ვიტალი კლიჩკოს ტრავმით უჩხუბია

AutoSharing Option
უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დერეკ ჩისორას ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ამტყდარმა გრანდიოზულმა ჩხუბმა, რომელიც ჩისორამ და მეორე ბრიტანელმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ მოაწყვეს.

როგორც გუშინ ვწერდით, მიუნხენის პოლიციამ ჩისორა მაშინ დააკავა, როცა ის აეროპორტში ლონდონის რეისს ელოდებოდა. ბრიტანელ მოკრივის დაკითხვა შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც ჩისორა ბრალის წაყენების გარეშე გაანთავისუფლეს. ჯერჯერობით არ მოხერხდა ჰეის დაკითხვა. ვარაუდობენ, რომ მან მოასწრო გერმანიის დატოვება.

თუმცა მიუნხენის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჩისორას, შესაძლოა, მაინც წაუყენონ ბრალი ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების გამო.

ასევე
მკაცრ სასჯელს ამზადებს ბრიტანეთის კრივის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი - ის ჩისორას სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯას აპირებს.

"დიახ, ეს შესაძლებელია. ფედერაციას გააჩნია მსგავის უფლებამოსილება: მას შეუძლია დააჯარიმოს, დროებით ჩამოაშოროს ბრძოლებს ან საერთოდ ჩამოართვას საკრივო ლიცენზია", - აღნიშნა ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რობერტ სმიტმა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ ჰეის არ აქვს საკრივო ლიცენზია, რადგან მან ოფიციალურად დატოვა დიდი სპორტი. ამიტომაც ფედერაციას მის მიმართ სანქციებს არ გამოიტანს.

ჩისორასა და ჰეის სასჯელს ძმები კლიჩკოებიც უმზადებენ - ისინი აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ბრიტანელ მოკრივეებთან შეხვედრას. "ისინი სამარცხვინოები და ჩვენთვის ძალიან სუსტები არიან", - ასეთი ინფორმაცია გაჩნდა "ტვიტერის" მიკრობლოგზე.

* * *
ექსპერტთა უმრავლესობამ აღიარა, რომ ვიტალი კლიჩკოს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე ჰყავდა. ჩისორამ მას ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რაც ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

როგორც შემდეგ გაირკვა, უკრაინელმა ბრძოლის დიდი ნაწილი მარცხენა ხელის ტრავმით ჩაატარა. უფროსმა კლიჩკომ ეს დაზიანება მეორე ან მესამე რაუნდში მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ვიტალის მხარის სახსრის მყესები აქვს გაწყვეტილი.

ბრძოლის შემდეგ კლიჩკომ განაცხადა, რომ ბრძოლის დასაწყისში მისმა მარცხენა ხელმა მოულოდნელად ძალა დაკარგა. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Fightnews.com აღნიშნავს, უკრაინელს ოპერაცია არ დასჭირდება, მაგრამ რინგზე გამოსვლისგან მინიმუმ შვიდი თვე თავი უნდა შეიკავოს.

კლიჩკოს მწვრთნელმა ფრიც ზდუნეკმა ეს ტრავმა იმ დაზიანებას შეადარა, რომელიც უკრაინელმა 2000 წელს, ამერიკელ კრის ბერდთან ჩხუბის დროს მიიღო. მაშინ უკრაინელმა ვერ შეძლო ბრძოლის დასრულება და ბერდს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიენიჭა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული