მსაჯების ვერდიქტს ბევრი სპეციალისტი არ დაეთანხმა, ზოგიერთმა კი მას აღმაშფოთებელი უწოდა.
10 ივნისს პაკიაომ კარიერაში მეოთხე ბრძოლა წააგო, თანაც, ნაკლებად ცნობილ ამერიკელთან, ტიმოტი ბრედლისთან, რომელიც, ბევრის აზრით, ამ ბრძოლას უბრალოდ ფულის გამო დათანხმდა. შეხვედრა 12 რაუნდს გაგრძელდა.
ბრედლი აშკარად იმსახურებს კომპლიმენტებს. ის ბევრ კომპონენტში არ ჩამოუვარდებოდა ფილიპინელს, მაგრამ ბრძოლის შუაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ამერიკელი ვეღარ გაუძლებდა ჩემპიონის იერიშებს.
პირველი
მეხუთე რაუნდმაც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივის კარნახით ჩაიარა, თუმცა ამ სამწუთეულის დასასრული შეიძლება საბედისწერო ყოფილიყო მისთვის.
მან უკან დაიხია, ბრედლიმ ბაგირებთან მიიმწყვდია მეტოქე და დარტყმების მთელი სერია განახორციელა, თუმცა ვერცერთმა მიზანს ვერ მიაღწია.
პაკიაომ გადაიტანა ეს რთული მომენტი და საპასუხო შეტევა მოაწყო, რომლის დროსაც რამდენიმე ზუსტი დარტყმა განახორციელა.
აშკარად ჩანდა, რომ ბრედლი ძალიან დაღალა დარტყმების წარუმატებელმა სერიამ და ამის გამო მთელი მეექვსე რაუნდი მას მეტოქის იერიშების მოგერიება მოუწია.
ტიმოტი მაინც შექებას იმსახურებდა, რადგან შემდეგ რაუნდში ბრძოლა გაუმართა პაკმენს, თუმცა ამჯერადაც დარტყმების დიდი ნაწილი მიზანს ვერრ აღწევდა. საგულისხმო იყო ერთი მომენტი, როცა ამერიკელმა უძლურობისა და სიბრაზისგან რამდენიმე პირდაპირი დარტყმა განახორციელა მეტოქის ბლოკზე.
მენი მოწინააღმდეგის შეტევების შემდეგაც იღიმებოდა, რითაც თავის დამაჯერებლობას ამტკიცებდა. მართლაც, ფილიპინელს თავში ძლიერი დარტყმები გამოსდიოდა, რომელთაგანაც რომელიმე სხვა მოკრივე, საუკეთესო შემთხვევაში, ნოკდაუნში ჩავარდებოდა.
მაგრამ ბრედლი ძალიან გამძლე მოკრივე აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ მან 12 რაუნდი გაძლო, ამტკიცებს იმას, რამდენად ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა მენის.
ასეთი სცენარით წარიმართა ბრძოლის დარჩენილი ნაწილი და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლოსკენ ორი რაუნდი ბრედლის დარჩა.
ფინალური გონგის შემდეგ მენი შესანიშნავ განწყობაზე იყო, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა თავის გამარჯვებაში. ბრედლიც მხნედ გამოიყურებოდა. მას ჰქონდა ამის საფუძველი, რადგან რინგზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამერიკელმა შესანიშნავი ბრძოლა წარმართა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისა თავადაც არ სჯეროდა.
და რაოდენ დიდი იყო გაკვირვება, როცა ორმა მსაჯმა ამერიკელს საჩემპიონო ქამარი გადასცა. "რინგზე ყველაფერი გავაკეთე, - ირწმუნებოდა პაკიაო. - მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს არ იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო ბრძოლა".
მსაჯების ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ (ორმა მსაჯმა ამერიკელს 115:113 მოაგებინა, მესამემ იგივე ანგარიშით პაკიაოს უპირატესობა დააფიქსირა) ბრედლი აშკარად გამოცოცხლდა და მარცხენა ფეხის ტრავმაც კი დაავიწყდა.
"ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვე, - განაცხადა ამერიკელმა. - პაკიაო ამ ბრძოლაში არც ისე კარგი იყო. მე არ მიგრძვნია მისი ძალა.
მეექვსე რაუნდში მეორე სუნთქვა გამეხსნა, უკეთ მოძრაობა დავიწყე. მენიმ მარცხნიდან რამდენჯერმე ძლიერად მომარტყა, მაგრამ მე მწვრთნელს ვუსმენდი და ყველაფერი გამომივიდა. თუ საჭირო იქნება, პაკიაოს კიდევ ერთხელ მივცემ ჩემს წინააღმდეგ რინგზე გამოსვლის საშუალებას".
"თქვენ გჯერათ ამის? ეს დაუჯერებელია, - გაოცებას ვერ მალავდა ფილიპინელის პრომოუტერი ბობ არუმი. - მსაჯების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბრედლისთან მივედი და მან მითხრა: "ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი პაკიაოს დამარცხება". რა თქმა უნდა, მატჩ-რევანშზე დიდი თანხის გამომუშავება მინდა, მაგრამ დღევანდელი ბრძოლა - ეს აღმაშფოთებელია".
მსაჯების გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად, მთელი საკრივო სამყარო ნეგატიური რეაქციით შეხვდა.
"დაუჯერებელია! პაკიაოსა და ბრედლის ბრძოლა - მორიგი შავი ლაქაა კრივის რეპუტაციისთვის, - თავის "ტვიტერზე" დაწერა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ლენოქს ლუისმა. - ეს იმაზე უარესია, ვიდრე ჩემი ბრძოლა ჰოლიფილდთან, რომელიც ფრედ დასრულდა. ეს მსაჯების ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო".
რაც შეეხება მსაჯების არაადეკვატურ გადაწყვეტილებას, აქ ყველაფერი მარტივადაა. ამ ბრძოლამდე გარკვეული ხნით ადრე ბევრს ლაპარაკობდნენ ნოემბერში ამ მოკრივეებს შორის გასამართ რევანშზე.
ბუნებრივია, გუშინდელი ბრძოლის ასეთი შედეგი მეორე დაპირისპირებისთვის შესანიშნავი რეკლამაა - მენისთვის ეს შეხვედრა სამართლიანობის აღდგენის საშუალება იქნება, ტიმოტისთვის კი რევანში პირველ ბრძოლაში კანონზომიერი შედეგის დამტკიცების შესაძლებლობა იქნება და მიუხედავად იმისა, რომ ბობ არუმი აღშფოთებული იყო მსაჯების გადაწყვეტილებით, არსებობს ეჭვი, რომ პრომოუტერის ჩარევის გარეშე ასეთი უსამართლობა არ მოხდებოდა - არუმს მართლაც დიდი ფინანსური მოგება აქვს ჩაფიქრებული მატჩრევანშისგან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"