ლეგენდის ვაჟმა ტიტული დაიცვა

AutoSharing Option
მექსიკელმა ხულიო სეზერ ჩავეს-უმცროსმა წარმატებით ჩაატარა ტიტულის პირველი დაცვა WBC-ის ვერსიით საშუალო წონაში.

მეხუთე რაუნდში მან ტექნიკური ნოკაუტით დაამარაცხა ამერიკელი პიტერ მანფრედო.

მექსიკელთა კერპის ხულიო სეზარ ჩავეს-უფროსის ვაჟი მეორე ბრძოლას ატარებდა. მან ტიტული ამა წლის ივნისში მოიპოვა, როცა ქულებით დაამარცხა გერმანელი სებასტიან ზბიკი. თანაც, მაშინ ბევრმა ეს გამარჯვება საკამათოდ მიიჩნია.

რაც შეეხება მექსიკელის მეტოქეს, მანფრედოს აქამდე ექვსი ბრძოლა ჰქონდა წაგებული, აქედან ორი - ნოკაუტით. ამერიკელისთვის ეს იყო პირველი საჩემპიონო ჩხუბი კარიერაში.

სხვათა შორის ბრძოლის წინ მანფრედომ განაცხადა, რომ წაგების შემთხვევაში
წავიდოდა პროფესიული სპორტიდან. "ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა, რომელშიც ტიტულის მოგება შემიძლია. თუ ვერ შევძლებ გამარჯვებას, შესაძლოა, რინგი დავტოვო, - განაცხადა მან. - დღეს მე ჩემი სამი შვილისა და ოჯახისთვის ვიბრძოლებ". მანფრედომ დაამატა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს ახლახანს შეძენილი სახლისთვის ფულის გადახდას. აღსანიშნავია, რომ მანფრედოს მამაც ყოფილი მოკრივეა და ახლა თავის შვილს ავარჯიშებს.

ამერიკელის ოჯახისთვის სამწუხაროდ, ბრძოლა დიდი ხანი არ გაგრძელებულა და ის მეხუთე რაუნდში დასრულდა. "ლეგენდის შვილისთვის"
ეს ბრძოლა ჯერჯერობით საუკეთესოა კარიერაში. მიუხედავად იმისა, რომ მანფრედო პირველ ოთხ რაუნდში ცუდად არ გამოიყურებოდა, მეხუთე რაუნდი მისთვის სავალალოდ დასრულდა. ჩავესმა მას ჯერ მარჯვნიდან მოარტყა, შემდეგ ბაგირებთან მიიმწყვდია და უმოწყალოდ ცემა დაუწყო. რეფერი იძულებული გახდა შეეჩერებინა ბრძოლა და მექსიკელის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება გამოეცხადებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული