მენის გუბერნატორობა ურჩევნია

AutoSharing Option
ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, თანამედროვე პროფესიული კრივის მთავარმა ვარსკვლავმა მენი პაკიაომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2013 წელს ფილიპინებში სარანგანის პროვინციის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამიტომაც პოლიტიკაში მოღვაწეობისა და კრივის შეთავსება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ეს დღეს ხდება.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის პაკიაო ამ პროვინციიდან არის არჩეული კონგრესმენად და ეს სამუშაო მას ბევრ დროს არ ართმევს.

"დღეს ყველაფერი კარგად არის, რადგან კონგრესში მუშაობა არც ისე რთულია, - ამბობს პაკიაო. - მაგრამ, თუ მომავალში აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოვხვდი, მაშინ გამიჭირდება მოკრივის კარიერის
გაგრძელება, რადგან გუბრენატორის პოსტზე პრაქტიკულად 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი მექნება.

დიდი დროის გატარება მომიწევს ოფისში. სავარაუდოდ, 2013 წელს გუბერნატორის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და ეს შეაფერხებს ჩემს სპორტულ კარიერას".

პაკიაო ამჟამად ნიუ იორკში იმყოფებდა, სადაც ხუან მანუელ მარკესთან 12 ნოემბერისთვის დანიშნული მატჩის რეკლამირებით არის დაკავებული. გუშინდელ პრესკონფერენციაზე ფილიპინელმა კომენტარი გაუკეთა ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის პერსპექტივას. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ორჯერ ჩატარდა მოლაპარაკება და ორივე უშედეგოდ დასრულდა. პაკიაოს გუნდი უარს ამბობდა მეივეზერის შეთავაზებაზე - ოლიმპიური სისტემით გაევლოთ დოპინგ-ტესტი.

პრესკონფერენციის დროს პაკიაომ პირადად განაცხადა, რომ ახლა ეს საკითხი მოგვარებულია და დოპინგ-ტესტი არ იქნება ამ ბრძოლის გამართვის შემაფერხებელი ფაქტორი.

მეივეზერი სულ მალე ჩაატარებს თავის მორიგ ბრძოლას - ის 17 სექტემბერს ეჩხუბება ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს ვიქტორ ორტისს. პაკიაო კი, როგორც გითხარით, 12 ნოემბერს კარიერაში მესამედ შეხვდება მარკესს.

"მეივეზერთან ჩხუბის შანსი არსებობს, - განაცხადა პაკიაომ. - მან აირჩია მეტოქე, რომელიც ცაციაა. როგორც მე მეჩვენება, ის მომავალ წელს ჩემთან ბრძოლისთვის ემზადება. რაც შეეხება დოპინგ-ტესტს, ამ მხრივ პრობლემა აღარ არსებობს. ეს საკითხი მოგვარებულია. ერთადერთი, რაზეც უნდა მოვილაპარაკოთ - ბრძოლიდან შემოსული მოგების გადანაწილებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული