ერთადერთი ლიცენზია მერაბ თურქაძემ მოიპოვა

AutoSharing Option
შარშან ბაქოში, მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს წარმომადგენელთა უმრავლესობამ პირველი ბარიერი კი გადალახა, მაგრამ მეორე წრეს ვერავინ გასცდა და უსაგზუროდ დავრჩით.

ლონდონის ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი ადგილის დასაჯავშნად მხოლოდ ერთი შანსი რჩებოდა - ტრაბზონის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, სადაც საასპარეზოდ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა რვა შეგირდი წაიყვანა.

მათგან მხოლოდ მერაბ თურქაძემ (56 კგ) იყოჩაღა. პირველ წრეში მან ჩეხი ველკი (18:4) დაამარცხა, მერე რუმინელ ანდიანას (21:11) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

რადგანაც ამ წონაში ოთხი საგზური თამაშდებოდა, თურქაძემ მიზანს მიაღწია - საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას
ლონდონის თამაშების მე-12 ლიცენზია მოუტანა.

20 აპრილს, ნახევარფინალში, ქართველი მოკრივე აზერბაიჯანელ აბდულჰამიდოვს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების დანარჩენმა წევრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. 49 კილოში მიხეილ კაზანჯიანი პოლონელ ლუკაშ მაშჩიკთან დამარცხდა 6:16, სევერიან ჭილაძემ (52) გერმანელ ბებლოკს კი სძლია, მაგრამ მეორე წრეში უნგრელ კალუჩას დანებდა.

2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე (60) შვედ კაიას კი გაუმკლავდა, მაგრამ ბელარუს ვაზგენ საფარიანთან ვერაფერს გახდა.

ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ (69) პირველივე პაექრობა დათმო ალბანელ ასტმერ ბილაგისთან 17:18. ასევე, ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა ჯაბა ხოსიტაშვილმა (75) სტარტზე ლიტველ ვლადიმირ ჩილევსკის იოლად აჯობა (17:9), მაგრამ ინგლისელ ოგოგოსთან დამარცხდა.

იაგო კიზირიას (81) და ლატვიელი ნიკოლას გრისუნინსის ორთაბრძოლა ფრედ - 17:17 დამთავრდა.

არბიტრებმა უპირატესობა ბალტიისპირელს მიანიჭეს და ჩვენებურმაც მაყურებლებში გადაინაცვლა, ისევე, როგორც მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ, რომელმაც სტარტზევე პირველსავე რაუნდში ლიტველ ვიტალიუს სუბაჩიუსთან წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ თურქაძე მაგარი ხარ გილოცავ ლონდონშიც უნდა გვასახელო
qutaiseli1
13:38 20-04-2012
0

სიახლეები პოპულარული