ალის პირველი მძლეველი

AutoSharing Option
ჯოზეფ უილიამ "ჯო" ფრეზერი კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო "ბოდიპანჩერად" იყო მიჩნეული. გარდა ამისა, მას ყველაზე სწრაფი და სასტიკი მარცხენა დარტყმა ჰქონდა.

მისი სტილის მთავარი თავისებურება იყო - მუდმივი ზეწოლა მეტოქეზე. ის თითქოს ეწებებოდა მოწინააღმდეგეს და მთელს რინგზე დაჰყვებოდა მას. ჯო ძალიან ბევრს ურტყამდა და ერთგვარად ბრაზილიური ლოზუნგით ჩხუბობდა - "ბევრჯერ მომარტყამ, მე კი უფრო ბევრჯერ და მტკივნეულად გიპასუხებ".

ჯო ფრეზერის სახელი ხსნის მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ჩემპიონთა ისტორიას. გარდა ამისა, ჯო გახდა WBC-ის პირველი ჩემპიონი - ეს ტიტული დღესაც ყველაზე
პრესტიჟულია სუპერმძიმეწონოსნებს შორის. და კიდევ - ფრეზერი პირველი აბსოლუტური ჩემპიონია, რომელმაც გააერთიანა WBC-სა და WBA-ის ტიტულები (მაშინ არ არსებობდა IBF და WBO).

ფრეზერი კასიუს კლეიზე (მოჰამედ ალი) ორი წლით უმცროსი იყო. ის ოლიმპიური ჩემპიონი ტოკიოში გახდა, რითაც გაიმეორა ალის ოთხი წლის წინანდელი წარმატება რომის ზაფხულის თამაშებზე. ჯო ტოკიოში ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხვდა. მან შესარჩევი ბრძოლა წააგო გიგანტ ბასტერ მატის-უფროსთან, რომელიც ტანმორჩილი ჯოსგან განსხვავებით, იდეალურად ერგებოდა სამოყვარულო კრივს.

მაგრამ ბოლო მომენტში მატისმა ტრავმა მიიღო და ის წარმატებით შეცვალა ფრეზერმა. ჯოს პროფესიულ რინგზე დებიუტი 1965 წელს ჰქონდა - სამი თვის თავზე მას შემდეგ, რაც კლეიმ მოჰამედ ალი დაირქვა და აიძულა სონი ლისტონი ნოკაუტი გაეთამაშებინა მათი განმეორებითი ბრძოლის პირველ რაუნდში.

კიდევ სამი თვით ადრე, ახლადშექმნილმა მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ არ მოიწონა ლისტონისა და ალის მატჩ-რევანშის იდეა და ვაკანტური ტიტულისთვის ერთმანეთს შეახვედრა ერნი ტერელი და ედი მაჩენი, რითაც გაარკვია პირველი ჩემპიონის ვინაობა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში.

დებიუტის მომენტში ჯო ფრეზერი 92 კილოგრამი იყო და ეს წონა არ იცვლებოდა მისი კარიერის საუკეთესო წლებში. ის პატარა მოკრივედ არ მიიჩნეოდა, თუმცა ელიტურ სუპერმძიმეწონოსნებთან სიმაღლეში აგებდა. ფრეზერის დებიუტი ალის ჩემპიონობას დაემთხვა. მოჰამედი მონდომებით ემზადებოდა ლისტონთან შესახვედრად, ავითარებდა კუნთებს, ორი-სამი წლის განმავლობაში, ფრეზერის თვალწინ 96 კილოგრამამდე დამძიმდა და მომდევნო წლებშიც აგრძელებდა "გასუქებას".

* * *
მწვერვალზე ლისტონის ადგილის დაკავების შემდეგ, ახლა უკვე ალი გახდა დანარჩენი სუპერმძიმეწონოსნებისთვის ეტალონი, საზომი თუ მისაბაძი მაგალითი. ჯერ ლისტონის, შემდეგ კი ალის წყალობით, პირველად 50-იანი წლების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი მაღალი მოკრივე გახდა, თანაც გრძელი ხელებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი მათ კომფორტულ უპირატესობას ანიჭებდა მთელს დივიზიონში. ფრეზერი კი "მომაკვდავი" თაობის წარმომადგენელი იყო, რომელშიც დომინირებდნენ დღევანდელი საზომით "პატარა" სუპერმძიმეწონოსნები - როკი მარჩიანი, ფლოიდ პატერსონი და სხვები.

ის, რომ ფრეზერს მისთვის ახალ პირობებში დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, პროფესიული კარიერის დაწყებიდან პირველი წლის თავზე გამოჩნდა. ჯო ნოკდაუნში აღმოჩნდა არგენტინელ ოსკარ ბონავენასთან ბრძოლაში, რომელიც მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. არადა, ბონავენა გაბარიტებით მასზე პატარა იყო. წელიწადნახევრის შემდეგ ფრეზერმა გაჭირვებით დაამარცხა ძველი მეტოქე - მატის-უფროსი. ტექნიკური ნოკაუტის მომენტში ერთ-ერთ მსაჯს თავის ბარათზე ფრე ჰქონდა დაფიქსირებული. შემდეგ ბრძოლაში ჯომ მეორედ და ახლა უკვე დამაჯერებლად დაამარცხა ბონავენა. ფრეზერი მოჰამედ ალის მეტოქე მატისის ძლევის შემთხვევაში გახდებოდა, მაგრამ ალი არმიაში გაწვევის გამო უკვე ერთი წელი ჩამოცილებული იყო სპორტს.

იმის გამო, რომ ალის ჩამოართვეს WBA-ის ტიტული, 1968 წელს ეს საჩემპიონო ქამარი ერთმანეთში გაითამაშეს ჯიმი ელისმა (რომელსაც ბონავენა ჰყავდა დამარცხებული) და ჯერი კუორიმ. ახალი ჩემპიონი ელისი გახდა, რომელმაც თავისი ერთადერთი წარმატებული დაცვა პატერსონთან ბრძოლაში ჩაატარა. ფრეზერი ოფიციალური პრეტენდენტი 1969 წლის სექტემბერში გახდა, როცა რთული ბრძოლის მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა კუორი, რომელსაც, საერთოდ, ხშირად უსკდებოდა წარბი.

1970 წლის 16 თებერვალს, პირველად სუპერმძიმე დივიზიონის ისტორიაში გაიმართა ბრძოლა, რომელშიც თამაშდებოდა WBA-ისა და კვლავ ორგანიზებული მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ტიტულები. ფრეზერმა მეხუთე რაუნდში ნოკაუტით მოუგო ჯიმი ელისს და ისტორიაში ვერსიების მიხედვით პირველი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. მაგრამ ჯო ვერ ჩაითვლებოდა აღიარებულ ჩემპიონად იქამდე, სანამ მოჰამედ ალი დაუმარცხებელი იყო პროფესიულ კრივში. მათი შეხვედრა 1971 წლის მარტში შედგა. პირველად მძიმე წონის ისტორიაში საჩემპიონო ბრძოლაში შეხვდა ორი დაუმარცხებელი აბსოლუტური ჩემპიონი, ოღონდ ერთ-ერთი უტიტულო გახლდათ.

ალის სამწლიანი პაუზა ჰქონდა, რომლის კომპენსირება ფრეზერის წინა მეტოქეებთან ორი გასახურებელი ბრძოლით სცადა. შესაძლოა, ამ
მიზეზით ან იმის გამო, რომ ჯო კარიერის პიკზე იმყოფებოდა, ალიმ მსაჯების ერთულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

თანაც მოჰამედს ყოველთვის უჭირდა მარცხნიდან დარტყმებისთვის გამკლავება, ფრეზერს კი სწორედ მომკვდინებელი ცაცია ჰქონდა, რომლითაც ალი მე-15 რაუნდში ნოკდაუნში გაგზავნა. ეს იყო 27 წლის ჯოს კარიერის ზენიტი. ამის შემდეგ მან ტიტულის ორი წარმატებული დაცვა განახორციელა. მას შეეძლო დიდებით ზენიტში წასულიყო კრივიდან და ამით მეორე მარჩიანო გამხდარიყო. ფრეზერისთვის ერთადერთი მინუსი შეიძლება იმ ყოფილიყო, რომ ლეგენდარულ როკიზე ორით ნაკლები დაცვა ექნებოდა განხორციელებული.

* * *
მარჩიანოს არ ჰყოლია კარიერაში "დიდი ჯორჯის" მსგავსი ოპონენტი. ჯორჯ ფორმენი ფრეზერზე ხუთი წლით უმცროსი იყო და ჯოს შემდეგ მომდევნო ოლიმპიადაზე გახდა ოქროს მედლის მფლობელი. სავარაუდოდ, სწორედ ამ ლოგიკით 1973 წლის იანვარში მანამდე დაუმარცხებელმა ფორმენმა კარიერაში პირველი მარცხი აგემა ფრეზერს. მომავალში მათმა განმეორებითმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჯოს არაფერი ჰქონდა არსენალში იმისთვის, რომ ჯორჯს დაპირისპირებოდა. ფორმენი იოლად "გადაყლაპა" ფრეზერის საშიში მარცხენა დარტყმები, თავად კი საპასუხო "დაბომბვით" წალეკა რინგზე ჩემპიონი. სასტარტო ორ რაუნდში ის სამ-სამჯერ მოხვდა ნოკდაუნში, რის შემდეგაც აღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება.

ამით ჯოს ბრწყინვალე კარიერა დასრულებული იყო. ფრეზერს 70-იანი წლების შუაში მხედველობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა - ის ცალ თვალში თითქმის დაბრმავდა, თან ვერ ინარჩუნებდა ოპტიმალურ წონას. ფორმენთან წაგების შემდეგ ის "დიდი ჯორჯის" მსგავსი გაბარიტების მქონე ავსტრალო-უნგრელს ჯო ბაგნერს შეხვდა და მას ქულებით სულ მცირედით აჯობა.

70-იანი წლების მეორე ნახევარში ჯომ მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, ისიც სუსტ მეტოქესთან. ის კიდევ ორჯერ შეხდა ალის და ერთხელ ფორმანის წინააღმდეგ გავიდა რინგზე, მაგრამ არც ერთ ბრძოლაში საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. სავარაუდოდ, ფრეზერის კარიერაში ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ბრძოლა იყო მესამე შეხვედრა მოჰამედ ალისთან, რომელიც 1975 წლის სექტემბერში ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ღია ცის ქვეშ გაიმართა. 14 რაუნდის შემდეგ ფრეზერის გუნდმა უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.

* * *
32 წლის ფრეზერმა დატოვა რინგი, რადგან ორი ვადაზე ადრე მარცხი იწვნია, თვალთან და ზედმეტ წონასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და არც მოტივაცია შერჩა. რაც მთავარია, მძიმეწონოსანთა საზომით საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ჯოს არ გააჩნდა პერსპექტივა, რადგან გაბარიტები არ უწყობდა ხელს. სისწრაფის დაკარგვისა და რეფლექსების მოდუნებისთან ერთად, ის ყოველთვიურად ელიტური სუპერმძიმეწონოსნების იოლი ლუკმა ხდებოდა. ბოლოს ფრეზერმა 91 კილოგრამზე მძიმე მეტოქე 1973 წლის 2 ივლისს დაამარცხა. 70-იანი წლების მეორე ნახევარსა და 80-იანი წლების მიჯნაზე მისი მსგავსი მოკრივეები სცენას ტოვებდნენ. გამონაკლისი არც ჯო აღმოჩნდა.

1981 წლის დეკემბერში ჯო ფრეზერი დიდ სპორტში დაბრუნდა იმისთვის, რომ რინგზე გასულიყო ათლეტურ ნოკაუტერთან ფლოიდ კამინგსთან საბრძოლველად, რომელიც ფორმენის ასაკისა გახლდათ. შესაძლოა, ფრეზერი ფორმენთან მესამე ბრძოლაზე ფიქრობდა, რათა კარიერაში ერთხელ მაინც დაემარცხებინა თავისი ყველაზე უხერხული მეტოქე. მაგრამ მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. აღსანიშნავია ერთი საგულისხმო ფაქტი: ფრეზერთან შეხვედრის შემდეგ კამინგსმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა, ზედიზედ ხუთი მარცხი იწვნია და კარიერა დაასრულა. ფრეზერი კი სამწვრთნელო და პრომოუტერულ საქმიანობას დაუბრუნდა. ერთი წლით ადრე კი პროფესიულ რინგზე დებიუტი ჰქონდა მის ვაჟს - მერვისს ფრეზერს, რომელმაც მამამისის მსგავსად, მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორ დიად მოკრივესთან წააგო.

ცხოვრების ბოლო წლებში, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ფრეზერი აქტიურ ცხოვრებას მისდევდა: სხვადასხვა სპორტული ღონისძიების სტუმარი იყო (უფრო ხშირად ჰოკეის მატჩებისა, რომელშიც მისი საყვარელი გუნდი "ფილადელფია ფლაიერზი" თამაშობდა). ხშირად ჩნდებოდა ტელეშოუებში, კრივის მოყვარულებთან შეხვედრებში.

დიაგნოზი - "ღვიძლის კიბო მძიმე სტადიაში" - ფრეზერს გასულ თვეში დაუდგინეს. ორშაბათს, 7 ნოემბერს ლეგენდარული მოკრივე გარდაიცვალა. მოჰამედ ალიმ მწუხარება გამოთქვა თავისი პრინციპული მეტოქის სიკვდილის გამო. "მსოფლიომ დიადი ჩემპიონი დაკარგა.

ყოველთვის პატივისცემითა და აღფრთოვანებით გავიხსენებ ჯოს. ვუსამძიმრებ მის ნათესავებსა და ახლობლებს", - თქვა ალიმ.

ჯო ფრეზერი
ნამდვილი სახელი: ჯოზეფ უილიამ ფრეზერი
მეტსახელი: Smokin' Joe
სიმაღლე: 1.82 სმ
ეროვნება: ამერიკელი
დაბადების თარიღი: 12 იანვარი, 1944
დაბადების ადგილი: ბიუფორტი (სამხრეთ კაროლინა)

კარიერა
ბრძოლა: 37
მოგება: 32
ნოკაუტით მოგება: 27
წაგება: 4
ფრე: 1

ტიტულები
WBA-სა და WBC-ის ჩემპიონი
ოლიმპიური ჩემპიონი (1964)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული