ქართველი მოკრივეები შეკრებაზე იმედიანი განწყობით

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივეებმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედლის (ზაალ კვაჭატაძე, ჯაბა ხოსიტაშვილი, მიხეილ ბახტიძე) მოპოვების შემდეგ ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურებიც ვერ დაიბევეს. ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებლად მათ ერთი შანსი რჩებათ - 8-13 აპრილს თურქული ტრაბზონი ევროპელთათვის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. გათამაშდება 26 საგზური: 49 კილოში - 5, 52-ში - 3, 56-ში - 4, 60-ში - 4, 64-ში - 1, 69-ში
- 2, 75-ში - 1, 81-ში - 3, 91-ში - 1, +91-ში - 2.

როგორც ვხედავთ, ლიცენზიათა რაოდენობა არც ისე ბევრია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქებს და ფრანგებს ჯერჯერობით ოლიმპიადის არც ერთი ადგილი არა აქვთ დაჯავნილი, სომხებსა და ბულგარელებს თითო საგზური აქვთ, რუსებს, იტალიელებს, აზერბაიჯანელებსა და ირლანდიელებსაც ოლიმპიური გუნდები ბოლომდე არა ჰყავთ დაკომპლექტებული.

ყოველივეს გათვალისწინებით, საგზურებისთვის ბრძოლა მეტად უშეღავათო იქნება. ამგვარ სიტუაციაში რას აპირებს საქართველოს ნაკრები, ამის შესახებ მისი თავკაცი რამაზ ფალიანი გვესაუბრება:
- სალიცენზიო ტურნირისთვის ინტენსიური მზადება 3 იანვრიდან დავიწყეთ. კობა ფხაკაძე და მიხეილ ბახტიძე ქუთაისში ვარჯიშობენ ზაალ ჯავახაძის ხელმძღვანელობით, იაგო კიზირიას და გოგა კოტუას ფოთში თემურ ოჩიგავა ამეცადინებს, დანარჩენები კი პირადი მწვრთნელების მეთვალყურეობით თბილისში ხვეწენ ოსტატობას. 20 იანვრიდან ბაკურიანს მივაშურებთ საერთო-ფიზიკური მომზადებისთვის.

შეკრებაზე დაახლოებით 35-მდე სპორტსმენს წავიყვანთ როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში. ოთხი თებერვლიდან აბოვიანში სომხებთან ერთად ვივარჯიშებთ და მერე პლოვდივის საერთაშორისო ტურნირზე 10-კაციანი გუნდით გავემგზავრებით. ამ შემადგენლობაში არ იქნებიან შარშანდელი ევროპის პრიზიორები - კვაჭატაძე და ხოსიტაშვილი. ისინი მოყვარულ მოკრივეთა მსოფლიო საკლუბო პირველობაში (ვსბ) მონაწილეობენ: ზაალი ლოს ანჯელესის, ჯაბა კი სტამბოლის კლუბის სპორტულ ღირსებას იცავს.

ისინი მარტიდან შემოგვიერთდებიან და საკუთარ წონებში კონკურენტებთან საკონტროლო ორთაბრძოლების შემდეგ ნაკრებში ადგილს თუ დაიბევებენ, მარტის პირველ დეკადაში ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს, მერე ალმათიში ყაზახებთან, მარტის მიწურულიდან კი თურქეთში მასპინძლებთან ერთად გავივლით საწვრთნელ შეკრებებს, 8 აპრილიდან სალიცენზიო ტურნირში ჩავებმებით.

უწინ ოლიმპიადების საგზურებისთვის 3-4 შეჯიბრება მაინც იმართებოდა, ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მხოლოდ ერთი პაექრობაა, ისიც შეზღუდული კვოტებით. აქამდე წლევანდელი ოლიმპიადის 2-3 საგზურის მოპოვებას ვვარაუდობდით, ამჯერად ერთი ლიცენზიაც დიდი წარმატება იქნება. მთავარია, უიმედოდ არ ვართ. ვფიქრობთ, რომ ლონდონის ოლიმპიადა უჩვენოდ არ ჩაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული