34 წლის ბრიტანელი ატლანტიკ სიტიში ვარჯიშობს და საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ ანდრე უორდს უნდა შეხვდეს. უორდი მასზე ახალგაზრდაა - 27 წლის გახლავთ.
ფროჩმა თქვა: "როდესაც უცხო ქვეყანაში ჩხუბობ, ყოველთვის დგახარ ქულების არაობიექტურად დათვლის საშიშროების წინაშე. პირდაპირ გეტყვით, აქ რომ გაიმარჯვო, მოწინააღმდეგეზე ერთი თავით უკეთ უნდა იბრძოლო".
მოგეხსენებათ, ფროჩის ამ განცხადებას წინ უძღოდა მისი თანამემამულის, ამირ ხანის მარცხი ვაშინგტონში ადგილობრივ ლემონტ პიტერსონთან. ამ ბრძოლაში ბრიტანელი იმიტომ დამარცხდა, რომ
უორდისა და ფროჩის ბრძოლას ნიუ-ჯერსელი რეფერი სტივ სმოგერი გაუძღვება. ცნობისათვის - უორდი 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონია. რაც შეეხებათ მსაჯებს, ქულებს კანადელი, ამერიკელი და ინგლისელი დაითვლიან.
ფროჩი განაგრძობს: "დარწმუნებული ვერასდროს ვერაფერში იქნები. მაგალითად, აქ, ატლანტიკ სიტიში გლენ ჯონსონი პირწმინდად დავამარცხე, მაგრამ ერთ-ერთმა მსაჯმა ფრე დააფიქსირა. იოლად დავამარცხე ანდრე დირელი, მაგრამ ერთმა მსაჯმა გამარჯვებულად ის მიიჩნია. მიკელ კესლერთან დიდებული ჩხუბის შედეგი კი აშკარად ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა, ბრძოლა დანიაში რომ არ გამართულიყო. დანიის გარდა ნებისმიერი ქვეყანა მაწყობდა.
არტურ აბრაჰამს სიამოვნებით ჩაუთვლიდნენ ჩემთან გამარჯვებას, მისთვის თვალსაჩინოდ რომ არ მეჯობნა. ამიტომ, უორდთან ბრძოლაში სხვა გზა არ მაქვს. მე მას ისე უნდა ვაჯობო, რომ მსაჯებმა მიკერძოება ვერ მოახერხონ. არადა, უორდი აბრაჰამთან შედარებით გაცილებით უკეთესი მოკრივეა.
ერთი სიტყვით, უორდს მთელი ძალით უნდა ვურტყა და თუ ამან არ გაჭრა, მაშინ მტკივნეულ ადგილებშიც უნდა დავუმიზნო".
როდესაც ბოლო სიტყვებს ამბობდა, ფორჩი იღიმებოდა, მაგრამ ამ ხუმრობაში მისი ნამდვილი გადაწყვეტილება უფრო გამოსჭვივოდა.
აშკარაა, რომ ბრიტანელი ამერიკელს ნამდვილ ცემას უპირებს. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, გარკვეულ როლს მისი პატრიოტული თავმოყვარეობაც თამაშობს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხანმა პიტერსონთან წააგო, მანამდე კი დევიდ ჰეიმ ვლადიმირ კლიჩკოსთან იწვნია მარცხი. მოკლედ, ბრიტანელ ფანებს მისი იმედიღა აქვთ. სხვათაშორის, ჰეი ატლანტიკ სიტიშია, სადაც ფროჩის გულშემატკივრობას აპირებს. გასულ შაბათს ის ვაშინგტონში იყო და ხანს ქომაგობდა. ამავდროულად ჰეი ცდილობს გაარკვიოს - მოახერხებენ თუ არა პრომოუტერები 2012 წელს მისი და ვიტალი კლიჩკოს ბრძოლის მოწყობას.
თუმცა, ფროჩს დავუბრუნდეთ. ის მეტისმეტად მშვიდად არის და დარწმუნებულია, რომ ბრიტანელების შელახულ ღირსებას აღადგენს:
"უკვე რამდენიმე წელია ინგლისში ჩემზე ძლიერი მოკრივე არ არსებობს. ვფიქრობ, მას მერე რაც ამირმა წააგო, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება. თუ ხალხი ამის გამო დამაფასებს დიდებული იქნება, თუ არა და, არც მაგის გამო მოვიკლავ თავს. მე ხომ ვიცი, რომ ელიტარული მოკრივე ვარ.
ამირი, რასაკვირველია, ყოველთვის ფანტასტიკურად იბრძოდა, მაგრამ ეტყობა ელიტაში მოსახვედრად მაინც არ არის მზად. რა მიზეზითაც არ უნდა დამარცხებულიყო პიტერსონთან, ფაქტია, რომ ველტერვეითისთვის ის მზად არ არის. ის ჯერ თავის წონაში უნდა დარჩეს, ქამრები დაიბრუნოს და მხოლოდ ამის მერე იფიქროს დიდ წარმატებებზე".
ფროჩი ჰეის მსგავსად სპორტიდან წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს, არადა ყმაწვილი ნამდვილიად აღარ არის:
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარიერის მწვერვალზე ვარ. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ჩხუბს კიდევ ოთხი წლის განმავლობაში შევძლებ, 38 წლისა კი შეიძლება დავემშვიდობო რინგს. რატომ უნდა წავიდე სპორტიდან? უორდს რომ დავამარცხებ, უამრავ სხვა მოკრივეს გამოვიწვევ. მაგალითად, ლუსიან ბუტეთი დავიწყებ".
31 წლის რუმინელი ბუტე IBF-ის ტიტულს ფლობს, ფორჩი WBC-ს ქამრის მფლობელია, ხოლო უორდი WBA-ის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"