მეივეზერი ციხეში 6 იანვარს ჩაჯდება. ასე რომ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გაზაფხულისთვის დაგეგმილი ბრძოლა ფლოიდსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის.
"დღეების დასათვლელად კალკულატორი საჭირო არ არის, - განაცხადა სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ პაკიაოს წარმომადგენელმა. - მეივეზერს უბრალოდ დრო არ ექნება მენისთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად".
თუმცა ამერიკელი მთლად უშანსოდ არ
ამ შემთხვევაში, მეივეზერი 11 მარტს თავისუფალი იქნება. პაკიაოსთან ჩხუბის ზუსტი თარიღი ჯერ დათქმული არ არის. თავდაპირველად ლაპარაკობდნენ 5 მაისზე, თუმც მეივეზერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძოლა ლას ვეგასში ივნისში გაიმართება.
თითქოს ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ბრძოლა წელს ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. რომ არა ორი დღის მეივეზერის აღიარებითი ჩვენება, ის, შესაძლოა, წელიწადნახევრით ჩაესვათ ციხეში. თუმცა პროკურორს იმედი აქვს, რომ მოკრივეს კიდევ უფრო მკაცრად დასჯიან.
მეივეზერს არაერთხელ ჰქონია კანონთან პრობლემები, რომელთაგანაც ყველაზე უწყინარი იყო გადასახადებისთვის თავის არიდება. გასულ წელს სკანდალურმა მოკრივემ პარკინგის თანამშრომელი გალახა, მაგრამ ჯარიმის გადახდა აკმარეს.
ინციდენტი, რომლის გამოც ფლოიდი ციხეში გაისტუმრეს, 2010 წლის სექტემბერში მოხდა. მოკრივემ შეიტყო, რომ მისი მეგობარი გოგონა - ჯოზი სხვა მამაკაცთან ღალატობდა. მეივეზერმა თავდაპირველად შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, შემდეგ კი საქმეზე გადავიდა და ჯოზის რამდენიმეჯერ სახეში უთავაზა.
"ის ყოველთვის პოულობს პრობლემებს, - განაცხადა პროკურორმა ლიზა ლუზაჩმა. - ყველაფერში თავად არის დამნაშავე და მხოლოდ თვითონ შეუძლია გამოძვრეს ამ მდგომარეობიდან. ბევრი შესაძლებლობა აქვს იმის გასაცნობიერებლად, რომ არასწორად იქცევა. ჰქონდა გამოსწორების შანსი, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ციხემ შეიძლება შეცვალოს რაღაც მეივეზერის ცნობიერებაში".
როცა მოსამართლემ განაჩენი გამოცხადა, მეივეზერი აბსოლუტურად მშვიდად და აუღელვებლად გამოიყურებოდა. "განაჩენი სამართლიანია, - თქვა მოსამართლე მელისა სარაგოსამ. - მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ ხარ და რას მიაღწიე. ვალდებული ხარ პასუხი აგო შენს საქციელზე და არ უნდა დაუშვა ძალადობა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"