ლონდონის ლიცენზიების მოპოვება გართულდა

AutoSharing Option
თურქეთის ტრაბზონი 13-22 აპრილს ევროპელ მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს.

შეჯიბრებაში 26 საგზური გათამაშდება: 49 კილოში 4, 52-ში - 3, 56-ში - 4, 60-ში - 4, 64-ში - 1, 69-ში - 2, 75-ში - 2, 81-ში - 3, 91-ში - 1, +91-ში - 2.

ამ ტურნირისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით. ამას წინათ ჩვენმა ბიჭებმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ("აბრეშუმის გზა") იასპარეზეს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: მესამე ადგილებზე გავიდნენ სევერიან ჭილაძე (52 კგ), 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის
ბრინჯაოსპრიზიორი კობა ფხაკაძე და შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი მიხეილ ბახტიძე (+91).

- შარშან ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლიცენზიის გარეშე დავრჩით, - გვითხრა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მსოფლიოს კრივის ასოციაციის ტექნიკურმა დელეგატმა, ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომისა და მსაჯთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ახალკაცმა. - იქ გამართულ AIBA-ს სხდომაზე ასოციაციის ტაივანელ პრეზიდენტ ჩინგ კუ ვუს ვთხოვე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ევროპელი მოკრივეებისთვის გამოყოფილი კვოტა გაეზარდათ: 1991 წლიდან ევროპას 91 ადგილი ერგებოდა, მაგრამ მაშინ კონფედერაციაში 41 ფედერაცია იყო გაერთიანებული. დღეისთვის მათი რაოდენობა 49-ამდე გაიზარდა.

ჩვენს წინადადებას გამოექომაგა ევროპის კრივის კონფედერაციის ფრანგი პრეზიდენტი ჰუბერტ ფურონიც, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა: ოლიმპიადებზე ქალების დაშვების შემდეგ კვოტა 91-იდან 80-ამდე ჩამოვიდა. თანაც, დიდ ბრიტანეთს, როგორც თამაშების მასპინძელს, 6 საგზური უბრძოლველად მისცეს. 10 წონით კატეგორიაში გასათამაშებელი დარჩა მხოლოდ 74 ადგილი 49 ქვეყანაზე, რაც ძალიან ცოტაა.

ყოველივეს მიუხედავად, იანვრიდან აქტიურად დავიწყეთ სალიცენზიო ტურნირისთვის მზადება. იანვარში ფიზმომზადების გასავლელად ბაკურიანს მივაშურეთ. მერე აბოვიანში სომხეთის ნაკრებთან ერთად გავიარეთ ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება.

ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ბიჭებმა თითო-ოროლა ორთაბრძოლა მოიგეს, მძიმე წონაში მიხეილ ბახტიძემ სულაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თანაც, მეორე წრეში რუსეთის ნაკრების წევრს მოუგო. საქართველოს ნაკრების წევრებმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე სამი მესამე ადგილი დაიკავეს.

უკეთესი შედეგების მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ ნაადრევად დავემშვიდობეთ შეჯიბრებას, რომ კიევში უკრაინის ნაკრებთან ერთად დაგეგმილი საწვრთნელი შეკრება არ ჩაგვშლოდა.

უკრაინის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი იგორ გაიდამაკი ჩვენებურია - ბათუმშია დაბადებულ-გაზრდილი, 60-იან წლებში საქართველოს სახელითაც არაერთხელ უასპარეზია შეჯიბრებებზე. შემდეგ კიევში გადავიდა საცხოვრებლად. შარშან ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინელებმა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის მედალი და ექვსი ლიცენზია მოიპოვეს. ასეთ სპორტსმენებთან ერთობლივი წვრთნა ჩვენი გუნდისთვის მომგებიანი და ერთობ პროდუქტიული იქნება.

- ტრაბზონში ნაკრები სრული შემადგენლობით გაემგზავრება?
- ამჯერად კიევში საწვრთნელ შეკრებაზე 10 სპორტსმენი იმყოფება. იქიდან დაბრუნების შემდეგ აბოვიანშიც ასევე სრული შემადგენლობით გავემგზავრებით.

აი, თურქეთში კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე რვაკაციან გუნდს წავიყვანთ. 64 და 91 კილოგრამ წონით კატეგორიებში ლონდონის მხოლოდ თითო საგზური თამაშდება და იქ წარმატების მიღწევა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ მასპინძლები ულიცენზიოდ არიან დარჩენილნი. სხვა წონებში კი საგზურებისთვის ბრძოლა შეიძლება და ვეცდებით, ბოლო შანსი გამოვიყენოთ...

* * *

საქართველოს ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავა) ვილნიუსში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა. 22 ქვეყნის წარმომადგენლებთან პაექრობაში თავი გამოიჩინა კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონმა ალექსანდრე დოკვაძემ (81 კგ. მწვრთნელი ედუარდ მარდანოვი), რომელმაც ოთხი მეტოქე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

64 კილოში მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ჯემალ შალამბერიძე (მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე), რომელიც კადეტებში შარშანდელი ევროპის პირველობის ფინალისტია. ახალგაზრდა მოკრივეები წლეულს შემოდგომაზე მსოფლიოს პირველობაზე მოსინჯავენ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული