პოვეტკინი-ჰოლიფილდი დაინიშნა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა ევანდერ ჰოლიფილდმა განაცხადა, რომ მისი ბრძოლა რუს ალექსანდრ პოვეტკინთან, სავარაუდოდ, ამა წლის 17 დეკემბერს გაიმართება, - წერს ინტერნეტ-გამოცემა Fightnews.com. მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონის თქმით, ის მიმდინარე კვირას განიხილავს ამ საკითხს პრომოუტერ კალე ზაუუერლანდთან, რომელიც პოვეტკინის ინტერესებს წარმოადგენს.

პოპულარულ ვებგვერდზე BoxRec.com-ზე უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრძოლა: პოვეტკინი-ჰოლიფილდი 17 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე პოვეტკინმა უზბეკი რუსლან ჩაგაევი დაამარცხა და სუპერმძიმე წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თავად ზაუერლანდმა განაცხადა, რომ ჰოლიფილდი -
ერთადერთი კანდიდატი არ არის პოვეტკინთან ჩხუბზე. "გერმანულმა პრესამ დაწერა, რომ ბრძოლა პოვეტკინსა და ჰოლიფილდს შორის ნამდვილად გაიმართება. მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ მოწინააღმდეგესთან. ვფიქრობ, საბოლოოდ ამ საკითხში სიცხადეს უახლოეს 10-14 დღეში შევიტანთ.

რაც შეეხება ჰოლიფილდის ვარიანტს, ევანდერის სასარგებლოდ არ ლაპარაკობს მისი ასაკი", - ამბობს გერმანელი პრომოუტერი.

პოვეტკინი WBA-ის "ჩვეულებრივი" ჩემპიონია, ვლადიმერ კლიჩკო კი ამ ვერსიის "სუპერჩემპიონი" გახლავთ, ასე რომ, დღის წესრიგში დგება ამ მოკრივეთა შეხვედრაც. ცნობილი გახდა, რომ WBA-ის ხელმძღვანელობამ უკრაინელ ჩემპიონს 2013 წლის გაზაფხულამდე დაავალდებულა რუსთან შეხვედრა, თუ, რა თქმა უნდა, პოვეტკინი მანამდე შეინარჩუნებს რამდენიმე დღის წინ მოპოვებულ ტიტულს.

"მანამდე ამ ბრძოლის ორგანიზება შეუძლებელი იქნება, - ამბობს ზაუერლანდი. - პოვეტკინსა და ვლადიმერს თავიანთი საჩემპიონო ტიტულების დაცვა უწევთ. შემდეგ დაიწყება სერიოზული მუშაობა შეხვედრის ადგილის ამოსარჩევად. არის რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მოსკოვი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსი ორგანიზატორების ფინანსურ შემოთავაზებაზე".

ჰოლიფილდს დავუბრუნდეთ. ამერიკელმა მოკრივემ, რომელსაც 19 ოქტომბერს 49 წელს უსრულდება, ასევე განაცხადა, რომ 22 ოქტომბერს მან, შესაძლოა, ფრანსუა ბოთასთან გამართოს ბრძოლა. ეს მოკრივეები 2010 წლის აპრილში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჰოლიფილდმა მერვე რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

* * *

ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ოსკარ დე ლა ჰოია კვლავაც ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას ებრძვის და რეგულარულად სტუმრობს შესაბამის სარეაბილიტაციო ცენტრს. ბოლო ინტერვიუში ამერიკელმა მოკრივემ აღიარა, რომ ბოლო წლებში არაერთხელ მოსვლია თავში თვითმკვლელობის იდეა. აღვნიშნავთ, რომ ბოლო სამი თვეა დე ლა ჰოია ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს.

"ბოლო რამდენიმე წელია უბრალოდ ვფიქრობდი - არის თუ არა დარჩენილი ჩემს ცხოვრებაში რაიმე ღირებული. მართალია, არც ძალა და არც სითამამე არ მაქვს იმისთვის, რომ თავი მოვიკლა, მაგრამ ასეთი ფიქრი არაერთხელ დამეუფლა.

კოკაინთან და ალკოჰოლთან ვმეგობრობდი. კოკაინი სულ ახლახანს მოვიშორე. თუმცა ბოლო ორი წელია, უფრო მეტად ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული. მას იქ მივყავდი, სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი", - ამბობს დიადი ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული