ოსკარს ამირ ხანისა სწამს

AutoSharing Option
ოსკარ დე ლა ჰოიას სწამს, რომ ამირ ხანი მის კვალს გაჰყვება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი „წონიდან-წონაში“ გარდამავალი მოკრივე გახდება.

38 წლის ვეტერანი თავადაც ამით გახლდათ ცნობილი - ჯერ ერთ წონაში გახდებოდა ჩემპიონი, შემდეგ მეორეში. უფრო ზუსტად, მან ექვს სხვადასხვა წონით კატეგორიაში ათი ტიტული მოიგო.

„ოქროს ბიჭად“ წოდებული დე ლა ჰოია, რომელიც, სხვათაშორის, ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონიც გახლავთ, დღეს ამირ ხანის პრომოუტერი და მენტორია. მექსიკური წარმოშობის ამერიკელი დარწმუნებულია, რომ ინგლისელი უკვე მზად არის ფლოიდ მეივეზერის
დასამარცხებლად. სხვათაშორის, დე ლა ჰოია ფლოიდის პრომოუტერიცაა და ძალიან უნდა ის მენი პაკაიოს დაუპირისპიროს, მაგრამ თუ ამ იდეას ხორცი ვერ შეასხა, მაშინ მეივეზერს ხანთან აჩხუბებს.

შეგახსენებთ: ფლოიდ ჯოი მეივეზერი 34 წლის ამერიკელი მოკრივეა. ის გახლავთ ხუთი სხვადასხვა წონითი კატეგორიის შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი. ჟურნალმა „რინგმა“, რომელსაც ყდაზე „კრივის ბიბლია“ აწერია, ამერიკელი ორჯერ დაასახელა წლის საუკეთესო მოკრივედ. პროფესიულ კრივში ის ჯერ არ დამარცხებულა.

დე ლა ჰოია, რომელმაც ალკოჰოლურ დამოკიდებულებას სძლია და ბიზნესს დაუბრუნდა, ამბობს: „თუ პაკიაოსთან ბრძოლას ვერ მოვაწყობ, მაშინ ფლოიდსა და ამირს დავაჯახებ ერთმანეთს. ალბათ, შემეკითხებით, მზად არის თუ არა ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერთან საჩხუბრად. გიპასუხებთ: ის ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად არის მზად. ამბობენ, რომ ამირი ფლოიდის ცნობილ კონტრდარტყმებსისგან ვერ დაიცავს თავს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ“.
ამის შემდეგ „ოქროს ბიჭმა“ 25 წლის ხანი განსაკუთრებული კომპლიმენტებით შეამკო:

„ამირი ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს. ის ენერგიით აღსავსე მოკრივეა. მოწინააღმდეგეებს დიდი ზეწოლის ქვეშ აქცევს. ფლოიდიც ძალიან ძლიერია. ის დაცვით სტილს ფლობს და, რასაკვირველია, თუ ამირს შეხვდება ორი ან სამი კომბინაცია შეიძლება ჩაუტაროს, რომელთა შედეგადაც ალბათ, რამდენჯერმე მისცხებს კიდეც, მაგრამ ხანი მთელი ბრძოლის განმავლობაში მეტოქეებს იმდენს და ისე სწრაფად ურტყამს, რომ მისი მუშტების თავიდან არიდება უძნელესი საქმეა. ამირი ფლოიდისთვის ნამდვილი პრობლემა იქნება“.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დე ლა ჰოიას ხალხის მოთხოვნაც კარგად ესმის. კრივის მოყვარულებს, უპირველეს ყოვლისა, მეივეზერის და პაკიაოს ჩხუბის ნახვა აინტერესებთ, თუმცა, „ოქროს ბიჭის“ მტკიცებით, ამ ბრძოლას, რომელიც არ არის გამორიცხული 5 მაისს გაიმართოს, მოწინააღმდეგეც ჰყავს. ეს 32 წლის ფილიპინელის (სხვათაშორის, თავისი ქვეყნის კონგრესმენის) პრომოუტერი ბობ არუმი გახლავთ.

„ბობ არუმი დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც არ უნდა მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლა გაიმართოს. არადა, ჩვენ ვცდილობთ ორგანიზება გავუკეთოთ იმას, რასაც მთელი მსოფლიო ელოდება.

ასეთი ბრძოლების მოწყობას სამი თვე მაინც სჭირდება, ამიტომაც კარგი იქნება მენი არუმს რაც შეიძლება მალე თუ შეხვდება და მოელაპარაკება. სასურველია, ეს შეხვედრა ამირ ხანისა და ლემონტ პიტერსონის ბრძოლის შემდეგ ერთ-ორ დღეში გაიმართოს. თუ ხანისა და პიტერსონის ბრძოლა ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, მაშინ, შესაძლოა, პაკიაო მეივეზერის ნაცვლად ამირს შევახვედროთ“.

ამბობენ, რომ ზემოხსენებული ბობ არუმი მეივეზერთან ბრძოლის ჩაშლას კი არ ცდილობს, არამედ მასთან უშუალოდ უნდა მოლაპარაკება და თუ პაკიაოსთან ბრძოლის შესახებ დე ლა ჰოიას ზურგსუკან გაურიგდება, „ოქროს ბიჭი“ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ფულიანი ჩხუბის მიღმა დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული