ფლოიდ მეივეზერი მიგელ კოტოს შეხვდება

AutoSharing Option
ნახევრადსაშუალო წონაში (66.7 კგ) WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი მორიგ ბრძოლას პირველ საშუალო წონაში (69.8 კგ) WBA-ის ვერსიით ჩემპიონთან, პუერტორიკოელ მიგელ კოტოსთან გამართავს. შეხვედრა, რომელშიც კოტოს კუთვნილი საჩემპიონო ქამარი გათამაშდება, 5 მაისს ლას ვეგასში ჩატარდება.

31 წლის კოტო მეხუთე მოკრივეა, ვისაც რინგზე თანამედროვეობის ორ საუკეთესო მებრძოლთან მოუწია დაპირისპირება.

2009 წლის ნოემბერში მან მე-12 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო ფილიპინელ მენი პაკიაოსთან. ახლა, მას არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ მეივეზერთან.

ფლოიდ მეივეზერი: "მიგელ კოტო - უმაღლესი დონის მოკრივეა,
რომელიც კვლავაც ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასთან მისსავე წონაში გაჯიბრება სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ სწორედ ასეთი ბრძოლებისას ვიღებ დიდ მოტივაციას, რათა უფრო მეტად მონდომებით ვივარჯიშო. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი ტიტულების კოლექცია შეივსება, კოტოს ბატონობა კი 5 მაისს დასრულდება".

მიგელ კოტო: "მე აქ იმისთვის ვარ, თანამედროვე კრივის საუკეთესო წარმომადგენლებს ვეჩხუბო. არც ერთ მეტოქესთან ბრძოლისთვის თავი არ ამირიდებია. ყველა გამოწვევას ვიღებდი, რათა ჩემი თაყვანისმცემლებისთვის მიმეცა ის, რაც მათ მოსწონთ - სანახაობრივი ბრძოლები. 5 მაისს მე დამაჯერებლად დავამარცხებ ფლოიდ მეივეზერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული