენ, რომლებიც WBA-ის რეიტინგში პირველ-მეორე ადგილებს იკავებდნენ.

ბრძოლა გასულ უქმეებზე გერმანიის ქალაქ ერფურტში გაიმართა. ეს იყო ყოვლად მოსაწყენი და საშინელი სანახაობა. რუსი მოკრივე მთელი ბრძოლის განმავლობაში აგროვებდა ქულებს
დარტყმებით, რომელსაც არანაირი ზიანი არ მოჰქონდა პოვეტკინისთვის. ჩაგაევმა კი მხოლოდ მეექვსე რაუნდში იაქტიურა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. სამივე მსაჯმა უპირატესობა პოვეტკინს მიანიჭა - 116:112, 117:113, 117:113.

ახლა პოვეტკინს სრული უფლება აქვს ბრძოლაში გამოიწვიოს ვლადიმერ კლიჩკო, თუმცა რთული სათქმელია, დათანხმდება თუ არა რუსი ამ შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ყოველთვის გაურბოდა უკრაინელთან ჩხუბს. სხვათა შორის პოვეტკინთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა ლეგენდარულმა ევანდერ ჰოლიფილდმა, რომელსაც აკვიატებული იდეა აქვს - მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაასრულოს კარიერა. ასე რომ, ამერიკელს ახლა რეალური შანსი გაუჩნდა, რადგან 48 წლის ასაკშიც შეიძლება მოუგოს იმ პოვეტკინს, რომელიც ერფურტი რინგზე ვიხილეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული