ჩააქვრეთ შუქი – ჯეიმს ტონი დაბრუნდა

AutoSharing Option
სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, სახელგანთქმული ამერიკელი ჯეიმს ტონი 7 აპრილს, მისისიპის შტატის ქალაქ საუთჰევენში იბრძოლებს ნაკლებად ცნობილი ბობი განის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ-სა და კანადის მოქალაქეობა გააჩნია.

12-რაუნდიანი ბრძოლა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ეგიდით გაიმართება და გათამაშდება ნაკლებად მნიშვნელოვანი ვერსიის - IBA-ის საჩემპიონო ტიტული, რომელიც ტონის მფლობელობაშია.

ჯეიმს ტონიმ კარიერა 1988 წელს დაიწყო და სამი წლის შემდეგ პირველი საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა - 11 რაუნდში ნოკაუტით მოუგო მაიკლ ნანს. 1994 წლის ნოემბერისთვის მის ანგარიშზე იყო 44 გამარჯვება, 2 ფრე და არც ერთი
წაგება.

პირველი მარცხი ტონიმ როი ჯონსთან ბრძოლაში იწვნია. იმ ჩხუბის მესამე რაუნდში ტონი ნოკდაუნში აღმოჩნდა, მაგრამ მოახერხა წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება. თუმცა დარჩენილი დრო რინგზე ჯონსი დომინირებდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ამის შემდეგ, ტონი დიდი ხანი კრუზერვეიტში (90.8 კილოგრამამდე კატეგორია) ჩხუბობდა.

2003 წელს ტონიმ ვასილი ჟიროვის ნოკაუტში გაგზავნა შეძლო და მორიგ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი, თუმცა ჯეიმსი ამაზე არ შეჩერებულა და ყველაზე პრესტიჟულ - სუპერმძიმე კატეგორიაში გადავიდა, სადაც ლეგენდარული ევანდერ ჰოლიფილდი დაამარცხა.

მოკრივემ, რომლის მეტსახელი გახლავთ “ჩააქვრეთ შუქი”, 2005 წელს ჩემპიონის ტიტული მოიგო პრესტიჟული WBA-ის ვერსიით - ქულებით დაამარცხა ჯონ რუისი. თუმცა მალე დადებითი დოპინგ-ტესტის გამო საჩემპიონო ქამარიც ჩამოართვეს და დისკვალიფიკაციაც მისცეს. მომავალი წლის მარტში ის უკვე WBC-ის ტიტულისთვის იბრძოდა. ჰასიმ რაჰმანთან 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ საყაიმო შედეგი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელსაც ვერ შეძლეს ამ მოკრივეებმა გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა თავიდან ტონის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიენიჭა.

2006 წლის სექტემბერში ჯეიმსმა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დაამარცხა ნიგერიელი სემუელ პიტერი, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკელი მატჩ-რევანშში გამოიწვია და ნოკაუტით დაამარცხა ის. ამის შემდეგ ტონის კარიერა დაღმავალი გზით წავიდა. 2010 წელს მან ძალები მოსინჯა შერეულ ორთაბრძოლებში, სადაც პირველივე ბრძოლა რენდი კუტურთან ვადაზე ადრე დამარცხებით დასრულდა - ამერიკელმა მხოლოდ სამი წუთი და 19 წამი გაძლო. ამით მისი კარიერა UFC-ში დასრულებული იყო.

კრივში ტონი 2011 წლის თებერვალში დაბრუნდა და დეიმონ რიდი დაამარცხა. ახლა კი ტონიმ სუპერმძიმე წონაში დაბრუნება გადაწყვიტა. ამერიკელი დარწმუნებულია, რომ მომავალ ბრძოლაში გამარჯვებას მოიპოვებს. “განის ბევრი ბრძოლა ვნახე, - ამბობს ჯეიმსი. - მზად ვარ მასთან შესახვედრად. ვფიქრობ, მთელი ბრძოლის განმავლობაში უპირატესობა მექნება და ბოლოს მას ნოკაუტში ჩავაგდებ. ვერ ვხედავ, რის ხარჯზე უნდა მოახერხოს მან ჩემი შეჩერება”.

რაც შეეხება 38 წლის განს, ის ორჯერ იბრძოდა ტიტულისთვის პირველ მძიმე წონაში, მაგრამ ორივეჯერ ვადაზე ადრე დამარცხდა: 2007 წელს, პირველივე რაუნდში დაეცა WBO-ის მაშინდელი ჩემპიონის, უელსელი ენცო მაკარინელის წინაშე, 2009 წელს კი მხოლოდ ხუთი რაუნდი გაუძლო პოლონელ ტომაშ ადამეკს, რომელიც იმ დროს IBF-ის საჩემპიონო ქამარს ფლობდა.

“ჯეიმს ტონი - დიადი ჩემპიონი და რთული მეტოქეა, - განაცხადა განმა. - ამ შანსს მთელი ცხოვრება ველოდი. მზად ვარ ომისთვის. გამარჯვებისთვის ტონის ჩემი მოკვლა მოუწევს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული