რიხით დაიწყო, ნოკაუტით დაასრულა

AutoSharing Option
14 მარტს ვერის ბაღში საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) დარბაზმა ტრადიციულ საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა.

რინგზე ბორჯომის, გორის, ახალციხის, დუშეთის, ზუგდიდის, ვარიანის, გურჯაანის, თბილისისა და ქუთაისის წარმომადგენლებმა მოსინჯეს ძალები. პროფესიულ კრივში შედარებით ახალბედებმა ოთხრაუნდიანი პაექრობები გამართეს.

განსაკუთრებით დებიუტანტებმა იყოჩაღეს. 56 კილოში მერაბ შანთაძემ (ახალციხე) პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია ღვთისო თითბერიას (გორი), 62 კილოში ზვიად გოგიას (ზუგდიდი) ორი რაუნდიც არ დასჭირვებია მიშიკო წითლანაძის (ბორჯომი) დასამარცხებლად. მე-3 რაუნდში მიაღწიეს წარმატებას ზურაბ ჭეჭელაშვილმა (91 კგ, გორი) და პაატა ადუაშვილმა (81
კგ, ვარიანი). გიგა ლაბაძესთან (ქუთაისი) და რუსლან ბადიშოვთან (თბილისი) შეხვედრებისას. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროფესიულ რინგზე არც წაგებულებს ჰქონიათ დიდი გამოცდილება - თითო-ოროლა შეხვედრა თუ გაუმართავთ.

გუშინდელი დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: როლანდ დიდმანიძე (52 კგ, ბორჯომი) - მიხეილ სალონინიკი (გორი), 39:39, არჩილ მჭედლიშვილი (56, დუშეთი) - თორნიკე თორთლაძე (გორი) 38:40, გიგა ნადირაძე (64, ვარიანი) - ტარიელ მამიტაშვილი (გორი) 39:38, გიორგი აბრამიშვილი (64, გურჯაანი) - გიორგი კოლოტაშვილი (გორი) 39:39, გიორგი კანდელაკი (75, გორი) - გიორგი ჯოჯუა (თბილისი) 40:38, რამაზ გოგიჩაშვილი (69, ვარიანი) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი): პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გოგიჩაშვილმა გაიმარჯვა.

დავით ტლაშაძე (66, გორი) - ნოდარ რობაქიძე (ბორჯომი) 40:37, ომარ ციხელაშვილი (75, დუშეთი) - დავით გოგოხია (თბილისი) 40:40, ანზორ გამგებელი (64, ვარიანი) - მამუკა გუკასიანი (ბორჯომი) 40:38, ალექსანდრე ვახტანგიშვილი (62, ვარიანი) - მიხეილ ავაკიანი (ბორჯომი) 60:57, გარი აბაჯიანი (69, თბილისი) - ამბროსი სუთიძე (ქუთაისი) 80:80, მიხეილ ხუციშვილი (72, ვარიანი) - რობიზონ ომსარაშვილი (გურჯაანი) 59:59.

ტურნირის მშვენება გამოდგა 72 კილოში ვარიანელი ბორის მდინარაძისა და ვინიცელი (უკრაინა) ვოლოდიმირ ბოროვსკის რვარაუნდიანი ორთაბრძოლა. მდინარაძეს გუშინდლამდე პროფესიულ რინგზე 21 შეხვედრა ჰქონდა გამართული, საიდანაც 20 მოიგო, მათ შორის - 16 ნოკაუტით და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ 22 წლის ვარიანელმა მოკრივემ შარშან UBO-ს (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) ვერსიით 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის გადამწყვეტ პაექრობაში გორის სტადიონზე ტანზანიელ სელემან საიდს მე-4 რაუნდში ნოკაუტით სძლია. ბოროვსკი 35 წლისა.

პროფესიულ რინგზე 68 შეხვედრა გამართა, საიდანაც 20 მოიგო (10 - ნოკაუტით), 46 წააგო (7 ნოკაუტით) და 2 ფრედ დაამთავრა. ვინიცელისთვის 69-ე პაექრობა უიღბლო გამოდგა, არადა, პირველ რაუნდში ყოჩაღად გამოიყურებოდა, ორთაბრძოლაც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

მე-2 რაუნდიდან ინიციატივას თანდათან ჩვენებური დაეუფლა, მე-4 რაუნდში კი მდინარაძემ თავბრუდამხვევი დარტყმები მდინარესავით მიუშვა და მეტოქეც რინგზე გაიშხლართა, თუმცა რეფერის მე-10 დათვლამდე წამოდგომა მოასწრო და ორთაბრძოლაც განაგრძო. უცხო თვალიც იოლად შეამჩნევდა, ის უკვე ის ბოროვსკი აღარ იყო, შეხვედრა რომ რიხით დაიწყო. მე-7 Hრაუნდში ვარიანელი მოკრივის მორიგ სერიულ დარტყმებს ვინიცელმა ვეღარ გაუძლო და ნოკაუტში აღმოჩნდა.

"მართალია, ვადამდე დავამარცხე, მაგრამ ბოროვსკი, ვისაც კი დღემდე შევხვედრივარ, ყველაზე ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. მხოლოდ მე-7 რაუნდის დასაწყისში ვიგრძენი, რომ გამარჯვება მე დამრჩებოდა.

მიხარია, რომ ასეც მოხდა და გულშემატკივრები გავახარე. თვე-ნახევარში 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის დაცვა მომიწევს. ეს ორთაბრძოლა გორში გაიმართება. ყველაფერს ვიღონებ, რომ ქომაგები არ გავაწბილო", - მითხრა შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ბორის მდინარაძემ.

გიორგი კანდელაკი: "საინტერესო პაექრობები ვნახეთ. სასიამოვნოა, რომ პროფესიულ კრივში პერსპექტიული სპორტსმენები მოგვიმრავლდნენ, ამიტომაც სარეიტინგო შეხვედრები უფრო მიმზიდველი გახდა. ასე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. რაც შეეხება ბორის მდინარაძეს, მან ჭკვიანურად იჩხუბა და დამსახურებულ გამარჯვებასაც მიაღწია. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. პერსპექტიულია და შრომისმოყვარე. მწამს, რომ
ერთ წელიწადში იგი საერთაშორისო სარბიელზე უფრო ხმაურიანი გამარჯვებებით გაგვახარებს"...

გულშემატკივრებს აქვე შევახსენებთ, რომ 17 მარტს ქუთაისელი ბექა სუთიძე კიევში სარეიტინგო 10-რაუნდიან პაექრობას გამართავს უკრაინელ ვლადიმირ სპილკოსთან, ხოლო ვარიანელ ლევან ჯომარდაშვილს 14 აპრილს იტალიაში მოუწევს ქვეყნის სპორტული ღირსების დაცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული