ჰეის ხმაურიანი გეგმები

AutoSharing Option
31 წლის მძიმეწონოსანი ინგლისელი მოკრივე დევიდ ჰეი 40 წლის უკრაინელი ვიტალი კლიჩკოს დანოკაუტებას აპირებს. ის ამბობს, რომ ფანებს მხოლოდ ასე დაუმტკიცებს, რომ ცამდე მართალი იყო, როდესაც რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა.

საქმე ის არის, რომ ჰეიმ ივლისში ვიტალი კლიჩკოს უმცროს ძმასთან, 35 წლის ვლადიმირთან წააგო, რის შემდეგაც, ოქტომბერში განაცხადა, რომ სპორტიდან მიდის. თუმცა, ინგლისელს გუნებ-განწყობა მალე შეეცვალა და ახლა 2012 წელს WBC-ს ჩემპიონის, კლიჩკო-უფროსის გამოწვევას და დაგდებას აპირებს.

ცნობისათვის: ვიტალი კლიჩკომ გუშინწინ დაადასტურა, რომ 18 თებერვალს ჰეიეს თანამემამულე დერეკ ჩისორასთან იბრძოლებს მიუნხენში.
ამგვარად, სპორტიდან წასულ-დაბრუნებულ ინგლისელს მოცდა მოუწევს.

როგორც მოგახსენეთ, ჰეის კლიჩკოსთან ეფექტური გამარჯვება სწყურია, რადგან ხვდება, რომ სპორტიდან ჯერ წასვლისა და შემდეგ დაბრუნების შესახებ განცხადებით ფანები გააღიზიანა და მათი გულის მოგება თავიდან მოუწევს.

„სპორტიდან წასვლის შესახებ გამოვაცხადე და ახლა, რინგზე რომ ვბრუნდები ცუდად გამომდის. თითქოს ფანები მოვატყუე ან მერჩევი პოზიცია მაქვს, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - ჩემს ერთგულ ფანებს ნამდვილად არ უნდათ კრივი დამარცხებულმა დავტოვო. ზუსტად ვიცი რასაც ითხოვენ ისინი. მათ სურთ ვლადიმირ ან ვიტალი კლიჩკო ნოკაუტით დავამარცხო და თუ სპორტიდან წასვლაა, ამაყად წავიდე. ამას ვაპირებ კიდეც. მინდა საბრძოლველად ვიტალი გამოვიწვიო და ნოკაუტით მოვუგო.

იდეა სპორტიდან წასვლის შესახებ მოულოდნელად სულაც არ მომსვლია თავში. თუ ჩემს ძველ ინტერვიუებს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ წასვლაზე ადრეც ვლაპარაკობდი. ოქტომბრამდე ნახევარი წლით ადრეც ვიცოდი, რომ ასეთი განცხადება უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის რეალური შანსი“.

ზემოთ, კლიჩკოსა და 27 წლის ჩისორას დაგეგმილ ჩხუბზე მოგახსენეთ. კრივის სამყაროში 40 წლის უკრაინელის გადაწყვეტილებამ ყველა გააკვირვა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩისორა ამ წელიწადს ძალიან ცუდად გამოდის და მასთან დაპირისპირებას, ერთი შეხედვით დიდი აზრი არ აქვს. „დელ ბოიმ“ ჯერ იყო და ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ტიტულები წააგო ტაისონ ფიურისთან, შემდეგ კი მართალია, მსაჯების უსამართლობის გამო, მაგრამ რობერტ ჰელენიუსთანაც მარცხი იწვნია.

სხვათაშორის, ჩისორას ორჯერ უწყობდნენ ბრძოლას ვლადიმირ კლიჩკოსთან, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - გეგმა ორივეჯერ WBA-ის, IBF-სა და WBO-ს ქამრების მფლობელმა ჩაშალა. მიზეზი კი ორივე შემთხვევაში ვლადიმერის ჯანმრთელობა იყო.

და აი, ჩისორა როგორც იქნა კლიჩკოსთან ჩხუბს ეღირსა, ოღონდ, როგორც მოგახსენეთ, მისი მოწინააღმდეგე ვლადიმერი კი არა, ვიტალი იქნება. ინგლისელი ამბობს:
„მე ვიტალი კლიჩკოს ვაჩვენებ, რომ მისი დრო წასულია. კრივიდან სამუდამუდ გავისტუმრებ“.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს ბრძოლა ხელს შეუშლის ჰეისა და ვიტალი კლიჩკოს ჩხუბს, რომელიც თავდაპირველი გეგმის თანახმად მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ივნისისთვის გადაიდება. თუმცა, ჰეი ამის გამო მოთმინებას არ დაკარგავს. ის ამბობს, რომ უკრაინელს რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დაელოდება.

"როდის შევებრძოლებით მე და ვიტალი ერთმანეთს, უცნობია, მაგრამ ჩვენს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუ ბრძოლა ცოტა ხნით დაყოვნდება, არა უშავს. ამის გამო მე ფორმას არ დავკარგავ. მეტიც, რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმდენ ხანს დავიცდი. ის 40 წლისაა, მე - 31-ის. ხუთი წლის მერეც რომ აპირებდეს კრივისთვის თავის დანებებას, მზად ვარ დაველოდო“.

აზერბაიჯანი გაამართლეს
სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) სპეციალურმა კომიტეტმა უსაფუძვლო უწოდა აზერბაიჯანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას იმის თაობაზე, თითქოს ამ ქვეყნის კრივის ფედერაცია ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე საკუთარი მოკრივეებისთვის ორ ოქროს მედლის "ყიდვას" აპირებდა.

სპეციალური კომისია AIBA-მ მას შემდეგ შექმნა, რაც 2011 წლის სექტემბერში BBC-ის არხზე გავიდა პროგრამა Newsnight, სადაც მოთხრობილი იყო სპორტული ჩინოვნიკების მოსყიდვის მცდელობის შესახებ. BBC-ის რეპორტიორებმა მიიღეს ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ხელმძღვანელმა ქამალადინ ჰეიდაროვმა 10 მილიონი დოლარი გადარიცხა მსოფლიოს საკრივო სერიის (WSB) ანგარიშზე. ამ ორგანიზაციების ტურნირები სწორედ AIBA-ს ეგიდით იმართება.

AIBA-ს კომიტეტმა ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ ამ მოსაზრების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. კომიტეტი იტყობინება, რომ აზერბაიჯანელმა მეწარმემ ჰამიდ ჰამიდოვმა WSB-ის ანგარიშზე მართლაც გადარიცხა 9 მილიონი დოლარი, მაგრამ ეს კომერციული მიზნებით გააკეთა. კომიტეტის ინფორმაციით, ინვესტორთან ოლიმპიური მედლების საკითხი არ განხილულა.

როგორც BBC Sport იუწყება, ტელეკომპანია კვლავინდებურად საკუთარ აზრზე რჩება AIBA-ში აზერბაიჯანულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. BBC-ის ჟურნალისტებს მუდმივი კონტაქტი აქვთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ათეულში ცვლილებაა
კრივის სამყაროში ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა - The Ring-მა განაახლა ტრადიციული რეიტინგი, რომელშიც ერთად არის თავშეყრილი ყველა წონის საუკეთესო მოკრივე.

პირველ ათეულში ერთი ცვლილება მოხდა. მეათე ადგილი დაკარგა უმჩატეს წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჯოვანი სეგურამ. მის ადგილზე პრეტენზიას რამდენიმე ძლიერი მოკრივე აცხადებდა, მაგრამ ყველას აჯობა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ.

დღეისთვის The Ring-ის რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. მენი პაკიაო (32 წლის)
2. ფლოიდ მეივეზერი (34)
3. სერხიო მარტინესი (36)
4. ნონიტო დონერი (29)
5. ხუან მანუელ მარკესი (38)
6. ვლადიმერ კლიჩკო (35)
7. პონგსაკლელ ვონჯონგკამი (34)
8. ტიმოტი ბრედლი (28)
9. ანდრე უორდი (27)
10. ვიტალი კლიჩკო (40)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული