მენი პაკიაომ მეტოქე გაარკვია

AutoSharing Option
ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო თავის მომდევნო ბრძოლას ამერიკელი ტიმოტი ბრედლის წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ გვამცნო "პაკმენის" პრომოუტერმა ბობ არუმმა. ოფიციალურად პაკიაოსა და ბრედლის ბრძოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება. შეხვედრა 9 ივნისს ლას ვეგასში გაიმართება.

ბოლო თვეებში მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებული მენი პაკიაო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფლოიდ მეივეზერთან, მაგრამ მოკრივეები ბრძოლის ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომაც მათ შორის 5 მაისს შეხვედრა არ დაინიშნა. პაკიაო ითხოვდა საერთო ჰონორარის თანაბრად გაყოფას, მეივეზერი კი ფილიპინელს ან 40 მილიონ დოლარს ან საერთო შემოსავლის 40 პროცენტს სთავაზობდა.
პაკიაომ ორივე წინადადებაზე უარი განაცხადა.

გარდა ამისა, ფილიპინელთან ბრძოლის კანდიდატებად მიიჩნეოდნენ: ხუან მანუელ მარკესი, ლემონტ პიტერსონი და მიგელ კოტო. დღეისთვის პაკიაო WBO-ის ვერსიით 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონია.

რაც შეეხება ბრედლის, ის ასევე WBO-ის ტიტულს ფლობს 63 კილოგრამში. პაკიაოსა და ბრედლის ბრძოლა 66-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართება, ასე რომ, ამერიკელის ტიტული 9 ივნისს არ გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული