ვროცლავში გამართული ჩხუბის დროს მასპინძელმა მოკრივემ ვერაფერი დაუპირისპირა ორმეტრიან ჩემპიონს. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, ვიტალი ბოლომდე არ იხარჯებოდა და არ ცდილობდა ადრეულ რაუნდებში ბრძოლის დასრულებას, არადა, ამის ყველანაირი შანსი ჰქონდა.
პირველივე რაუნდებიდან ცხადი გახდა, რომ 12 კილოგრამით მჩატე პოლონელს სისწრაფეში არანაირი უპირატესობა არ ჰქონია, არადა, ექსპერტები ადამეკს ძმები კლიჩკოებისთვის დარჩენილ ერთადერთ რეალურ საფრთხეს უწოდებდნენ.
ბრძოლა ტრადიციული დაზვერვით დაიწყო,
ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ტომაშმა აქცენტი კორპუსში მუშაობაზე გააკეთა. მაგრამ ყველა მისი მცდელობა უკრაინელი მოკრივის საფირმო ჯებით სრულდებოდა. ამ ტიპის დარტყმა ახლო ბრძოლაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა მასპინძელს.
ადამეკის რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ ვიტალის ჯერი დადგა - ამჯერად პოლონელი ნოკდაუნს მარცხენა მოკლე დარტყმის შემდეგ გადაურჩა. ამას მოყვა მარჯვენა კროსი და ადამეკი წაქცევისგან ბაგირებმა იხსნა.
შემდეგ რაუნდებში ბრძოლის ხასიათში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა - ვიტალი აგრძელებდა დომინირებას და ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ არ შეიმჩნეოდა ტომაშის მთავარი უპირატესობა - სისწრაფე. კლიჩკო მუდმივად კონტრშეტევებზე გადადიოდა და ყოველთვის ასწრებდა პოლონელ მოკრივეს.
მეექვსე რაუნდში მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა - ადამეკი ნოკდაუნში ჩავარდა. ამის მიზეზი მარჯვნიდან კროსი გახდა.
უკვე ცხადი იყო, რომ ამ ბრძოლაში ადამეკს ვეღარაფერი უშველიდა. თუმცა მერვე რაუნდში მოხდა ინციდენტი, რომელმაც წამით პანიკაში ჩააგდო უკრაინელი მძიმეწონოსნის გულშემატკივრები - ვიტალი რინგზე დაეცა. მაგრამ ამაში ადამეკის დამსახურება არ ყოფილა - კლიჩკო თავად დაეცა, რადგან ფეხი გადაუბრუნდა.
მაშინვე ყველას გაახსენდა ჩემპიონის წინა ტრავმები და გაჩნდა შიში, რომ უკრაინელი ბრძოლას ვერ გააგრძელებდა.
მაგრამ ვიტალი მეცხრე რაუნდზე გავიდა და გაბრაზებულმა ტომაშს ორმაგი ენერგიით შეუტია. ზედიზედ ორი რაუნდი შეტევების შემდეგ, მეათე რაუნდის დასრულებიდან 40 წამით ადრე რეფერი ადამეკის ჯანმრთელობას გაუფრთხილდა და ბრძოლა შეაჩერა.
ასე დაიცვა ზედიზედ მეექვსედ ტიტული უკრაინელმა მოკრივემ, თანაც ეს იყო მის კარიერაში საიუბილეო - მე-40 ნოკაუტი.
შემდეგი დევიდ ჰეი?
ამ ბრძოლის წინ WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ გადაიფიქრა კარიერის დასრულება და იმედი აქვს, რომ დიდი რინგიდან წასვლამდე ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრის საშუალება მიეცემა.
ადამეკის ძლევის შემდეგ ჰეისთან შეხვედრის სურვილი უკრაინელმა ჩემპიონმაც გამოთქვა. ვიტალიმ განაცხადა, რომ სურს ჰეი ნოკაუტით დაამარცხოს, თანაც ამას დევიდის სამშობლოში - ბრიტანეთში გააკეთებს.
"დევიდ ჰეი საკრივო სამყაროში არა თავისი საბრძოლო თვისებებით, არამედ, "გრძელი ენით" არის ცნობილი, - განაცხადა უფროსმა კლიჩკომ. - მე მზად ვარ მას ბრიტანეთში შევხვდე. დიდი სურვილი მაქვს ჰეის სუფთა ნოკაუტით მოვუგო და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"