ჯეიმს ტონის მერვე ტიტული

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი მოკრივე ჯეიმს ტონი მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი გახდა. 43 წლის ამერიკელმა ხელი მოსტეხა ბობი განს და სუპერმძიმე წონაში ნაკლებად პრესტიჟული ვერსიით (IBU), ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. ბრძოლა მისისიპიში გაიმართა და ის მეხუთე რაუნდში ტონის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ესთეტიკური და სპორტული თვალსაზრისით, ბრძოლა მაინცდამაინც მომხიბვლელი არ ყოფილა. IBU-ს ვერსია კრივის სამყაროში თითქმის არავის აინტერესებს, თუმცა ტონი და მისი მენეჯერები დიდი ხანი აცხადებდნენ, რომ ეს იყო საჩემპიონო ბრძოლა IBA-ს ვერსიით, რომელიც შედარებით მეტად პრესტიჟულია.

რა თქმა უნდა, ამას ხანმოკლე სკანდალი მოჰყვა IBA-ს
მხრიდან, რომელმაც არაფერი იცოდა ტონის თავხედური გეგმების შესახებ (IBA-ს რეიტინგში ძმები კლიჩკოები ლიდერობენ, ტონი და განი კი იქ რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებენ). ბოლოს გადაწყდა, რომ გათამაშდებოდა IBU-ს საჩემპიონო ქამარი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად IBU-ს ტიტული სუპერმძიმე კატეგორიაში 2006 წელს გათამაშდა ჯენი პუკალსა და ინგო ჯედეს შორის. სხვათა შორის, ბევრიც რომ ეცადოთ, ამ მოკრივეების შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

აწონვის ოფიციალურ ცერემონიაზე გაირკვა, რომ ტონი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დამძიმებულა - ახლა მისი წონა 112 კილოგრამია. არადა, ბოლო ბრძოლისას 90 კილოგრამს იწონიდა. რაც შეეხება განს, მან მხოლოდ 95 კილოგრამი დააფიქსირა.

წონაში დიდი განსხვავების მიუხედავად, ტონი რინგზე უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა და მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. დებიუტში 43 წლის მოკრივემ ინიციატივა მოიპოვა, უკეთ გადაადგილდებოდა და იმდენად დაღალა თავისი მეტოქე, რომ მეხუთე რაუნდის შემდეგ განის გუნდი იძულებული გახდა ბრძოლა შეეჩერებინა; მით უმეტეს, ექიმებმა მას ხელის მოტეხილობა დაუდგინეს. ტონიმ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი ვადაზე ადრე გამარჯვება მოიპოვა.

მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ბრძოლამ დაგვანახა, რომ ტონის საუკეთესო წლები ჩავლილია და მისი გამოსვლა ბევრს არავის აინტერესებს. ამის თქმის საშუალებას ისიც გვაძლევს, რომ ამერიკაში არცერთ საკაბელო ტელევიზიას არ გასჩენია ამ შეხვედრის ტრანსლირების სურვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული