ვარსკვლავობამდე ჯერ შორია

AutoSharing Option
ამირ ხანის ოცნება სუპერმოკრივეობასა და ლამის სუპერმენობაზე ხუხულასავით დაინგრა - ვაშინგტონში ჩასულს ადგილობრივმა მოკრივემ, 27 წლის ლემონტ პიტერსონმა WBA-ის ქამარიც წაართვა და IBF-საც.

ამერიკელს გამარჯვება ქულებით მიანიჭეს. მსაჯების გადაწყვეტილები ერთსულოვანი არ ყოფილა.

არადა, 25 წლის ბრიტანელმა პირველი რაუნდი საუცხოოდ ჩაატარა - ორჯერ ჩააგდო მეტოქე ნოკდაუნში, თუმცა თავადაც მოუხდა გააფთრებული შეტევების მოგერიება. ხანს განსაკუთრებით მესამე და მეშვიდე რაუნდებში გაუჭირდა. როგორც ჩანს სწორედ ამ ორმა მონაკვეთმა გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი - ორმა მსაჯმა პიტერსონს თითო ქულით მიანიჭა უპირატესობა.

არადა, გეხსომებათ, როგორ ტრაბახობდა
ამირ ხანი შაბათამდე. პიტერსონთან გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა და უფრო შორს მიდიოდა - ველტერვეითში (65,5-დან 66,7 კილოგრამამდე) უნდა გადავიდე და ამ წონის ჩემპიონის ტიტულიც უნდა მოვიგოო. თურმე სადა ხარ, ჯერ ლაით-ველტერვეითში (63,5 კილოგრამამდე) გაქვს შენი უძლეველობა დასამტკიცებელი. ბრძოლისწინა ლაპარაკები მთლიანად ხანის გრძელვადიან მომავალს ეხებოდა, თითქოსდა პიტერსონი უკვე დამარცხებული ჰყავდა.

ვაშინგტონის ბრძოლამდე მეტოქეები ასე მივიდნენ: ბრიტანელის სტატისტიკა გახლდათ 26-1. 26 გამარჯვებიდან ხანს 18 ნოკაუტით ჰქონდა მიღწეული. სხვათაშორის, ერთადერთი წაგებით იყო პიტერსონიც: 29-1-1. ის ერთი ბრძოლა 2009 წელს WBO-ს ჩემპიონ ტიმოთი ბრედლისთან ჰქონდა წაგებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა პიტერსონის მშობლიურ ქალაქში იყო დანიშნული, ხანი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც დარბაზში ბრიტანელის სახელი და გვარი გამოაცხადეს, ვაშინგტონის საზოგადოებამ ის კარგად მიიღო.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველი რაუნდი ხანმა საუცხოოდ ჩაატარა და მეტოქე ორჯერ ჩააგდო ნოკდაუნში, ჯერ მარჯვენა, მერე კი მარცხენა ჰუკით, თუმცა რეფერი ჯოზეფ კუპერმა პირველი შემთხვევა ფეხის დაცდენად ჩათვალა. მეორე რაუნდში პიტერსონი გამოცოცხლდა, მაგრამ ბრიტანელის ერთი დარტყმა მაინც გაატარა. აი, მესამე რაუნდი კი პიტერსონისთვის დიდებული, ხოლო ხანისთვის კოშმარული იყო. მეხუთე რაუნდზე იმის თქმა შეიძლება, რომ მართალია, პიტერსონი აქტიურობდა, მაგრამ ქულებით ხანმა მოიგო.

მეშვიდეში კი ბრიტანელი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. ენარცხებოდა და ენარცხებოდა ამერიკელის დარტყმების შემდეგ ბოგირებს. მეცხრეს დასაწყისში ხანს კიდევ მოხვდა სახეში. ამ დროისათვის სახეზე ორივე მოკრივეს ეტყობოდა, რომ გვარიანად ნაცემი იყო. ბოლო დარტყმა ისევ პიტერსონისა გამოვიდა. საბოლოოდ, ორმა არბიტრმა პიტერსონის გამარჯვება დააფიქსირა: 113-112, ერთმა კი მიიჩნია, რომ 114-111 ამირ ხანმა გაიმარჯვა.

ბრძოლის შემდეგ ამირ ხანის ბანაკმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია: "უპირველეს ყოვლისა, ლემონტ პიტერსონს ამირ ხანის წინააღმდეგ შესანიშნავ ბრძოლას ვულოცავთ. მან დაამტკიცა, რომ რამდენადაც ძლიერია რინგზე, იმდენად დიდებული პიროვნებაა ცხოვრებაში.

რაც შეეხება ბრძოლის შედეგს, ხანის ბანაკი და "გოლდენ ბოი პრომოუშენზი" ვაშინგტონის საბრძოლო სახეობათა კომისიასთან, აგრეთვე WBA-სა და IBF-თან ერთად გამოკვლევას აპირებს. გვაქვს კონკრეტული შეკითხვები რეფერი ჯოზეფ კუპერთან და შესაბამისად ქულებთან, რომლებიც საბოლოოდ დაფიქსირდა. გარდა ამისა, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რემატჩს, რაზეც ლემონტმა და მისმა მწვრთნელმა, ბერი ჰანტერმა უკვე განაცხადეს თანხმობა".

საკუთრივ ხანმა პირველივე ბრძოლისშემდგომ ინტერვიუში თქვა: "ასე მეგონა ერთბაშად ორი ადამიანს ვეჩხუბებოდი. პიტესონი ნამდვილი ველურივით იბრძოდა. ის თავს ჯიუტად დაბლა ღუნავდა და მოიწევდა, რის გამოც იძულებული ვიყავი ხელის კვრით მომეშორებინა თავიდან. მოწოლის თვალსაზრისით მან შესანიშნავად იბრძოლა, თუმცა დარტყმის სიზუსტით მთელი საღამოს განმავლობაში ვჯობდი.

ახლა რემატჩი მწყურია. აქ ვარ და მინდა ის რაც შეიძლება მალე შედგეს. ვიცოდი, რომ ვაშინგტონში გამარჯვება ძალიან ძნელი იქნებოდა.

საერთოდ, ამ ქალაქში დიდი ბრძოლა 20 წელიწადია არ გამართულა, რადგან აქ მსაჯები ყოველთვის დღევანდელის მაგვარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული