მოგება შურისძიების გარეშე

AutoSharing Option
ვიტალი კლიჩკომ მიუნხენში ქულებით დაამარცხა ბრიტანელი დერეკ ჩისორა და შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტული. თუმცა უკრაინელის მიერ დაპირებული ნოკაუტი არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე ჩისორამ კლიჩკოს სილა გააწნა (იხილეთ ვიდეო), ვიტალიმ კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ რინგზე იძიებდა შურს. სხვათა შორის დერეკმა ბრძოლის წინ ვლადიმერ კლიჩკოს წყობიდან გამოყვანაც სცადა - პირში წყალი ჩაიგუბა და უმცროს კლიჩკოს სახეში შეასხა (იხილეთ ვიდეო). მაგრამ ამ უკანასკნელმაც თავი შეიკავა და ძმას წარმატება უსურვა.

ამ ყველაფრის გამო შურისძიება სრულფასოვანი არ
გამოვიდა: ჩისორამ კარგი ბრძოლა ჩაატარა, 12 რაუნდი გაძლო და აიძულა უკრაინელი სრული ძალით ემოქმედა რინგზე. "მეტოქემ დიდი ძალა დახარჯა იმისთვის, რომ ბრძოლა მაყურებელს მოსწონებოდა, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ვიტალი კლიჩკომ. - მახსოვდა თუ რა გუშინდელი ინციდენტი? როცა რინგზე ვარ, ემოციების გაკონტროლებას ვცდილობ, რადგან ეს ფაქტორი ხელს მიშლის. მაგრამ ჩისორა ძალიან მოტივირებული იყო, მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა და თვალი უნდა მედევნებინა მისი დარტყტებისთვის".

"პირველად ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდა მოკრივე, რომელიც ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ რინგზე შიშის გარეშე გავიდა, - საკუთარ თავს აქებდა ბრძოლის შემდეგ ბრიტანელი მოკრივე. - გამოუცდელობის გამო წავაგე. მაგრამ ახლა ბევრს ვიმუშავებ, რათა ისევ მოვიპოვო რომელიმე კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება".

ჩისორამ მართლაც გააკვირვა ყველა. ბრიტანელის მიერ არჩეული ტაქტიკა ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა და დერეკი უფრო განსწავლული მოკრივე რომ ყოფილიყო, ბრძოლის შედეგი სულ სხვა იქნებოდა. მუდმივი პრესინგი და ძლიერი დარტყმები აიძულებდნენ კლიჩკოს სრული კონცენტრაციით ემუშავა და შესაძლოა, პირველად ბოლო წლებში ის კონტრშეტევაზე მოქმედებდა.

ჩისორამ სერიოზული განწყობა პირველივე წამებიდან გამოამჟღავნა. ბრიტანელმა დაიპყრო რინგის ცენტრი და ჩემპიონის აქტიური პრესინგი დაიწყო, პერიოდულად კი კარგი დარტყმებიც გამოსდიოდა. ასეთ მეტოქეებთან კლიჩკო თავს კარგად გრძნობს. ვიტალის ეჭირა დისტანცია, უნარიანად იგერიებდა ბრიტანელის შეტევებს და შემხვედრ იერიშებზე გადადიოდა. თანაც უკრაინელს ორივე ხელით დარტყმებიც გამოსდიოდა და ჩისორას ადგილზე ვინმე სხვა, სუსტყბიანი მოკრივე რომ მდგარიყო, ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდებოდა.

მეოთხე რაუნდში ჩისორამ მიზანი გაასწორა, თუმცა მისი დარტყმები უფრო კორპუსისკენ იყო მიმართული. კლიჩკო კონტრშეტევებს აგრძელებდა, მეთოდურად ამუშავებდა მეტოქის თავს საფირმო ჯებებითა და კარგი მარჯვენა დარტყმებით. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კლიჩკოს დარტყმებს დერეკისთვის არავითარი ზიანი არ მოჰქონდა. შემთხვევითი არ იყო, რომ უკრაინელის კუთხეში ვიტალის ძმა - ვლადიმერი და მწვრთნელი ფრიც ზდუნეკი ყოველი რაუნდის შემდეგ აქტიურობისკენ მოუწოდებდნენ ჩემპიონს.

მეშვიდე რაუნდის შემდეგ უკვე ჩისორას მწვრთნელმა დონ ჩარლზმა მოთხოვა თავის შეგირდს უფრო აქტიურ შეტევებზე გადასვლა. მართლაც, პრეტენდენტმა მომდევნო ორი რაუნდი შესანიშნავად ჩაატარა. ბრიტანელის დარტყმები მართალია ეპიზოდურად, მაგრამ მაინც აღწევდა მიზანს. მართალია, ასეთი დარტყმებით ვიტალის წაქცევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ეს ორი რაუნდი ბრიტანელმა თუ არ მოიგო, ფრეს ნამდვილად გამოკრა ხელი.

ეს იყო ბრიტანელის შესრულებით საუკეთესო ექვსი წუთი. უკვე მეცხრე რაუნდისთვის ჩისორას აქტიურობამ იკლო, ვიტალი კი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებდა მეტოქის დისტანციიდან "დაბომბვას". მეათე რაუნდში კლიჩკომ მარჯვენა უძლიერესი დარტყმით შეაზანზარა ჩისორა, მაგრამ ნოკდაუნი მაინც არ შედგა. ბრძოლის გამწვავებას უკრაინელი არ აპირებდა და არც არსებობდა ამის აუცილებლობა. ყველას ესმოდა, რომ ქულებით ჩისორა უიმედოდ აგებდა.

ეს ბრიტანელის გუნდმაც კარგად იცოდა. სეკუნდანტები ბოლო შეტევისკენ მოუწოდებდნენ მოკრივეს. მაგრამ გადამწყვეტი იერიშისთვის ჩისორას ძალა აღარ ჰქონდა. რაუნდის დასაწყისში მოჩვენებითი აქტიურობის შემდეგ, დერეკს სიტუაციის გამწვავებისთვის არაფერი გაუკეთებია და კლიჩკომ ეს რაუნდიც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

საბოლოოდ, ყველა მსაჯმა გამარჯვება კლიჩკოს მისცა, თუმცა შეფასებებმა (119:111, 118:110, 118:110) შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ჩისორამ მართლაც კარგი ბრძოლა ჩაატარა და ყველას დაანახა, რომ სუპერმძიმე წონაში კიდევ ერთი კარგი მოკრივე გამოჩნდა.

"სპორტის თვალსაზრივით, ჩისორამ კარგი შედეგი აჩვენა", - აღიარა ბრძოლის შემდეგ ვიტალი კლიჩკომ, თუმცა იქვე დაამატა: "ბრძოლა საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ მისი მსვლელობის გამო იმედგაცრუებული ვარ". მართლაც, უკრაინელმა დამაჯერებელი გამარჯვებისგან სრული სიამოვნება ვერ მიიღო. როგორც ჩანს, ბრძოლის მსვლელობისას მაინც ახსოვდა წინა დღეს სახეში მოხვედრილი ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული