შეხვედრა წარსულთან - კრივი თბილისში

AutoSharing Option
"კრივს ჰქონდა თავისი ჭეშმარიტად კარგი მხარე: ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწვრთნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას, რომელიც მას ბუნებით დაჰყოლია, ვარჯიშობდა სიმარდეში, სისწრაფეში - ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის".

კრივს ძლიერ ღატაკი ლიტერატურა აქვს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დავით იოსების ძე ბებუთოვის მემუარებს ("Военный сборник", 1867 წ., №№ 6-7). ეს ერთადერთი ბეჭდვითი მასალაა, რომელსაც სხვადასხვა ვარიაციით იმეორებენ დუბროვინი ("Тифлисский листок", 1899 წ. №165, სურათებიანი დამატება №8), პოტტო ("История войны и
владычества русских на кавказе", ტ. I, წიგ. I), ვეიდენბაუმი ("Кавказский Календарь", 1855 წ.) და სხვ.

აი, ამ ბებუთოვს აღწერილი აქვს სალდასტის კრივი, რომელშიაც თვითონაც მიუღია მონაწილეობა. მკითხველმა რომ წარმოდგენა იქონიოს ამ დაუნდობელ ძველებურ კრივზე, მოგვყავს ეს აღწერილობა ოდნავი კუპიურებით:

"ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ, - ამბობს ბებუთოვი, - ქვემო უბნის ბავშვებმა. მე გადავხტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა. ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარეზედ საფრად ნაბადი მქონდა.

ახლო რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვევდნენ ერთმანეთს, ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისაგან. უეცრათ მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავუწყეთ ერთმანეთს ხმლებით ცემა. ჩემი მოქიშპე დავჭერი, მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი... დიდებს შორის ქვის სროლა და ხელჩართული ჩხუბი გრძელდებოდა...

მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არც ერთ მხარეს არ ეტყობოდა. ჩვენებმა ჩუმად შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარით გარს შემოსავლელად, თითქმის ექვს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასულიყო ორშაბათს და ასე თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ამასთანავე მთაზე, ოქროყანიდან დაწყებული, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა...

ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს... ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ ამხანაგები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ერთ საათს და ქვემო უბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იფარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა...

უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეგობრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს. ომი ცეცხლივით აენთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით, ქვებს აღარ ხმარობდნენ - კრივის წესით, ხმალ-და-ხმალ შეტაკებაში ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემო უბნელები შესუსტდნენ და უკუ იქცნენ. ქვემო უბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისკენ" ("Кавказский сборник", 1902 წ., ტ. XXII).

ხშირად ეს ფიზიური ვარჯიშობა, ავქსენტი ცაგარლის თქმით, ეს "მუშტის ქუხილი", თავდებოდა ფიზიკური დასახიჩრებითაც. "კრივის მეორე დღეს ბლომათ იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირდამტვრეულები" ("Кавказ", 1846 წ., №1).

თუმცა შურდულები პატარა ზომისა იყო და ხმლებიც - ხისა, მაგრამ მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს "უმუშტო კრივი".მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ "ცხვირპირის დამტვრევას" სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად ასე ფიზიკურად დასახიჩრებულნი, ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ.

"კრივი" როგორც ფიზიკური ვარჯიშობა, თავისი ხასიათით და დანიშნულებით არაფრით არ განსხვავდებოდა ასეთივე ხასიათის ვარჯიშობისაგან, რომელიც სხვა ერის ყოფა-ცხოვრებამ წარმოშვა (ბოქსი, ჭიდაობა და სხვ.). საერთო მიზეზები იწვევენ საერთო ხასიათის ვარჯიშობასაც: ერთფეროვანი ფიზიკური შრომით დაღლილი სხეული, მოდუნებული მოძრაობა სისხლისა გახალისებას მოითხოვდა და ტფილისელმა ხელოსნებმაც თავიანთი "ტივის სისხო მკლავების" გასატკაცუნებლად კრივს მიმართეს, ისევე როგორც ინგლისელებმა - ბოქსს.

სალდასტის კრივი მთავარმართებელ ბარიათინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც სამოცდაათიან წლებამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქ გარედ იმართებოდა პოლიციის ზედამხედველობით, თავისი წესები ჰქონდა გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი, მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა - მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან როგორც ამბობენ, "ხელი ჰქონდა მოწერილი", რომ იგი აღარ იკრივებდა... მაგრამ, როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, "ხელის მოწერა" ხელის მოწერათ რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს.

კრწანისის სასაფლაოზე, ამ რამდენიმე წლის წინათ, ერთი საფლავი ვნახე. როგორც საფლავის ქვის წარწერიდან სჩანს, განსვენებული სალდასტის კრივის მსხვერპლი გამხდარა: აი, ეს ეპიტაფიაც:

"გულში ქვა მომხვდა, მეცა ზარები,
თავს დამეხვივნენ ტოლნი-ჯარები;
ჩამომატარეს ციხის კარები,
საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება,
ყველამ მაღირსეთ თითო ცხონება".

ავტორის შენიშვნები

"ივერია", 1885 წ., №81. კრივის შესახებ ცნობების მოსაწოდებლად მივმართეთ ჩვენს უხუცესს მოღვაწეს ნიკო ავალიშვილს, რომელმაც არ დაიზარა და მოგვაწოდა "თავის თვალით ნახული" კრივის ზოგიერთი ამბავი. ჩვენი ცნობების დასამტკიცებლად და შესავსებად მოგვყავს შემოკლებით ეს წერილი:

"...კრივზედ ცნობის მოსაცემად საჭიროა მოგახსენოთ, რომ მე ჩემი უფროსი და ერთად ერთი ძმის ოჯახში ვიზრდებოდი. მამა ხუთი წლისას მომიკვდა. ჩემი ძმის მეგობარ-ამხანაგებში ერთი, სახელდობრ, გიორგი ნადირაძე, დიდი მამობრივი ყურადღებით მეპყრობოდა: საცა კი რამ ამბავი ხდებოდა საჯაროდ, უეჭველად მეც მაჩვენებდა. კრივის ნახვა მეტად უყვარდა, მუდამ მიდიოდა და მეც თერთმეტ-თორმეტი წლიდან უეჭველად თან წამიყვანდა ხოლმე. მაშინ (1885 წ. და შემდეგ) კრივი იმართებოდა კვირა დღეობით, შუადღის შემდეგ ორი-სამი საათიდან, კვირაცხოვლის არეში, ეხლა რომ არსენალის დიდი შენობებია, იმ მეიდანზედ. ის ადგილი, თუმცა მცირედად დაბალ-მაღალი ვაკე იყო და ნაპირზედ ხევებიც ჰქონდა, მაგიერად რბილი და თითქმის უქვო ადგილი იყო. მოკრივენი "ზემო" და "ქვემო" უბნად იყოფოდნენ. ამ ორი უბნის შუა ხაზი ხარფუხ-ავლაბარ-კლდისუბან-ჩუღურეთსა და გარეთუბან-კუკია-ვერა და დიდუბის შუა იყო...

კრივი იწყებოდა მოზარდი ყმაწვილკაცებით და იგინი რომ გახურებაში შევიდოდნენ, ხან ერთი და ხან მეორე უკან დაიწევდა, მაშინ დაჯაბნილს და დაწეულს მისი უბნის დიდრონები ჩაეშველებოდნენ; ეხლა ისინი დასწევდნენ უკან მოპირდაპირე უბანს და მათაც დიდრონები იჭერდნენ და მაშინ მოზარდი ახალგაზრდობა დაქანცული და დაბეგვილი სტოვებდა ასპარეზს...

სახელგანთქმული მოკრივენი ორივე უბანს რამდენიმე ჰყვანდა; იგინი მარქაფა რაზმს შეადგენდნენ და მარტო გაჭირების დროს ჩაერეოდნენ ხოლმე კრივში. ამ მარქაფა მოკრივეთა სახელი მარტო სამისა მახსოვს: ლოპიანა, გიჟუა და ღორ-კოლა. მათში ყველაზე განთქმული ლოპიანა იყო, ის რომ ჩაერეოდა კრივში, მოპირდაპირეს ისე აწვებოდა, როგორც ძლიერი რამ მანქანა და ბევრჯელ ყოფილა, რომ ხევში ჩაურეკნია მოწინააღმდეგე უბანი.

მოკრივეთ შიგადაშიგ დასვენებაც იცოდნენ. დაწყებამდის და დასვენების დროს ორივე უბნის მოკრივენი თავიანთ ბელადებს გარს ეხვევოდნენ.

კრივი დაბინდებაზედ ადრე იშლებოდა, ესე ვსთქვათ, "გენერალური ბრძოლის" შემდეგ, როდესაც ორივე მხრის მარქაფაც მთლად ჩაერეოდა საქმეში და ლოპიანასი და მისი ამხანაგების მეოხებით ზემო უბანი დიდად გაიმარჯვებდა - ან ხევში ჩაჰრეკავდა, ან უიმისოდაც დაჰქსაქსავდა, დაირეკავდა ქვემო უბანს. არ მახსოვს, რომ ქვემო უბნის გამარჯვება ვისმე როდისმე ეთქვას.

კრივის ცქერა მეტად უყვარდა ხალხს, ამიტომ დიდძალი მაცქერალი ცხენიანი და თუ ქვევითი ესწრებოდა კრივზედ, ჰლამის ნახევარ ქალაქი"...

ყოველ ათეულ წლებს თავისი ცნობილი მოკრივე ჰყავდა. მეთვრამეტე საუკუნის ფალავან-მოკრივეთა სახელები ჩვენამდე არ მოსულა, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კი ტფილისში ცნობილნი იყვნენ შემდეგი მოკრივენი: შერმაზანა, საათო (მთავარმართებლის პ. ციციანოვის ფალავანი), ხარფუხელი მკალავი ლეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, ბებუთაანთ გიგა (ლობჟანიძე), ყასაბი გულუაშვილი, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარი სიმონა (გოცირიძე), ლეჰენძაანთ ავეტიქა (ლენჩიშვილი), ბაბამ სირქია, ჭონი კვინიხა (არჩილ მუხრანბატონის ფალავანი), მჭედელი სია, ჩუღურეთელი თეთრ-ახალუხა, წითელ-ფუფაიკა კოლა, მეჩანგლე ლოპიანა (გრ. ორბელიანის ფალავანი), თოქმაჩი გულაზა, მთაწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭუა, ღორუა, გიჟუა, (დათო მელიქსედეს-ძე ბებუთოვის ფალავანი), ყასაბი ჟირინაშვილი, ნიკოლა ცაცანაშვილი, გიჟ-მიხაკა, ბოშ-ოჰანეზა, მიკიტანი გრიშა (მამულოვი), დაბაღი ლოხოშა, დაბაღი პეტუა, დაბაღი ბეჯინშა, ბაყალი გომფუა, განჯელი ალია, ფარქასტუ კოლა, ასასი ბუჟუჟა, კუკიელი ვირიცოხნაშვილი, ქარაფ-ქანდოღა, დნგრ სოლომანაშვილი და სხვ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული