დღეს ლას ვეგასში დიდი ბრძოლაა

AutoSharing Option
12 ნოემბერს, ლას ვეგასის ლეგენდარულ MGM Grand Arena-ზე მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს ფილიპინელი მენი პაკიაო და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი.

ამ ბრძოლით დასრულდება ტრილოგია 32 წლის პაკიაოსა (53-3-2, 38KO) და 38 წლის მარკესს (53-5-1, 39KO) შორის. ამ პრინციპულ მეტოქეებს შორის წინა ორმა შეხვედრამ პირველიდან მე-12 რაუნდამდე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. მაყურებელმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღო პაკიაოს ტემპიანი შეტევებისა და მარკესის გონივრული კონტრშეტევებისგან. შეიძლება ითქვას, რომ წინა ჩხუბებმა გარკვეულწილად ჩამოაყალიბა ორივე მებრძოლის რეპუტაცია.

მექსიკელის სტილი საკმაოდ მოუხერხებელი აღმოჩნდა პაკიაოსთვის. მაგრამ მათი მესამე დაპირისპირებისგან
კრივის მოყვარულები უფრო სხვა რამეს ელიას. გულშემატკივრების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ "დაბერებული" მარკესი ამჯერად ვერაფერს დაუპირისპირებს კიდევ უფრო მომძლავრებულ პაკიაოს, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს ნახევრადსაშუალო წონაში.

ბუკმეიკერებიც აშკარა უპირატესობას ფილიპინელს ანიჭებენ. მათი ვარაუდით, პაკიაოს 12 რაუნდი არ დასჭირდება მექსიკელის დასამარცხებლად. მართლაც, დღეს ხუან მანუელს ძალიან გაუჭირდება "პაკმენის" შეჩერება. თითქმის ყველა კოზირი - ძალა, წონა, სისწრაფე, ამტანობა - პაკიაოს ხელშია. მარკესი კი მხოლოდ თავისი უდიდესი გამოცდილებითა და საკრივო თვისებებით თუ დაიკვეხნის.

მაგრამ თავად მექსიკელი აღიარებს, რომ საერთოდ არ ეშინია მრისხანე მოწინააღმდეგის. მარკესი იმაშიც დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოიგო პირველი ორი ბრძოლა (ოფიციალურად ერთი ფრედ დასრულდა, მეორეში კი პაკიაომ გაიმარჯვა) და ახლაც გაუმკლავდება ფილიპინელს. უფრო მეტიც, ხუან მანუელი მართალია აცნობიერებს, რომ წინ რთული ბრძოლა ელის, მაგრამ თავის გულშემატკივარს ნოკაუტს ჰპირდება. "მთავარია, ამჯერადაც მსაჯებმა არ მომპარონ გამარჯვება", - ამბობს ის.

პაკიაო აცხადებს, რომ სპეციალურად არ "ინადირებს" ნოკაუტის გამო, მაგრამ ამასთან ამტკიცებს, რომ მომავალ ბრძოლაში რაღაცეები აქვს დასამტკიცებელი: "მარკესი თავისი განცხადებებით აშკარად მაღიზიანებს. მას აქვს უფლება თქვას, რომ არ წაუგია წინა ორ შეხვედრაში. სწორედ ამ ფრაზების გამო ვარ ასე მოტივირებული მომავალი ბრძოლის წინ. მინდა ყველა საკითხი გადავწყვიტო, რომელიც მარკესმა წამოწია წინა ორ შეხვედრასთან დაკავშირებით".

ტრადიციულად, კომენტარებისგან თავი შეიკავა მექსიკელი ჩემპიონების ლეგენდარულმა მწვრთნელმა იგნასიო "ნაჩო" ბერისტაინმა, რომელიც ამჟამად მარკესს ავარჯიშებს. სამაგიეროდ, უხვად არიგებდა ინტერვიუებს ფილიპინელის სახელოვანი დამრიგებელი ფრედი როუჩი. ის თავიდან აცხადებდა, რომ მისი შეგირდი არ ეცდება მექსიკელის ნოკაუტში ჩაგდებას, მაგრამ ახლა ამბობს, რომ სრულიადაც არ გაუკვირდება, თუ მენი პირველივე რაუნდში გაუსწორდება ხუან მანუელს.

მომავალ ბრძოლაში დადებითი შედეგის შემთხვევაში მენი პაკიაო არ გამორიცხავს მომავალ გაზაფხულზე უკვე დიდი ხნის წინ გამოცხადებული "საუკუნის ბრძოლის" ჩატარებას ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ. მაგრამ ორ უდიადეს მოკრივეს შორის ეს დაუმთავრებელი სერიალი უკვე ყველას მობეზრდა და გულშემატკივრებს იმედი აღარ აქვთ, რომ კრივის სამყაროში ყველაზე სასურველი ბრძოლა ოდესმე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული