კრივის სამყარო ორად გაიყო

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხარე კამათი გამოიწვია ფლოიდ მეივეზერის საქციელმა ვიქტორ ორტისთან ბრძოლის მსვლელობისას - მან მეტოქეს მაშინ მოუქნია ხელი, როცა ის დაუცველი იყო.

ზოგიერთნი, მაგალითად, მენი პაკიაო და მისი მწვრთნელი ფრედი როუჩი მიიჩნევენ, რომ ფლოიდი უმსგავსოდ და მზაკვრულად მოიქცა, სხვები, მათ შორის რიკარდო მაიორგა და პოლ მალინიაჯი ამბობენ, რომ მეივეზერის ადგილას ზუსტად იგივეს გააკეთებდნენ.

XXI საუკუნეში რთულია ისეთი ბრძოლების გახსენება, რომელსაც ასეთი დიდი აჟიოტაჟი გამოეწვიოს, ვიდრე ეს დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერისა და ვიქტორ ორტისის შეხვედრის შემდეგ მოხდა. რა თქმა უნდა, აქ
არ ყოფილა ყურის მოჭმა ან რაიმე სხვა კოშმარული სცენა, მაგრამ ამერიკელთა ბრძოლამ ისეთი მღელვარება გამოიწვია, რომელიც კიდევ დიდი ხანი არ ჩაცხრება.

როგორც უკვე ვწერდით, მეოთხე რაუნდში მეივეზერმა ორტისისთვის თავით ნიკაპის არეში აკრძალული დარტყმის გამო შურისძიება გადაწყვიტა. ფლოიდმა მომაკვდინებელი ორმაგი დარტყმა მაშინ შეასრულა, როცა ორტისი მეტოქისთვის ბოდიშის მოხდას ცდილობდა და ხელები დაშვებული ჰქონდა, ანუ აბსოლუტურად დაუცველი იყო.

უფრო მეტიც, ფლოიდის მრისხანება საკუთარ თავზე იწვნია კრივის ჟურნალისტების გურუმ ლარი მარჩანტმა. საბედნიეროდ, მხოლოდ სიტყვებით. "კრივში არაფერი გესმის, დროა სამსახურიდან დაგითხოვონ", - პირში მიახალა ჩემპიონმა 80 წლის რეპორტიორს.

საჩემპიონო ბრძოლის ასეთი სკანდალური დასასრულის შემდეგ კრივის სამყარო მეივეზერის დამცველებად და მოწინააღმდეგეებად დაიყო.

ამ უკანასკნელთა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მენი პაკიაო. "სპორტული თვალსაზრისით, ფლოიდი მუხანათურად მოიქცა", - მიიჩნევს ფილიპინელი. მაგრამ ამასთან, მენის მეივეზერის მოქმედებაში რაიმე უკანონობა არ შეუმჩნევია.

პაკიაო, როგორც ყოველთვის, სიტყვაძუნწი იყო - როგორც ჩანს, ის შეურაცხმყოფელი ფრაზები, რომელიც მეივეზერის მხრიდან მისი მისამართით ისმის, სულაც არ აღელვებს ფილიპინელ მოკრივეს. სხვათა შორის მეივეზერს მენის "კეთილი სიტყვებით" მოხსენიება არც ორტისთან ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე დავიწყებია: "ამ ბიჭს ჩხუბი არ უნდა, ერთადერთი, რასაც აკეთებს, ჩემს მიერ მონელებულ მოკრივეებს ხვდება - რიკი ჰატონს, ოსკარ დე ჰოიას, შეინ მოზლის..."

პაკიაოს მწვრთნელი ფრედი როუჩი თავის შეგირდს დაეთანხმა. მისი აზრით, ორტისის ნოკაუტში რეფერი ჯო კორტესიცაა დამნაშავე.

"მე არ გამიგია ბრძოლის განახლების ნიშანი. ვფიქრობ, კორტესმა დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე", - მიაჩნია მწვრთნელს. თუმცა თავად კორტესი ამბობს, რომ მან მისცა მოკრივეებს ბრძოლის განახლების ნიშანი. "უბრალოდ, ორტისმა გადაწყვიტა ბოდიში მოეხადა და მეივეზერმა ამით ისარგებლა, - ახსნა სიტუაცია რეფერიმ. - ნოკაუტი წესების სრული დაცვით ჩაითვალა.

არსად არ წერია, რომ იქამდე, სანამ ჩხუბს გააგრძელებენ, მოკრივეები ერთმანეთს უნდა გადაეხვიონ და ბოდიშები იხადონ".

მეივეზერის ღირსების ერთ-ერთი მთავარი დამცველი აღმოჩნდა მისი ბიძა, წარსულში ცნობილი მოკრივე როჯერ მეივეზერი, რომელმაც გვარიანად გამოლანძღა ძმიშვილის მეტოქე. "თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორედ ასე დასრულდებოდა. ამ motherf**ker ორტისს ჩხუბი არ უნდოდა!"

ვიქტორს ახალი ჩემპიონის მამისგან - ფლოიდ მეივეზერ-უფროსისგანაც "მოხვდა". "პატარა ფლოიდმა სწორედ ის გააკეთა, რაც ასეთ სიტუაციაში მოკრივეს მოეთხოვება. თუ მსაჯი აბობს, რომ უნდა იჩხუბოთ, მაშინ სწორედ ასე უნდა მოიქცეთ. ორტისმა კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდა", - განაცხადა მან Fighthype.com-ზე და თან უწმაწური სიტყვებიც მრავლად იხმარა.

"ამ ბრძოლაში ორტისის მხრიდან თავით სამი დარტყმა დავთვალე, - ეს უკვე ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის პოლ მალინიაჯის სიტყვებია. - ასეთ შემთხვევაში ნორმალური ზრდასრული ადამიანი ამბობს: "F**k you! მე შენთან მეგობრობას არ ვაპირებ და ეხლა მიიღებ საკადრისს!"

კიდევ ერთი ექს-ჩემპიონი, ნიკარაგუელი რიკარდო მაიორგაც მეივეზერის მხარდაჭერით გამოვიდა. "მეივეზერის ადგილას მეც იგივეს გავაკეთებდი, - თქვა მან. - ფლოიდმა სუფთა გამარჯვება მოიპოვა და პრეტენზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ორტისი თავად არის დამნაშავე. მას ყურადღება არ უნდა მოედუნებინა".

საგულისხმოა, რომ სკანდალური ბრძოლის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ლარი მარაჩანტმა იმ ინციდენტის ანალიზის დროს მხოლოდ ტექნიკურ ასპექტს მიაქცია ყურადღება.

ჟურნალისტმა დაწვრილებით გაარჩია მეტოქეთა მოქმედება და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მეივეზერმა მოულოდნელი, მაგრამ არააკრძალული დარტყმა განახორციელა. და კიდევ, ფლოიდი მისთვის დამახასიათებელი სტილით მოქმედებდა. 80 წლის მარჩანტმა თავი შეიკავა კონფლიქტის გამწვავებისგან, თუმცა შეგახსენებთ, რომ რინგზე არ მორიდებია მოკრივესთვის საკადრისი პასუხი გაეცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული