ვლადიმერ კლიჩკოს საიუბილეო ნოკაუტი

AutoSharing Option
უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ დიუსელდორფში წარმატებით დაიცვა სუპერმძიმე წონაში ჩემპიონის ტიტული. უმცროსმა კლიჩკომ მეოთხე რაუნდისთვის მოამთავრა საქმე ფრანგი ჟან-მარკ მორმეკის წინააღმდეგ და კარიერაში ნოკაუტით 50-ე გამარჯვებას მიაღწია.

ბრძოლის წინ იყო აწონვის ტრადიციული ცერემონია, რომელზეც შოუ არ შედგა. მორმეკი ჩისორა არ არის, ის სოლიდური და ღირსეული მამაკაცი აღმოჩნდა. ბრიტანელი მოკრივისგან განსხვავებით, არც სახეში გაურტყამს ხელი კლიჩკოსთვის და არც წყალი შეუსხამს; უბრალოდ, ხელი ჩამოართვა მოწინააღმდეგეს.

თუმცა 39 წლის ფრანგი საკმაოდ მრისხანედ გამოიყურებოდა - თავგადაპარსული, დაკუნთული... რაღაცით მაიკ ტაისონს მოგაგონებდათ.
"მე ტაისონი არ ვარ,
- მოკრძალებით ამბობდა ფრანგი მოკრივე. - ფეთქებადი დარტყმა არ გამაჩნია, თუმცა ლეგენდასთან შედარება წარმატებული პიარნაბიჯია".

პროფესიული კრივის ტრადიციების მიხედვით, ჟან-მარკ მორმეკმა მეტოქეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართა: "მე ფსიქოლოგიურად გავტეხავ ვლადიმერს და ჩამოვართმევ ყველა საჩემპიონო ქამარს! რკინი ნერვები და დიდი საბრძოლო ჟინი მაქვს! მე კლიჩკოს გავუკეთებ იმას, რაც ჰეიმ ვერ შეძლო!"

როგორც ცნობილია, მორმეკმა ჰეისთან წააგო. 2007 წლის 11 ნოემბერს სკანდალურმა ბრიტანელმა ფრანგი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

თუმცა ის ბრძოლა ჰეიმ გაჭირვებით მოიგო. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეოთხე რაუნდში მორმეკმა მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო. კლიჩკომ კი, როგორც ცნობილია, 2011 წლის ივლისში ერთხელაც ვერ დააწვინა რინგზე ჰეი. არადა, ბრძოლის წინ მუდმივად იმეორებდა, რომ ენაწყლიან ლონდონელს ნოკაუტში გაგზავნიდა.

ამჯერად უკრაინელი დაპირებებს არ იძლეოდა. მორმეკთან ბრძოლის წინ მან განაცხადა, რომ ფრანგის ნოკაუტში გაგზავნას შეეცდებოდა, თუმცა გარანტიას ვერ იძლეოდა.

არადა, თავისუფლად შეეძლო ამის გაკეთება. მან შაბათს უპრობლემოდ მოიგო საიუბილეო 50-ე ნოკაუტით.

ფრანგი ძალიან უღიმღამოდ მოქმედება. მასზე არანაირად არ უმოქმედია ფრანგი მსახიობების - ჟან რენოსა და ჟან-პოლ ბელმონდოს დარბაზში ყოფნას. მორმეკის ყრუ დაცვას კლიჩკო უპრობლემოდ არღვევდა, თანაც ათასგვარი ხერხით - ხან ორმაგი დარტყმით, ხან ჯებით, ხან მარჯვენა პირდაპირი დარტყმით...

მორმეკს შეტევა საერთოდ არ ახსოვდა და პირველად ნოკდაუნში მეორე რაუნდში აღმოჩნდა. ამის მიზეზი უკრაინელი მოკრივის უსწრაფესი შეტევა იყო, რომელიც ორმაგი დარტყმით დასრულდა. მესამე რაუნდში ფრანგმა დარტყმების მორიგი სერია მიიღო და კიდევ ერთხელ დაეცა რინგზე - თუმცა ამჯერად ფეხი დაუცდა.

მეოთხე რაუნდში ბრძოლა დასრულდა. უკრაინელის სამდარტყმიანმა კომბინაციამ ფრანგი რინგზე დასცა. მსაჯმა სასწრაფოდ შეწყვიტა მორმეკის უმოწყალო ჩაგვრა.

ფრანგი პრაქტიკულად უბრძოლველად დანებდა. მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა იყო, რომელსაც ჩემპიონი დიდად არ შეუწუხებია. კლიჩკომ კი კარიერაში 50-ე გამარჯვება მოიპოვა ნოკაუტით.

ბრძოლის შემდეგ უკრაინელმა განაცხადა, რომ სწორი ტაქტიკა აირჩია. მორმეკმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისი აზრით, "რეფერიმ ბრძოლა ძალიან ადრე გააჩერა".

თავისი შეფასება მისცა ბრძოლას ბელმონდომ. თანამემამულის დამარცხების მიუხედავად, მსახიობი კმაყოფილი დარჩა ნანახით: "ეს დაუვიწყარი იყო, თუმცა მოსალოდნელი. კლიჩკო ბრწყინვალე მოკრივეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული