ღვამიჩავა - სწრაფი, როგორც მგელი

AutoSharing Option
შოტლანდიურ ვიშოუში ზღვა ხალხი შეიყარა პროფესიული კრივის მატჩების საყურებლად, რომელთა შორის დიდი ინტერესით ელოდნენ იტალიისა და ევროპის ყოფილი ჩემპიონის ჯუზეპე ლაურის (რომლის მეტსახელია "დასასრული") და ქართველი ლევან ღვამიჩავას, რომელსაც ბრიტანულ რინგებზე "მგელი" შეარქვეს, ორთაბრძოლას.

იტალიელი გაცილებით გამოცდილია, მას 31 შეხვედრა მოუგია ნოკაუტით, მაშინ როცა, ჩვენებურს აქამდე მხოლოდ 5 მატჩი ჰქონდა პროფესიონალებში გამართული. ამის მიუხედავად წონაში (63,5 კგ) ღვამიჩავა უკვე 66-ე იყო რეიტინგში. ლაურის კარიერაში ასეთი სამარცხვინო მარცხი არ უწვნევია - მეორე რაუნდში, მას შემდეგ, რაც ქართველმა იტალიელი სამჯერ დააგდო, მათ
შორის რეფერი ჩადგა, რათა ლაურის ჯანმრთელობა ეხსნა. ასე იოლად ლაურისთვის ისეთ მოკრივეებსაც არ მოუგიათ, როგორიც რიკი ჰატონი და პოლ მაკოსკია.

"ეს რა დარტყმები ჰქონია, თან ორივე ხელით. ასეთი სწრაფი მეტოქე მე არასოდეს შემხვედრია", - განაცხადა დამარცხებულმა, როცა რინგს ტოვებდა. ღვამიჩავას უპირატესობა პირველივე რაუნდში აშკარა იყო, პირდაპირი მარჯვენის და ცაცია ჰუკის კომბინაციის შემდეგ ლაური პირველად დაეცა, მაგრამ, როცა რეფერიმ 9-მდე დათვალა, წამოდგომა შეძლო. პირველ რაუნდში "მგელმა" ერთხელაც დააგდო მეტოქე. მეორე რაუნდში კიდევ ერთ დაგდებას კი ტექნიკური ნოკაუტი მოჰყვა. ლაური გაოცებას ვერ მალავდა უცნობი მეტოქის ძალის გამო.

აი, რას ამბობს ლევანის ირლანდიელი მენეჯერი გარი ჰაიდი: "ლევანის შეჩერება დღეს შეუძლებელი იყო, რადგან ის მრავალმხრივ განვითარებული მოკრივეა. მას აქვს ძალზე მძიმე დარტყმა. მინდა განვაცხადო, რომ ლევანი ნებისმიერი წონის მეტოქესთან მზადაა გასამარჯვებლად". ცოტა პროფესიულ გამოცდილებას, რომ გაიმდიდრებს, ღვამიჩავა აუცილებლად შეხვდება ევროპის ჩემპიონს, რუს დენის შაფიკოვს, რომელსაც ლაურის დასამარცხებლად 8 რაუნდი დასჭირდა. "ლევანის კარიერით დიდად კმაყოფილი ვარ, მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი მოკრივე, რომელსაც ასე ცოტა ბრძოლა აქვს გამართული რინგზე, მაგრამ მასსავით ძლიერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველის დებიუტი მხოლოდ იანვარში შედგა", - დასძენს ჰაიდი.

წლის ბოლოს ქართველი მოკრივე პირველად მიაშურებს ამერიკას, მას როგორც იქნა, დაუმტკიცეს სპორტული ვიზა და ახლა შეუძლია პროფესიული კარიერა იქ განაგრძოს, სადაც საუკეთესო მეტოქეები ეგულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული