კლიჩკო ჰეის არ უშვებს

AutoSharing Option
უკრაინელი ძმების - ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს გაიმართება ბრძოლა ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელ დევიდ ჰეის შორის.

ბენტეს თქმით, ასეთი რამ იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ 13 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე ჰეი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს. მენეჯერმა განაცხადა, რომ ბრძოლის ორგანიზებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ბენტეს თქმით, თუ უფროსი კლიჩკო და ჰეი მოილაპარაკებენ ფინანსურ საკითხზე, შეხვედრა "100 პროცენტით" გაიმართება. ძმების მენეჯერი გუშინ ელაპარაკა ჰეის პრომოუტერს ადამ ბუტს.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს გაზეთმა "სანმა" შემდეგი ინფორმაცია
გაავრცელა: დევიდ ჰეიმ ბრიტანეთის საკრივო საბჭოს შეუთვალა, რომ აღარ აპირებს თავისი საკრივო ლიცენზიის გაგრძელებას, რითაც დაადასტურა ძველი განცხადება იმის შესახებ, რომ 2011 წლის 13 ოქტომბერს, თავის 31-ე დაბადების დღეზე დაასრულებდა კარიერას.

თუ ბრიტანელი დანაპირებს აასრულებს, გამოდის, რომ ის პროფესიულ რინგზე გამოსვლას წაგებით ამთავრებს. წელს, ივლისში დევიდი ქულებით დამარცხა ვლადიმერ კლიჩკოსთან და დაკარგა WBA-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული.

თუ ჰეი და უფროსი კლიჩკო შეძლებენ მოლაპარაკებას, მათი შეხვედრა მომავალი წლის თებერვალში ან მარტში გერმანიის რომელიმე ქალაქში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული