ამირ ხანი სხვის ეზოში

AutoSharing Option
24 წლის ინგლისელმა მოკრივემ ამირ ხანმა შაბათს, ვაშინგტონის "კონვენშენ სენტრში" IBF-ისა და WBA-ს ჩემპიონის ქამრები უნდა დაიცვას.

მისი მოწინააღმდეგეა 27 წლის ამერიკელი ლემონტ პიტერსონი. მეტიც, პიტერსონი მხოლოდ ამერიკელი კი არა, ვაშინგტონელია, თუმცა ამირ ხანის ისედაც დიდი პოპულარობა და რეპუტაცია ამ ბოლო დროს სულ უფრო იზრდება და იზრდება.

როგორ მოქმედებს ხანზე "მეტოქის მოედანზე" ჩხუბი? ამის გამოცდილება მან შარშან შეიძინა - "მედისონ სკვეარ გარდენში" ადგილობრივ პოლ მალინიაჯის 11 რაუნდში აჯობა. ბოლტონელს არც წლეულს დაუხევია უკან.

"სულაც არ მაშინებს ბრძოლა მის უკანა ეზოში
რომ გაიმართება - ამბობს ამირ ხანი - ეს რაღაც არასერიოზული თამაშია და მეტი არაფერი. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ამბობენ, რომ მოკრივე თავის ქალაქში გამოსვლის წინ უფრო მონდომებით ვარჯიშობს, რადგან არ უნდა თანაქალაქელების წინაშე შერცხვეს. შარშან ნიუ იორკში იქაურ პოლ მალინიაჯის ვეჩხუბე. დარწმუნებული ვარ, რომ მან ბრძოლამდე ძალიან მოინდომა, ბევრი ივარჯიშა, მაგრამ მე მისი დამარცხება მეთერთმეტე რაუნდამდეც შემეძლო. გული მწყდება ასე რომ არ მოვიქეცი.

თუმცა, როდესაც დარბაზში ხალხი გამხნევებს, რასაკვირველია, ძალები გემატება და უფრო მეტხანს ძლებ. ალბათ, ლემონტ პიტერსონიც ასე იქნება, თუმცა დარბაზის ხმაური ვის სასარგებლოდ იმოქმედებს, კიდევ კაცმა არ იცის. იქნებ ამითი პირიქით, მე ვისარგებლო.

ვფიქრობ, ის, რომ მოწინააღმდეგის ქალაქში ჩავდივარ, ჩემს ძლიერებაზე მეტყველებს. ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო სად ვიჩხუბებდი. მოწინააღმდეგის უკანა ეზოში მისვლას არასდროს მოვრიდებივარ. ბოლო პერიოდში ხომ ინგლისს გარეთ ძალიან ხშირად ვმართავ ბრძოლას. რინგი რინგია, რა მნიშვნელობა აქვს სად დგას. გადახედეთ ჩემს კარიერას, მე ამერიკაში ვვარჯიშობ, ინგლისში კი არა".

პიტერსონს კარიერაში 29 ბრძოლა აქვს მოგებული, რომელთაგან 15 ნოკაუტი იყო. წაგებით, ამერიკელმა ერთხელ წააგო. ეს 2009 წელს, თანამემამულე ტიმოთი ბრედლისთან მოხდა, როდესაც პიტერსონი მას ჩემპიონის ქამარს ეცილებოდა. ვაშინგტონელს ახლა იმედი აქვს, რომ ამირ ხანთან მშობლიური გარემო დაეხმარება.

"ნამდვილად ვგრძნობ, რომ მზად ვარ ჩემპიონის ტიტულს შევუტიო - თქვა პიტერსონმა - გამარჯვებას დაჩვეული ვარ. ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა"

შაბათის ბრძოლა ლაით-ველტერვეითის წონაში გაიმართება. ეს გახლავთ წონა რომელიც მოიცავს 60-დან 63,5 კილოგრამამდე დიაპაზონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული