რამაზ ფალიანი: ერთი საგზური კარგია... მეტი შეგვეძლო

AutoSharing Option
შარშან ბაქოში მოკრივეთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები მეორე წრეს ვერ გასცდნენ და, ცხადია, ოლიმპიადის საგზურები ვერ მოიპოვეს.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებელი ბილეთების დასაჯავშნად რჩებოდა კიდევ ერთი შანსი - ტრაბზონის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 13-17 აპრილს გაიმართა. საქართველოს ნაკრები თურქეთში 8 ათლეტით ჩავიდა და იქიდან ერთი საგზურით დაბრუნდა. გვესაუბრება ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი.

- აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩვენი ბიჭები ურიგოდ არ იყვნენ მომზადებულნი, მაგრამ ზოგიერთს ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვებამ გაუწია ცუდი სამსახური. რატომღაც მგონია, რომ ისინი ფსიქოლოგიური
წნეხის ქვეშ მოექცნენ და მისი გადალახვა ვერ შეძლეს.

რაც შეეხება კობა ფხაკაძეს, მას მასპინძელი მოკრივე უხეშად მოექცა - თავი ჩაარტყა და რინგზე გაიშხლართა. რეფერის 10 დათვლამდე რომ არ წამომდგარიყო, აზერბაიჯანელს დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და ფხაკაძე მომდევნო რაუნდში გავიდოდა, მაგრამ ქართველმა ჭაბუკმა ამგვარი გზით სიარული არ ინდომა, თუმცა გონგამდე დარჩენილ დროში მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხდა, რითაც, ფაქტობრივად, საგზური დავკარგეთ.

- კი მაგრამ, ტრაბზონის სალიცენზიო ტურნირზე?
- ამ შეჯიბრებისთვის კრივის ეროვნული ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აქტიური დახმარებით კარგად მოვემზადეთ. ერთობლივ საწვრთნელ შეკრებებზე ვიყავით სომხეთსა და უკრაინაში, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზეც მოვსინჯეთ ძალები.

ამ შეკრებებზე ისიც შევძელით, რომ რამდენიმე მოკრივეს პირადი მწვრთნელიც ხლებოდა თან. ტრაბზონში სულ მცირე, ორი საგზურის მოპოვებას ვვარაუდობდით. ერთ-ერთ ფავორიტად 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ კობა ფხაკაძეს მივიჩნევდით. პირველი შეხვედრა შვედ რედუანა კაიასთან მან ფრედ - 9:9 დაამთავრა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით, მეორე წრეში გავიდა, სადაც ბელარუს ვაზგენ საფარიანთან აშკარად წააგო.

- თანაბარი პაექრობებისას არბიტრებმა ორ ორთაბრძოლაში ჩვენს მეტოქეებს არგუნეს გამარჯვება...
- ორივე მარცხი ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რადგანაც ორი რაუნდის შემდეგ ჩვენი სპორტსმენები 5-6 ქულით იგებდნენ. 81 კილოში იაგო კიზირია 17-17-ზე გამოეთიშა შეჯიბრებას პირველსავე წრეში. ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ჯაბა ხოსიტაშვილმა პირველი შეხვედრა ლიტველს მოუგო.

მეორე წრეში ინგლისელ ანტონი ოგოგოს დაუპირისპირდა. ბრიტანელს ქართველმა შარშან ანტალიის ევროპის ჩემპიონატის სტარტზევე სძლია 14:13. ტრაბზონშიც უგებდა 6 ქულით. მესამე რაუნდში კი იმდენი მოახერხა, რომ ორთაბრძოლა ფრედ - 14:14 დამთავრდა და არბიტრებმა უპირატესობა ოგოგოს მიანიჭეს. ამ უკანასკნელმა კი მომდევნო წრეში იოლად სძლია ბელარუს მეტოქეს, რომლის დამარცხება ჯაბასაც არ გაუჭირდებოდა და ამ წონაში შეიძლებოდა საგზურის მოპოვება, რადგან 75 კილოში 3 ლიცენზია თამაშდებოდა.

- და მაინც, ლონდონის ოლიმპიადა ქართველი მოკრივეების გარეშე არ ჩაივლის...
- ეს ქუთაისელი მერაბ თურქაძისა და მისი მწვრთნელის, კუკური შავგულიძის დამსახურებაა. დასკვნითი შეკრებისას მერაბმა ხელი იტკინა.

შავგულიძემ გვთხოვა, ქუთაისში წავალთ, იქაურ ექიმებთან ვიმკურნალებთ და შინ ვივარჯიშებთო. ფედერაციის მესვეურებთან შეთანხმებით ამის ნება დავრთეთ. შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული ახალგაზრდაა და ვიცოდით, რომ ქუთაისში დროს უქმად არ დაკარგავდა. ტრაბზონში კარგად იასპარეზა, აშკარად სძლია ჩეხ პატრიკ ველკისა და რუმინელ ნიკოლა ანდრეანას, ნახევარფინალში გავიდა და ლიცენზიაც დაიმსახურა.

- იქ კი აზერბაიჯანელ მეტოქეს არ გამოუცხადდა რინგზე...
- რუმინელმა მოკრივემ ორთაბრძოლისას ჩვენებურს სიმწრისგან სახეში იდაყვი ჩაარტყა, რისთვისაც გაფრთხილებაც კი მიიღო. სამედიცინო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ თურქაძეს ცხვირი ჰქონდა გაბზარული. ასეთ მდგომარეობაში მისი რინგზე გაშვება არ შეიძლებოდა ტრავმის გართულების გამო. როგორც ზემოთ ვთქვი, ბოლო შეკრებისას მან ხელიც იტკინა, რომელიც ბოლომდე მოშუშებულიც არ ჰქონდა. ასე რომ, ნახევარფინალში თურქაძის რინგზე გასვლა სახიფათო იყო.

- მითხრეს, რომ თურქეთში ქომაგობა არ მოგკლებიათ...
-საამისოდ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა ყველაფერი იღონა. სწორედ მისი ინიციატივით ჩამოვიდნენ ტრაბზონში მრავლად გულშემატკივრები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან.

თავადაც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ჩვენი ბიჭების ორთაბრძოლებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილთან და პირველ ვიცე-პრეზიდენტ რამაზ გოგლიძესთან ერთად. ფედერაციის გენერალურ მდივან ვლადიმერ ახალკაცს კი ნერვიულობისგან ღამეები არ ეძინა.

სამი წელიწადია, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი გუნდის ასეთი ქომაგობა არ მახსოვს. კიდევ კარგი, რომ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიარა - ერთი ლიცენზიანტი გვყავს. შეიძლებოდა კი, ტრაბზონში უკეთესი შედეგიც გვქონოდა.

მაგრამ რას იზამ, სპორტი სპორტია და მარცხისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარია, ნაკრებში შეიკრიბნენ პერსპექტიული ახალგაზრდა მოკრივეები. იმედიანი ცვლაც გვეზრდება. ასე რომ, ჩვენი ბიჭები სამომავლოდ საერთაშორისო სარბიელზე არაერთხელ გვასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული