ქართველი მოკრივეების თითო მოგება და წაგება

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში მოკრივეთა მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე 127 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ცდის ძალებს. მათ შორის 10 ქართველია. ხუთმა მათგანმა უკვე მოსინჯა ძალები ბაქოს რინგზე.

ასპარეზობის პირველ-მეორე დღეს, როგორც გაუწყეთ, ავთანდილ ჭუბაბრიამ (49 კგ), სევერიან ჭილაძემ (52) და დავით გოგიშვილმა (91) მეტოქეებს სძლიეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

გუშინ პირველი წრის ორთაბრძოლები კიდევ ორმა ქართველმა მოკრივემ გამართა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან გულედანმა ყირგიზი ჩინგიზ ბორბაშევს 24:22 სძლია და მეორე წრეში 2 ოქტომბერს 21 წლის ნიუიორკელ (აშშ) მარკუს ბრაუნს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ
აშკარა უპირატესობით იაპონელ იოშიცუნა ოკადას აჯობა.

თანაგუნდელებს, სამწუხაროდ, მხარი ვერ აუბა გიორგი კილანავამ (56) - იგი 24 წლის ავსტრალიელ ლუკ ბოიდთან 10:17 დამარცხდა. არადა, მწვანე კონტინენტის წარმომადგენელი დიდი შედეგებით არ გამოირჩევა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მონაწილეა, თუმცა ჩინეთის დედაქალაქში ბოტსვანელ იქპოლენდთან პირველსავე წრეში დამარცხდა. ასეა თუ ისე, ქართველი მოკრივე კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკს ჩამოაცილა.

დღეს ბაქოს რინგზე კიდევ ორი ჩვენებური გამოვა. ესენი არიან: წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები - ზაალ კვაჭატაძე (69) და მიხეილ ბახტიძე (+91). ზაალს მეტოქეობას გაუწევს ალჟირელი ილიას აბადი, რომელიც მე-10 ნომრადაა განთესილი (ამ წონაში გამოდიან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ყაზახი სერიკ საპიევი, მსგავსი შეჯიბრების ვერცხლის პრიზიორი, რუსი ანდრეი ზამკავოი, უელსელი ფრედი ევანსი და სხვები).

წარმატების შემთხვევაში, ზაალი 2 ოქტომბერს კამილ ჟერემეტას (პოლონეთი) და ონდა სიფალს (თურქეთი) შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ბახტიძე მაკედონიელ პრიმისლავ დიმოვსკისთან გაარკვევს ურთერთობას. გამარჯვებულს მე-2 წრეში მე-3 ნომრად განთესილი ფილიპ ჰრგოვიჩი (ხორვატია) ელოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული