მენი პაკიაომ ბარაკ ობამას შეუტია

AutoSharing Option
სახელგანთქმულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლად აღიარებულმა მენი პაკიაომ პოლიტიკოსისთვის საკმაოდ თამამი და არატოლერანტული განცხადება გააკეთა.

"პაკმენმა" მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც აქტიური მხარდაჭერა გამოხატა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ.

"სანამ ადამიანების მიერ დაწერილ კანონებს განიხილავთ, დაიცავით ღმერთის კანონი, - განაცხადა პაკიაომ, რომელიც რწმენით კათოლიკე ქრისტიანია. - არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს სექსუალური უმცირესობების მიმართ, მაგრამ ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგი ვარ".

ფილიპინელი ყოველთვის არ ყოფილა მორალისა და კანონის სანიმუშო დამცველი. ადრე პაკიაო არაერთხელ იყო შემჩნეული ისტორიებში, რომლებიც ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებს უკავშირდება,
მაგრამ ბოლო დროს მენიმ მოინანია წარსულის ცოდვები, განაცხადა, რომ რელიგიური ადამიანი გახდა და მავნე თვისებები მოიშორა.

პაკიაოს თამამი განცხადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ტელეშოუს - Extra at The Grove-ის წარმომადგენლებმა, რომლისთვისაც "პაკმენს" ექსკლუზიური ინტერვიუ უნდა მიეცა, 16 მაისისთვის დანიშნული ეთერი გააუქმეს.

"მისტერ პაკიაოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, ჩვენ გვინდა, ყველამ იცოდეს: მისი მოსვლა შოუში არავის გაუხარდება და ის აქ არასოდეს მისცემს ინტერვიუს, - წერია სპეციალურ განცხადებაში. - ჩვენი შოუ ლოს ანჯელესის ყველა მცხოვრებს ეკუთვნის".

მენი პაკიაო ამჟამად ამერიკაში იმყოფება და 9 ივნისისთვის დანიშნული ბრძოლისთვის ემზადება, რომელშიც ფილიპინელი ამერიკელ ტიმოტი ბრედლის შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული