ლას ვეგასის საკრივო შოუს გმირი ფლოიდ მეივეზერი გახდა

AutoSharing Option
ლას ვეგასის საკრივო შოუს გმირი ფლოიდ მეივეზერი გახდა, რომელმაც პირველ საშუალო წონაში საჩემპიონო ტიტული ჩამოართვა პუერტორიკოელ მიგელ კოტოს.

WBA-ს სუპერჩემპიონის ქამრის მოპოვების გარდა, ამერიკელი კიდევ უფრო მიუახლოვდა მეორე ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ვერსიით ჩემპიონ ფილიპინელ მენი პაკიოასთან შეხვედრას.

საინტერესოა, რომ თავად პაკიაომ აღიარა - ამ ბრძოლაში კოტოს ვგულშემატკივრობდიო, იმ დროს, როცა ფილიპინელის მწვრთნელმა ფრედი როუჩმა განაცხადა, რომ გამარჯვება მეივეზერს დარჩებოდა, რომელიც რინგზე კოტოზე უფრო სწრაფად მოქმედებდა.

პირველ რაუნდში დაზვერვის შემდეგ მეივეზერი და კოტო შემდეგ რაუნდებში აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. ამერიკელს დისკომფორტი
არ უგრძვნია იმის გამო, რომ კოტომ ის ბაგირებთან მიიმწყვდია. პირიქით, ფლოიდმა მოახერხა პუერტორიკოელის თავის მიმართულებით რამდენიმე ზუსტი დარტყმის განხორციელება.

ამას კოტომ მეოთხე რაუნდში თავში დარტყმების კომბინაციით უპასუხა, მეხუთე სამწუთეულში კი აქტიურად წავიდა წინ და არ შეუშინდა მეტოქის მოსალოდნელ კონტრშეტევას, რომელიც ისევ ცდილობდა თავში ზუსტად მოხვედრას. მეექვსე რაუნდში კოტოს ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ მეივეზერს ცხვირიდან სისხლი წასკდა.

ისე ჩანდა, რომ კოტომ ინიციატივა ჩამოართვა ამერიკელს და ქულების დამთვლელი მსაჯების კეთილგანწყობასაც მოიპოვებდა.

პუერტორიკოელს ყველაზე კარგად კორპუსში დარტყმები გამოსდიოდა. ბრძოლაში გარდატეხა პუბლიკამაც შენიშნა, რომელიც უფრო აქტიურად გულშემატკივრობდა კოტოს. მიგელმა მეცხრე რაუნდიც კარგად დაიწყო, მაგრამ მეივეზერმა ეს სამწუთეული კარგი კომბინაციით დაასრულა. მეათე რაუნდში უკვე კოტომ ჩაატარა შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც მეივეზერისთვის უსიამოვნო აპერკოტით დასრულდა.

ფლოიდმა ინიციატივის მოპოვება ბრძოლის ბოლოს მოახერხა, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. მე-12 რაუნდში მეივეზერმა თავსა და კორპუსში რამდენიმე ზუსტი დარტყმა განახორციელა, რამაც კოტო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. პუერტორიკოელი კინაღამ ნოკდაუნში ჩავარდა. საბოლოოდ, მსაჯებმა უპირატესობა მეივეზერს მიანიჭეს - 118:110, 117:111, 117:111.

* * *
იმავე ლას ვეგასში მექსიკელმა საულ ალვარესმა დაიცვა პირველ საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით ტიტული. მან ქულებით დაამარცხა სამ წონით კატეგორიაში ყოფილი ჩემპიონი შეინ მოსლი. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის მექსიკელს მესამე რაუნდში წარბი გაუსკდა, მის უპირატესობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა.

ალვარესმა ბრძოლის შუაში ზედიზედ რამდენიმე რაუნდი ძალიან კარგად ჩაატარა და მეტოქეს მძიმე დარტყმები მიაყენა.

იგრძნო რა თავისი უპირატესობა, მექსიკელს არ უცდია მეტოქის წაქცევა. თავის მხრივ, ვეტერან მოსლის ძალა არ ეყო წინ წასასვლელად და ქულებით დამარცხდა - 109:119, 110:118, 109:119.

გერმანიის ქალაქ ერფურტში ორი ბრძოლა გაიმართა WBO-ს ტიტულისთვის. პირველ მძიმე წონაში ამ ვერსიით ჩემპიონმა, გერმანელმა მარკო ჰუკმა მეცხრედ დაიცვა ტიტული. მან ფრედ დაასრულა ბრძოლა ბრიტანელი ოლო აფოლაბის წინააღმდეგ.

ერთმა მსაჯმა უპირატესობა ჰუკს მიანიჭა - 115:113, ორმა კი ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა - 114:114.

ასევე ერფურტში გერმანელმა რობერტ შტიგლიცმა მეექვსედ დაიცვა თავისი ტიტული 76.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, როცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა ავსტრალიელ ნადერ ჰამდანს - 120:108, 117:111, 117:111.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული