არტურმა პირველივე რაუნდიდან დაამტკიცა თავისი უპირატესობა - კარგად მუშაობდა მისი ჯები, ხოლო არგენტინელის მხრიდან შეტევის ყველა მცდელობა აბრაჰამის საიმედო დაცვით ნეიტრალდებოდა. მეორე რაუნდში ფარიასი უფრო აქტიურად ამოქმედდა, მაგრამ
ექვსი წუთი იკმარა გერმანელმა მეტოქის ფსიქოლოგიურად გასატეხად და მესამე რაუნდიდან მოყოლებული საქმეზე გადავიდა. მასპინძელს შესანიშნავი ორმაგი შეტევები გამოსდიოდა და რეგულარულად ხვდებოდა მიზანში მისი დარტყმები. ფარიასი დაბნეული ჩანდა და მისთვის ეს რაუნდი შეიძლებოდა სავალალოდ დასრულებულიყო, მაგრამ არგენტინელი გონგმა გადაარჩინა.
ბრძოლის ბედი მეხუთე რაუნდში გადაწყდა. თავდაპირველად, გერმანელმა რამდენიმე გვერდითი დარტყმით პირველად ჩააგდო ნოკდაუნში ფარიასი. მორიგი ორი დარტყმის შემდეგ ფარიასი ისევ იატაკზე აღმოჩნდა. მესამე ნოკდაუნი გადამწყვეტი და ყველაზე სასაცილო აღმოჩნდა - როგორც ჩანს, არგენტინელი მიხვდა, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა და უბრალოდ რინგზე დაეცა, არადა, აბრაჰამს ზუსტი დარტყმა არ შეუსრულებია.
ასე შეწყვიტა "მეფე არტურმა" თავის კარიერაში ყველაზე უიღბლო სერია, რომელიც ზედიზედ სამ მარცხს მოიცავდა. თუმცა მეტოქის დონე შეიძლებოდა უფრო მაღალი ყოფილიყო. ამიტომაც ჯერ რთულია იმის თქმა, რა ელოდება აბრაჰამს უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. საქმე ისაა, რომ მის სწორხაზოვან სტილში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"