სხარტი და სამაგალითო

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, შაბათს, ატლანტიკ სიტის „ბორდუოქ ჰოლში“ ერთმანეთის პირისპირ სუპერსაშუალოწონისნები - ამერიკელი ანდრე უორდი და ბრიტანელი კარლ ფროჩი წარსდგებიან.

უორდი WBA-ს ჩემპიონია, ფორჩი კი WBC-ის ქამარს ფლობს. ბრიტანელი 34 წლის გახლავთ. მისი სტატისტიკაა: 28 გამარჯვება (22 ნოკაუტით) და ერთი დამარცხება. 27 წლის ამერიკელს კი კარიერაში 24 ბრძოლა ჩაუტარებია და ყველა მოუგია, მათგან 13 ნოკაუტით.

უორდი და ფროჩი იმ შეჯიბრების ფინალისტები არიან, რომელსაც ტელეკომპანია „შოუთაიმი“ გერმანელი პრომოუტერის - ვილფრედ ზაურლენდის ფირმა „საურლენდ ივენთთან“ ერთად ატარებს და რომელსაც Super Six World Boxing Class
ეწოდება. ტურნირის გამარჯვებულს გადაეცემა ჟურნალ „რინგის“, WBA-ს და WBC-ს ქამრები ანუ სუპერსაშუალო წონაში "ჩემპიონთა ჩემპიონად" ცხადდება.

გუშინ, კარლ ფროჩის შესახებ გელაპარაკეთ და მოახლოებული ბრძოლისადმი მისი მოსაზრებები გაგაცანით, დღეს კი უორდის ვიდეო პრესკონფერენციის ამბავს გიამბობთ. ცნობისათვის - ანდრე უორდი თავს S.O.G-ს ანუ Son of God-ს (ქართულად "ღვთის შვილს") უწოდებს.

ორიოდ სიტყვით ამერიკელი მოკრივის შესახებ: ის ბუნებამ განსაკუთრებული ღონით არ დააჯილდოვა, მაგრამ მეტოქეების ძლიერი დარტყმით გათიშვა მისი სტილი არც არის. მას ვინმეს ფიზიკური დაჩაგვრა არ სჭირდება, რადგან აქცენტს საზრიანობასა და სისხარტეზე აკეთებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს, ამ სტილის მოკრივეთა შორის ყველაზე დახვეწილი სწორედ უორდია - ის აკეთებს ზუსტად იმას და იმდენს, რაც კონკრეტული მეტოქის დასამარცხებლად არის საჭირო. Super Six World Boxing Class-ზე არტურ აბრაჰამის, საკიო ბიკას, ალან გრინისა და მიკელ კესლერის დამარცხებამ ფანებს კიდევ ერთხელ შეახსენა მისი დადებითი თვისებები.

„შაბათს უდიდესი ბრძოლა მელის და ასეთი რანგის დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთე - თქვა უორდმა. - ფიზიკურად საუცხოოდ ვარ მომზადებული. როდის უნდა შევჩერდე, დედამიწის ზურგზე ერთადერთმა ადამიანმა - ჩემმა მწვრთნელმა იცის. მან რომ არ გამაჩეროს და ჩემს ნებაზე მიმიშვას, რინგზე ხტუნვასა და გადაადგილებას წამითაც არ შევწყვეტ. ყველაფერი, რაც გეგმის მიხედვით უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე. მენტალურადაც მზად ვარ. ნებისმიერ წამს შემიძლია ავფეთქდე“.

მიმომხილველებმა უორდის ბოლო სიტყვებზე გაამახვილეს ყურადღება. მან თქვა - ნებისმიერ წამს შემიძლია ავფეთქდეო, არადა იმპულსურობა მისი სტილი ნამდვილად არ არის. ის სხარტი, მაგრამ თანმიმდევრული მოკრივეა, რომელიც ჭკვიანურად, დაჟინებით მიიწევს გამარჯვებისკენ. პრესკონფერენციაზე სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს კიდეც. მან უპასუხა:

„სტილის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა. მე ყოველთვის საკუთარი პრინციპების ერთგული დავრჩები. რაც ვარ, ის უნდა ვიყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ჩემი დაჟინება, სტილი, მეთოდურობა მოსწონს. ეს ის ხალხია, ვინც კრივთან კავშირში არ არის. ისინი უბრალო ფანები არიან. ერთმა ისიც კი მითხრა, რომ მე წესიერი ქცევისა და თავშეკავებულობის მაგალითი ვარ და სურს თავის ქალ-ვაჟს ჩემი ბრძოლები აყურებინოს“.

ბრიტანელები კი დარწმუნებულები არიან, რომ ატლანტიკ სიტიში უორდის სასარგებლო და ფროჩის საწინააღმდეგო მსაჯობას ნახავენ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ამირ ხანმა, რომელმაც გასულ შაბათს, ლაით-ველტერვეითში ჩემპიონის ტიტული დაკარგა და ახლა, ამერიკელ ლემონტ პიტერსონთან წაგებას მსაჯობას აბრალებს. შეგახსენებთ, რომ ხანისა და პიტერსონის ბრძოლაც ამერიკაში, კერძოდ პიტერსონის მშობლიურ ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.

„კარლს ნანახი ექნება როგორ გამძარცვეს ერთი კვირის წინ და როგორც წამაგებინეს ბრძოლაში, რომელიც სინამდვილეში მოვიგე. უორდის დასამარცხებლად ერთადერთი გზა არსებობს: ის ახლოს არ უნდა მიიკარო და როგორც კი მომენტს უხელთებ, ნოკაუტში უნდა ჩააგდო. თუ საქმე ქულების დათვლაზე მიდგა, მსაჯები ამერიკელის მხარეს დაიჭერენ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული