პაკიაო ჯერ წინ არის

AutoSharing Option
ვინ მიიჩნევა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ? ამ კითხვაზე რთული გახდა პასუხი გაცემა მას შემდეგ, რაც გასულ შაბათს, ლას ვეგასში ფილიპინელმა მენი პაკიაომ მსაჯების გადაწყვეტილებით საკამათო გამარჯვება მოიპოვა მექსიკელ ხუან მანუელ მარკესზე.

ექსპერტების პირველი რეაქცია ასეთი იყო: პრესტიჟული ჟურნალის "რინგის" მიერ ორგანიზებული Pound-4-Pound-ის რეიტინგის პირველმა ნომერმა პაკიაომ ჩვეულებრივზე უარესად ჩაატარა ეს ბრძოლა და ამის გამო უნდა დაისაჯოს კიდეც. ფლოიდ მეივეზერი, რომელიც ამ რეიტინგის მეორე ნომერი გახლავთ, შაბათის ბრძოლამდე ფეხდაფეხ მისდევდა ფილიპინელს და მენის წაფორხილების მოლოდინში იყო.

პრაქტიკულად, სწორედ ეს მოხდა გასულ უქმეებზე.
შეიძლება იმის მტკიცება, რომ მეივეზერმა უნდა ჩამოაგდოს პაკიაო პირველი პოზიციიდან, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ბევრ სპეციალისტსა და გულშემატკივერს მიაჩნია - ამ მოკრივეთა დაპირისპირებაში რინგზე გამარჯვებული ამერიკელი მოკრივე გამოვიდოდა.

თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივის გამოვლენის კიდევ ერთი ვარიანტია - გამოცხადდეს ეს სტატუსი ვაკანტურად და დაელოდონ, როდის შეხვდებიან ფლოიდი და მენი ერთმანეთს.

საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ არ შეეცვალათ რეიტინგი: ექსპერტთა კომისიის ყველა წევრი (ერთის გარდა) და The Ring Magazine-ის მთელი სარედაქციო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ პაკიაოს პირველი ადგილზე დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა.
მათ მხედველობაში მიიღეს:

- პაკიაოს შაბათს რიგით მოკრივესთან არ უჩხუბია. მარკესი საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში მეხუთე ადგილზეა და მენიმ, მართალია მსაჯების დახმარებით, მაგრამ მაინც დაამარცხა ის.

- მაღალი დონის მოკრივე არ უნდა დააქვეითონ იმის გამო, რომ მეორე ბრწყინვალე მოკრივემ იცის, როგორ იმოქმედოს მის წინააღმდეგ ეფექტურად. მოჰამედ ალის კლასი არავის დაუყენებია ეჭვქვეშ იმის გამო, რომ მას სამჯერ შეექმნა პრობლემები კენ ნორტონთან ბრძოლებში.

იგივე ითქმის ვილი პეპზე, რომელიც თავისი დროის ყველა უძლიერეს მოკრივეს უსწორდებოდა, მაგრამ სამჯერ წააგო სენდი სადლერთან.

- არ არის აუცილებელი მოკრივე რეიტინგში ჩამოაქვეითონ იმის გამო, რომ მას არც ისე წარმატებული ბრძოლა ჰქონდა. არგენტინელი სერხიო მარტინესი მაინც და მაინც კარგად არ გამოიყურებოდა დარენ ბარკერის წინააღმდეგ, მაგრამ მისი დაქვეითება არავის მოუთხოვია.

- პაკიაომ უფრო მეტს მიაღწია ბოლო წლებში, ვიდრე მეივეზერმა. 2008 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მენის ძლიერი მოკრივეების წინააღმდეგ შთამბეჭდავი ბალანსი აქვს - 9 მოგება და არც ერთი წაგება, ამ პერიოდში კი მეივეზერის სტატისტიკა ასეთია - 3 მოგება, 0 წაგება.

- თავის ბოლო ბრძოლაში მეივეზერმა ვერ აჩვენა უმაღლესი დონის გამოსვლა. ის კარგად გამოიყურებოდა ვიქტორ ორტისთან სამი რაუნდის განმავლობაში, მაგრამ იმ დროს ჩააგდო მეტოქე ნოკაუტში, როცა ორტისი სხვა მხარეს იხედებოდა.

- არ შეიძლება იმის თქმა, რომ მეივეზერმა აუცილებლად უნდა გაუსწროს პაკიაოს იმის გამო, რომ დამაჯერებლად დაამარცხა მარკესი. ეს იმიტომ, რომ რეიტინგის შედგენისას არ ითვალისწინებენ მოკრივეთა სტილსა და ძლიერ მხარეებს. გარდა ამისა, პაკიაომ გაცილებით იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა რიკი ჰატონი და ოსკარ დე ლა ჰოია.

დასკვნა: პაკიაო დიდი გაჭირვებით ინარჩუნებს პირველ ადგილს რეიტინგში. თუ ის კიდევ ერთხელ წაიფორხილებს, ხოლო მეივეზერი მორიგ კარგ ბრძოლას ჩაატარებს, თანამედროვე კრივის ახალ ლიდერს ვიხილავთ.

კიდევ ერთი შენიშვნა: მარკესი დაწინაურდა წონით კატეგორიაში და თანაბრად ეჩხუბა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს, რამაც მას რეიტინგში დაწინაურების საშუალება უნდა მისცეს. მაგრამ მენი პაკიაო, ფლოიდ მეივეზერი, სერხიო მარტინესი და ნონიტო დონერი არ იმსახურებენ რეიტინგში დაქვეითებას. ნახევრადსაშუალო წონაში პაკიაო ასევე ინარჩუნება პირველ ადგილს - უსწრებს მეივეზერს ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო.

ამ მომენტისთვის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. მენი პაკიაო (32 წლის)
2. ფლოიდ მეივეზერი (34)
3. სერხიო მარტინესი (36)
4. ნონიტო დონერი (28)
5. ხუან მანუელ მარკესი (38)
6. ვლადიმერ კლიჩკო (35)
7. პონგსაკლეკ ვონჯონგკამი (34)
8. ტიმოტი ბრედლი (28)
9. ჯოვანი სეგურა (29)
10. ანდრე უორდი (27)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული