ავთანდილ ხურციძემ "ვერცხლის" ქამარი მოიპოვა

AutoSharing Option
ვიდეო
ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ მორიგი წარმატებული ბრძოლა ჩაატარა.

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მან განელი ოსი დურანი დაამარცხა და საბჭოს (WBC) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის "ვერცხლის ქამარი" მოიპოვა.

საბჭოს ვერსიის ტიტული პროფესიულ კრივში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, თუმცა აქ დიდი არეულობაა და ძნელი გასაგებია, ვინაა მსოფლიოს ჩემპიონი და ვინ პრეტენდენტი.

ხურციძის წონაში, 72,6 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონად მექსიკელი ხულიო-სეზარ ჩავესი ითვლება, "საპატიო" ჩემპიონი და "ბრილიანტის" ქამრის მფლობელია არგენტინელი სერხიო მარტინესი, ხოლო მთავარი პტრეტენდენტია კიდევ ერთი მექსიკელი მარკო რუბიო, ვისაც ჩავესი წესების
დარღვევით იგნორირებას უკეთებს და რინგზე არ ხვდება. აი, ასეთ კრებულში გაერია ქართველი მოკრივე.

ხურციძეს განელ ოსი დურანითან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გადახდა. საწყის რაუნდებში მეტოქე უფრო აქტიურობდა, ხურციძე კი თანდათან იხსნებოდა. მესამე რაუნდში "ტორნადოდ" წოდებულ ქართველს პირველად მოუხდა რეფერისგან სანოკდაუნე ათვლის მოსმენა, თუმცა ეს არ იყო კლასიკური ნოკდაუნი - მეტოქემ მხარში მოარტყა ხურციძეს და წონასწორობა დააკარგვინა.

ბრძოლის მესამე მესამედში ქართველმა მოკრივემ ზუსტი დარტყმებით წალეკა მეტოქე, რომელიც თავს იცავდა და დროდადრო კონტრ-უტევდა, თუმცა მისი დარტყმების რაოდენობა ქართველისას ჩამორჩებოდა და ხურციძემ ბრძოლის ბოლოს წინ გასვლა მოახერხა. სამი მსაჯიდან ორმა "ტორნადოს" უპირატესობა დათვალა, ხოლო მესამემ ფრე გამოაცხადა და საინტერესო და სანახაობრივ ბრძოლაში გამარჯვება ხურციძეს დარჩა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული