ისევ პაკიაო-ბრედლის შესახებ

AutoSharing Option
ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონი, 28 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი აცხადებს, რომ ეჭვი არ ეპარება ფილიპინელ მენი პაკიაოზე სამართლიან გამარჯვებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრედლიმ შაბათს ლას ვეგასში მსაჯების სკანდალური გადაწყვეტილებით მოუგო 33 წლის მენი პაკიაოს.

როგორც უკვე ვწერდით, რამდენიმე ამერიკულმა გაზეთმა მოიყვანა პაკიაოს მენეჯერის, ბობ არუმის სიტყვები. პრომოუტერი ამტკიცებს, რომ ბრძოლის დასრულებისთანავე ბრედლიმ მას შემდეგი უთხრა: "ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ ეს ბიჭი ვერ დავამარცხე".

თუმცა ტიმოტი ბრედლი უარყოფს არუმის განცხადებას.

"მე არასოდეს მითქვამს, რომ ვერ შევძელი ამ ბიჭის დამარცხება, -
ამბობს ახალი ჩემპიონი. - უბრალოდ, ვთქვი, რომ მაქსიმუმი გავაკეთე. ვგრძნობდი, რომ ის ბრძოლა მოგებული მქონდა. მწვრთნელმა მითხრა ბრძოლის შემდეგ, რომ მე ის დავამარცხე".

"მე რინგზე უფრო სწრაფი ვიყავი, - აღიარებს ბრედლი. - ის ხომ უდიადესი მებრძოლია. როცა კომბინაციას აწყობს, მისი ყველა დარტყმა ძალიან ძლიერია. ის გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე მეგონა, მაგრამ მან ვერ შეძლო ჩემი ნოკაუტში გაშვება, რაც სინამდვილეში ჰქონდა კიდეც ჩაფიქრებული".

ამასობაში მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) პრეზიდენტმა ფრანსისკო ვალკარსელმა განაცხადა, რომ WBO-ს კომიტეტი განიხილავს ბრედლისა და პაკიაოს ბრძოლის შედეგს.

"კომიტეტი შეიკრიბება ხუთ ცნობილ საერთაშორისო არბიტრთან ერთად და შეაფასებს ბრძოლის ვიდეოჩანაწერს, - განაცხადა ვალკარსელმა. - ნანახიდან გამომდინარე, კომიტეტი წესების შესაბამისად შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ამასთან, მინდა დავაზუსტო, რომ ამ შემოწმებით ეჭვქვეშ არ ვაყენებთ პაკიაოსა და ბრედლის ბრძოლაზე მომუშავე მსაჯების კომპეტენციასა და პატიოსნებას".

* * *
ბევრს ლაპარაკობენ ბრედლისა და პაკიაოს შორის მატჩ-რევანშზე, რომელიც თითქოს გადაწყვეტილი ამბავი იყო. არუმმა ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ მოუწყობდა ფილიპინელს საპასუხო ბრძოლას, მაგრამ ახლა პრომოუტერი ამბობს, რომ რევანშის ჩატარება ნაკლებად სავარაუდო ვარიანტია.

არუმის თქმით, მას შეუძლია ბრედლი შეახვედროს სხვა საინტერესო მოკრივეებს, მათ შორის, ბრიტანელ ამირ ხანსა და ამერიკელ დენი გარსიას შორის გამარჯვებულს. ეს შეხვედრა ივლისში ჩატარდება.

"არ მინდა რევანშის მოწყობა, - ამბობს არუმი. - ბრძოლა ცალმხრივი იყო. ის რომ სწორად შეეფასებინათ, პაკიაო რაუნდებში 12:10-ს ან 9:3-ს მოიგებდა. ასეთ დროს რა აზრი აქვს რევანშს?"

მეივეზერი ბოლომდე იჯდება
"მეორე ნახევრად საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა ვერ მიიღო მოსამართლისგან ნაადრევად განთავისუფლების ნებართვა", - წერს ფრანგული გაზეთი "ეკიპი".

ამერიკელი მოკრივე იძულებული იქნება, სრულად გაატაროს ციხეში 90 დღე, რომელიც მას მეუღლის წინააღმდეგ ძალადობისთვის მიესაჯა.

საპყრობილეში მოხვედრის შემდეგ მეივეზერმა დაიჩივლა, რომ არ აქვს ვარჯიშისა და ფიზიკური ფორმის შენარჩუნების საშუალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული