ჯო ფრეზერი სამხრეთ კაროლინას შტატში დაიბადა, მაგრამ შემდეგ ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1964 წელს ის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, 1970 წელს კი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა პროფესიონალებს შორის.
1971 წელს ფრეზერი პირველი მოკრივე გახდა ისტორიაში, ვინც ლეგენდარული მოჰამედ
ჟურნალმა "რინგმა" და კრივში მომუშავე ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ (BWAA) სამჯერ დაასახელეს ფრეზერი წლის საუკეთესო მოკრივედ, ხოლო მისი ბრძოლები ჯერი კუორისთან, მოჰამედ ალისთან (ორჯერ) და ჯორჯ ფორმენთან წლის შეხვედრებად იყო აღიარებული.
ფრეზერი კრივიდან 1976 წელს წავიდა, თუმცა 1981-ში ერთი ბრძოლისთვის დაბრუნდა დიდ სპორტში. 1990 წელს ის კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს, 1998 წელს კი "რინგმა" ის ყველა დროის საუკეთესო რვა სუპერმძიმეწონოსანს შორის შეიყვანა.
"მე ვაკვირდებოდი ამ მოკრივეებს - ჯო ლუისს, როკი მარჩიანოს, შუგარ რეი რობინსონს, - ყვებოდა ფრეზერი EA Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში. - ეს ბიჭები მართლაც საუკეთესოები იყვნენ, ამიტომაც ჩემს თავს ვუთხარი: "ოდესღაც მეც ასეთივე ვიქნები".
სამხრეთში ვცხოვრობდი, მაგრამ იქ არ იყო ვარჯიშის შესაძლებლობა. სახლში მივედი, ტომარა ავიღე და გავავსე ყველაფრით, რაც ხელში მომხვდა. ამ ტომრის დახმარებით ვისწავლე კრივი. და როცა ეს ყველაფერი მომბეზრდა, საკუთარ თავს ვუთხარი: "აქედან უნდა წავიდე". სადმე უნდა გადავსულიყავი, სადაც ჩემპიონი გავხდებოდი. ამიტომაც აღმოვჩნდი ფილადელფიაში".
"ქუჩაში არავის მეშინია. არც რინგზე. მაგრამ თუ მას აქვს დანა, ხოლო მე პისტოლეტი, ეს არასამართლიანი იქნება ჩემი მხრიდან. მასაც პისტოლეტი მიეცით. მე მაინც ვიჩხუბებ მის წინააღმდეგ. ჯორჯ ფორმენმა ორჯერ ჩამაგდო ნოკაუტში, მაგრამ მე არაფრის მეშინია. მას ორჯერ ვეჩხუბე და შემიძლია ახლაც შევხვდე რინგზე. რა მომივა, კიდევ ერთი ნოკაუტი? მეტი არაფერი. არანაირი შიში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"