ცოტა საგზური და ბევრი მაძიებელი

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივეებმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედალი (ზაალ კვაჭატაძე - 69 კგ, ჯაბა ხოსიტაშვილი - 75, მიხეილ ბახტიძე - +91) მოიპოვეს, რაც საიმისო საფუძველს იძლეოდა, რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის 2-3 ლიცენზიისთვის იბრძოლებენ. სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით ჩვენებურები ბაქოში უსაგზუროდ დარჩნენ.

რა პერსპექტივა გვაქვს წლეულს? - ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი, კრივის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და მსაჯთა კომისიის წევრი ვლადიმერ ახალკაცი:

- წინა წლებთან შედარებით ამჯერად ოლიმპიური თამაშების
ლიცენზიების მოპოვება საკმაოდ გართულებულია. კვოტები გადანაწილდა კონტინენტების მიხედვით.

ევროპას 80 საგზური ერგო, ანუ თითოეულ წონაში - რვა-რვა. აქედან ექვსი ლიცენზია ბრიტანელებს გადაეცათ, როგორც თამაშების მასპინძლებს. 74-დან 58 საგზური ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გათამაშდა. დარჩა - 26. მათგან 5 ლიცენზია 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 3 - 52-ში, 4 - 56-ში, 4 - 60-ში, 1 - 64-ში, 2 - 69-ში, 1 - 75-ში, 3 - 81-ში, 1 - 91-ში და 2 მძიმე წონაში. ამ ციფრებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა რთული იქნება ბრიტანეთის დედაქალაქში მოხვედრა.

ბოლო საგზურების მფლობელები კი სტამბოლში (შესაძლოა, ტრაბზონში) 13-21 აპრილს გაირკვევა. არადა, მაძიებელი საკმაოდ ბევრია. სალიცენზიო ტურნირისთვის ქართველი მოკრივეები ინდივიდუალურად უკვე ემზადებიან. 20 იანვარს ნაკრები მთავარი მწვრთნელის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით საერთო ფიზიკური მომზადებისთვის ბაკურიანს მიაშურებს.

8-21 თებერვალს ჩვენები სოფიაში ბულგარელებთან ერთად გაივლიან საწვრთნელ შეკრებას და იქვე სტრანჟას საერთაშორისო ტურნირშიც გამოცდიან ძალებს. მარტის პირველ რიცხვებში აზერბაიჯანელებთან ერთად იგეგმება საწვრთნელი შეკრება და შემდეგ ბაქოს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა. მარტის ბოლო დეკადაში ქართველი მოკრივეები ჩეხეთის ტურნირზეც გამოვლენ. პირველიდან 13 აპრილამდე სტამბოლში მასპინძლებთან ერთად ვივარჯიშებთ და სალიცენზიო ტურნირში ჩავებმებით.

- შეკრებაზე ნაკრები სრული შემადგენლობით გაემგზავრება?
- აუცილებლად. შეკრებებზეც და სალიცენზიო ტურნირშიც ათივე მოკრივე მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ჩვენ ორ წონით კატეგორიაში ვვარაუდობთ ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, ბიჭებმა სხვა წონებში უკეთ იასპარეზონ. ამგვარ შეჯიბრებებში ხომ ფიზიკურ, ტექნიკურ და ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად უდიდეს როლს ფსიქოლოგიური მომზადებაც თამაშობს.

ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მოკრივეები და მათი მწვრთნელები ყველაფერს იღონებენ საიმისოდ, რომ ლონდონის ოლიმპიადამ უჩვენოდ არ ჩაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული