ნოკდაუნი თავურით

AutoSharing Option
ბაქოში მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე გასული უქმეები ჩვენებურთათვის მაინცდამაინც სახარბიელო ვერ გამოდგა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი და პეკინის ოლიმპიადის მონაწილე ნიკოლოზ იზორია პირველსავე წრეში დამარცხდა უნგრელ მიკლოშ ვარგასთან (11:16), რომელიც 2008 წლის კონტინენტის პირველობის მეორე პრიზიორია.

ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ჯაბა კვაჭატაძე (75 კგ) ტაილანდელ სურია პრასადინფომალს დაუპირისპირდა. ჩვენებურმა აშკარად დაჯაბნა მეტოქე და საბოლოოდ 23:11 აჯობა.

გუშინ ხუთმა ქართველმა მეორე წრის პაექრობები გამართა: 52 კილოში უელსელმა ენდრიუ სელბიმ, რომელიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული
და პრიზიორია, სევერიან ჭილაძეს 28:16 მოუგო და ასპარეზობის მესამე წრეში გავიდა. 81 კილოში ლევან გულედანმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ამერიკელ მარკუს ბრაუნს და ორთაბრძოლა 6:10 დათმო.

საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 პრიზიორ კობა ფხაკაიძისა (64) და მასპინძელ გეიბათულა გაჯიალიევის პაექრობისას, მაგრამ...

- ორთაბრძოლის ერთ-ერთ მომენტში გაჯიალიევმა კობას სახეში თავი ჩაარტყა, რის გამო ქართველი მოკრივე რინგზე გაიშოტა, - გვითხრა საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში ესწრება ჩემპიონატს, - თუკი ფხაკაძე რეფერის 10 დათვლამდე ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა, აზერბაიჯანელს დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და შეჯიბრებიდან მოხსნიდნენ.

კობამ მეტოქის არასპორტულ საქციელს კაცობით უპასუხა - ძალ-ღონე მოიკრიბა და მე-8 დათვლაზე წამოდგა. მთელი დარბაზი მას ოვაციებით შეხვდა. ფხაკაძემ პაექრობა განაგრძო, მაგრამ საბოლოოდ 15:18 დამარცხდა და მედლისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდა. არადა, სწორედ მისგან ველოდით ჯილდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული