სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლები გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) ინიციატივით ვერის ბაღში გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში მეშვიდე წელიწადია, პროფესიონალ მოკრივეთა სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლები ეწყობა.

ეს ორგანიზაცია უკვე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. გუშინ 18-მა მათგანმა სარეიტინგო პაექრობები გამართა, მათ შორის ხუთი დებიუტანტი იყო.

მართალია, პროფესიულ რინგზე პირველად მოსინჯეს ძალები დუშელებმა - არჩილ მჭედლიშვილმა (56 კგ) და ომარ ციხელაშვილმა (75), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 4-რაუნდიან შეხვედრებში ქულებით დაემარცხებინათ ბორჯომელები - როლანდ დიდმანიძე (40:37) და დავით რიბაკონი (40:39), ორმა დებიუტანტმა კი
გამოცდილ მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია: თბილისელმა შალვა წამალაიძემ (69) მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო გამოცდილ ვარიანელ მიხეილ ხუციშვილთან. ამ უკანასკნელს პროფესიულ რინგზე 39 ბრძოლა (20 მოგება, 16 მარცხი, 3 ფრე) აქვს გამართული.

ბორჯომელმა ნოდარ რობაქიძემ (69 კგ) ახალ ამპლუაში გუშინ მეორე შეხვედრა ჩაატარა ვარიანელ დებიუტანტ რამაზ გოგიჩაშვილთან, რომელიც მე-3 რაუნდში ნოკდაუნში გაგზავნა. ბრძოლის განახლებისთანავე შიდაქართლელთა მწვრთნელმა გოგიჩაშვილი რინგიდან მოხსნა და გამარჯვება რობაქიძეს მიენიჭა.

გამოცდილმა ალექსანდრე ვახტანგაშვილმა (ვარიანი, 64) 40:36 აჯობა მამუკა გუკასიანს (ბორჯომი), გიორგი ნადირაძემ (ვარიანი, 60) ქულით სძლია (40:39) მიხეილ წითლანაძეს (ბორჯომი). სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა: მიხეილ ავაკიანი (ბორჯომი, 62) - რუბენ მოვსესიანი (თბილისი) 59:59, ვასილ მჭედლიძე (ვარიანი, 69) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) 60:60, გიგა ლაბაძე (ბორჯომი, 91) - ბადრი გიგოლაშვილი (გორი) 40:40.

პროფესიული კრივის ასოციაციაში გამოცდილი სპორტსმენებიც ირიცხებიან. მათგან ოთხი თებერვალში უცხოეთში გამართავს პაექრობებს.

ლევან ჯომარდაშვილი (90) თავის 31-ე ორთაბრძოლაში 11 თებერვალს ჰამბურგში მსოფლიოს კრივის ორგანიზაციის (WBO) აზიის ქამრისთვის გერმანელ კაი კურსავას დაუპირისპირდება. 17 თებერვალს პოლონურ ოსტინში შალვა ჯომარდაშვილი (75) მასპინძელ დარიუშ სეკს შეხვდება. შალვა (35 ბრძოლა პროფესიულ რინგზე) და მისი მეტოქე (15 შეხვედრა) 10-რაუნდიან პაექრობაში მსოფლიო კრივის ფორუმის (WBF) ქამრისთვის შეეცილებიან ერთმანეთს.

ბექა ქაჯაია (64) ჰამბურგს გაემგზავრება და 18 თებერვალს 45-ე პაექრობას გამართავს უკრაინელ სერგეი ბედჩენკოსთან (30 შეხვედრა). 21 თებერვალს მინსკის რინგზე მასპინძელ ალექსეი კონოკოსთან სარეიტინგო ორთაბრძოლა ექნება ვარიანელ ბორის მდინარაძეს (72). შარშან სექტემბერში მან ტანზანიელი სელემან საიდის ძლევით (მე-4 რაუნდში ნოკაუტით მოუგო) ახალგაზრდებში მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ქამარი დაიმსახურა, რომლის დაცვაც წლეულს ზაფხულში მოუწევს, სავარაუდოდ - საქართველოში.

რაც შეეხება მომდევნო საშინაო სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლებს, ისინი მარტისთვისაა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული